
სანაკრებო პაუზის შემდეგ, ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებს დაუბრუნდნენ ქართველი ლეგიონერები და მორიგი ტურის მატჩებიც ჩაატარეს. რამდენიმე გამორჩეულ შეხვედრას აქვე გთავაზობთ.
საფრანგეთი
ნიკოლოზ კალანდაძემ გასვლით შეხვედრაში ხუთბურთიანი სხვაობით (30-25) მოუგო „დიუნკერკს". „პროვანს ექსის" ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე, წინა ტურებისგან განსხვავებით, მოკრძალებული სამი გოლი და ხუთი ასისტია.
საფრანგეთის სტარ ლიგის მე-9 წრეში „სესონ რენთან" დაძაბულ შეხვედრაში 34-32 გაიმარჯვა ერეკლე არსენაშვილმა და „ტრამბლემ". საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი ასისტია.
ხორვატია
„კარპატების თასის" გამოტოვების შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა „ზაგრების" ქართველი ლეგიონერი გიორგი ცხოვრებაძე. დედაქალაქელები „ჩაკოვეცის" ეწვივნენ და საკმაოდ იოლად - 40-26 გაიმარჯვეს. ცხოვრებაძე თანაგუნდელებს ხუთი გატანილი ბურთით დაეხმარა.
ისლანდია
გიორგი დიხამინჯიას „აკიურეირმა" ისლანდიის პრემიერლიგის მე-9 წრეში „სტიარანი" მიიღო და 36-31 დაამარცხა. შვიდი გატანილი ბურთით შედეგიანი იყო ქართველი ლეგიონერი. „აკიურეირი" სატურნირო ცხრილში 12 ქულით მესამე ადგილზეა.
პოლონეთი
მირიან გავაშელიშვილმა და „ოსტროვიამ" პოლონეთის სუპერლიგის მე-10 ტურში „აზოტ პულავისთან" გასვლით შეხვედრაში 36-32 მოიგეს. „ოსტროვიადან" შედეგიანობით საუკეთესო იყო ქართველი, რომელმაც 7 ბურთი გაიტანა და 11 ასისტი შეასრულა.
პოლონეთში წარუმატებელი ტური ჰქონდა საქართველოს ნაკრების მეკარე ზურაბ ცინცაძეს. მისი „ლეგიონოვო" საკუთარ მოედანზე 21-33 დამარცხდა. ცინცაძემ შვიდი სეივი შეასრულა.





ჩვენ







