ნოემბრის პირველი სპარინგი ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 5-0 მოიგო
ნოემბრის პირველი სპარინგი ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 5-0 მოიგო
09.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის მორიგი ფანჯარა გამოყენა და ამჯერად, ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. დღეს, ამ სპარინგის პირველი შეხვედრა ჩატარდა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში და ავთანდილ ასათიანის გუნდის გამარჯვებით, 5-0 დასრულდა.


„ვერ ვიტყვი, რომ ესტონეთის ნაკრები ლატვიის დონეა, მაგრამ მსგავსება არის. თამაშით ესენიც ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ. ვფიქრობ, რაღაცას მაინც დავიჭერთ, ჩვენ მწვრთნელები, როდესაც განვიხილავთ თამაშს", - ამბობს ავთანდილ ასათიანი მატჩის დასრულების შემდეგ და დასძენს,  „დიდი ხანი 1-0 იყო, უაზროდ წინ არ გავვარდით და ამ თამაშში სტაბილურობა დავიჭირეთ, მოგების გარდა. ძალიან სასიამოვნოა და ვფიქრობ, კარგად უნდა მოვემზადოთ კიდევ იანვრისთვის".


საქართველოს ნაკრებმა, ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით დაიწყო: თორნიკე ბუკია, შოთა თოფურია, გიორგი ჩიმაკაძე, ჯანიკო გიორგაია, არჩილ სებისკვერაძე. შეხვედრის ამ მონაკვეთშიც და ზოგადად, შეხვედრაშიც ბურთი ქართველთა გუნდმა გააკონტროლა და თუ არ ჩავთვლით პირველი ტაიმის შუაწელს, სადაც, სტუმართა გუნდი შეეცადა რამდენიმე მომენტში გაემწვავებინა. გოლი კი, 13'44'' წუთზე, საბა ტყეშელაშვილის გადაცემის შემდეგ, გიორგი ღავთაძემ გაიტანა, ულამაზესი და ძლიერი შორეული გასროლით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს ბევრი მომენტი ჰქონდა, ესტონელთა კარი, თითქოს მოჯადოებული იყო - ბურთი ან მილიმეტრების სცდებოდა კარს, ან პირდაპირ მეკარეს მისდიოდა ხელში.


სათადარიგო სკამი - მეკარეები: ბექა ტყემალაძე, ლუკა ხარშილაძე, წინა ხაზი: ირაკლი თოდუა, საბა ტყეშელაშვილი, ლევან სვანიძე, ნუკრი ჭუმბურიძე, ჯანო კვარაცხელია, ვახტანგ კეკელია, გიორგი ღავთაძე.


„კი მოვიგეთ 5-0 ,მაგრამ არ ასახავს ეს რეალობას. ძალიან ბევრი მომენტი გავაცუდეთ, რაზეც აუცილებლად სამუშაო გვექნება. საღამოს საჭიროა კარგი ანალიზი იმისთვის, რომ ამ ანგარიშმა, ხვალინდელ თამაშზე გავლენა არ იქონიოს და შეცდომაში არ შეგვიყვანოს. კარგია ისიც, რომ გოლი არ გავუშვით. ძალიან რთული თამაშები გველოდება იანვარში და სწორედ მაგას ემსახურება ყველა ეს თამაში", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.


რადგან კარის მშრალად შენახვას შეეხო ლაპარაკი, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეკარემ დღეს, ნაკრების მაისურით მე-100 შეხვედრა ჩაატარა. მატჩამდე, თორნიკე ბუკიას სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, 100-ნომრიანი მაისური გადასცა. მან კი, საიუბილეო მატჩში, კარი მშრალად შეინახა. თავის მხრივ, მე-100 (ათვლა 2016 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოს ფუტსალის ახალი ნაკრები შეიკრა) შეხვედრა ჩაატარა, დღევანდელი ფორმაციის ეროვნულმა ნაკრებმაც.


„ამ ფორმაციის ნაკრებისთვის მე-100 თამაში იყო და შესაბამისად, ასეთ თამაშში გამარჯვება კიდევ უფრო დიდ მუხტს გაძლევს მომავლისთვის. სამუშაო გვაქვს, ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა", - ამბობს ასათიანი, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში ფეხბურთელებს გასძახა, ის გაეკეთებინათ „გუშინ რაც იყო"-ო. ბუნებრივია, ჩვენც დაგვაინტერესა რა იყო გუშინ, მითუმეტეს, რომ სამართლიანი ეჭვი გაგვიჩნდა, გამომდინარე მომენტის განვითრებიდან, რომ ის სახვალიოდ გადაიდო.  


„ბოლო ვარჯიშზე, ვამუშავებდით ახალ სტანდარტულს. შესაბამისად, უცებ რომ ვერ გაიხსენეს, როგორ გაეთამაშებინათ, მე გავახსენე რომ გუშინდელი კომბინაცია გაეკეთებინათ", - ამბობს ასათიანი, რომლის გუნდმაც, მეორე ტაიმში კიდევ ოთხი გაიტანა, თუმცა, ალბათ, თავისუფლად შეიძლებოდა ანგარიში ორნიშნა ყოფილიყო.


მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 34'18" წუთზე, გიორგი ჩიმაკაძესთან უხეშობის გამო, სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა.  35'39" წუთზე კი, უკვე თავად ჩიმაკაძემ გაიტანა ვახტანგ კეკელიას გადაცემის შემდეგ. რეალურად ეს მომენტი, ამ შეხვედრაში გარდამტეხი გამოდგა - 37'41" გიორგი ღავთაძემ, ამჯერად საბა ტყეშელაშვილი გაიყვანა საგოლე პოზიციაზე და მანაც, ანგარიში ოთხამდე გაზარდა. შეხვედრაში წერტილი კი, მატჩის დასრულებამდე, 8 წამით ადრე, 39'52" წუთზე ლევან სვანიძემ დააფიქსირა.


საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს, ესტონეთის ნაკრებს კიდევ ერთხელ, ხვალ 10 ნოემბერს დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისი ოლიმპიურ სასახლეში, 17:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრისთვის, დასწრება თავისუფალია.



 ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი