
ნოემბრის სანაკრებო შესვენებამდე ბოლო ტურში თუ არ ჩავთვლით, თბილისში, პეტრო არენაზე გამართულ შეხვედრას, რომელშიც „გაგრა", ჩემპიონატის აუტსაიდერ „კოლხეთი 1913"-თან დამარცხდა და შესაბამისად, თავისტკივილი გაიმძაფრა, სხვა მატჩები ლოგიკურად დასრულდა. შესაბამისად, ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, სატურნირო ცხრილში არც არაფერი შეცვლილა.
ამ ტურის პირველი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა. „გარეჯმა", საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, „დინამო თბილისს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ თამაში თბილისელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით, 0-1 წააგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი კი, 72-ე წუთზე ირაკლი სირაძის გადაცემის შემდეგ, ლუკა ლაცაბიძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეორე ტურია, დინამოელთათვის გოლები, კლუბის აკადემიის აღზრდილებს გააქვთ და ამჯერად, ლაცაბიძის გოლი აღმოჩნდა ფეხბურთელისთვის სადებიუტო ეროვნულ ლიგაში. ეროვნული ლიგის დასრულებამდე, ოთხი ტურით ადრე, „დინამო თბილისი" 55 ქულით, მესამე ადგილზეა.
ამავე დღეს, „გაგრა", „კოლხეთი 1913"-თან დამარცხდა 1-3. პეტრო არენაზე, ანგარიში ანდრია ბართიშვილის გადაცემით, მე-7 წუთზე სანდრო ავალიანმა გაიტანა. მეორე ტაიმში, 61-ე წუთზე, ნიკა კაპანაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. 85-ე წუთზე კი, სანდრო ავალიანმა, მასპინძლების კარი მესამედ აიღო. გაგრელთაგან პრესტიჟის გოლი, დათუნა გოცირიძის გადაცემით, ვანდერსონ სილვამ გაიტანა. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ბარათების მოყვარულ მსაჯს, ამ შეხვედრაში არც ერთი ბარათი უჩვენებია. სატურნირო მდგომარეობის მხრივ კი, „კოლხეთი 1913"-ს სასწაული თუ უშველის გადათამაშების ზონაში, რომ მოხვდეს. რაც შეეხება „გაგრას", როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მარცხით, მან თავის ტკივილი გაიძლიერა, რამეთუ გადასათამაშებელ ზონას მხოლოდ, 4 ქულა აშორებს.
მე-7 წუთზე გაიხსნა ანგარიში თელავშიც, კავკასიონ არენაზე, სადაც გორის „დილამ", ადგილობრივი „თელავი" 0-2 დაამარცხა. გოლი კი, არუნა უატარამ გაიტანა. როგორც ჩანს, მასპინძლები ასეთ დასაწყისს, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს და ყველაზე სტაბილურ გუნდს ეთამაშებოდნენ, არ ელოდნენ. შესაბამისად, ვალერი გაგუას გუნდს, გონზე მოსვლა მოუხდა. 74-ე წუთზე კი, ბლანკსონ ანოფიმ კიდევ ერთხელ აიღო კახელთა კარი და „დილა" მნიშვნელოვან გამარჯვებასთან მიაახლოვა. 68 ქულით „დილა" ცხრილის მეორე ადგილზეა, „თელავი" კი, 29 ქულით, გადათამაშების ზონაშია.
მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, თბილისში, მიხეილ მესხზე, „იბერია 1999"-მა გიზი მამაგეიშვილის გადაცემის შემდეგ, ამირან ძაგანიამ გახსნა 52-ე წუთზე ანგარიში. რეალურად, „სამგურალთან" შეხვედრაში, მასპინძლებს, უფრო მეტი შანსი ჰქონდათ, თუმცა, სტუმართა გუნდის მეკარე, ნოდარ ყალიჩავა მოწოდების სიმაღლეზე იდგა. რამდენიმე მომენტში, თავი, გიორგი მაკარიძემაც გამოიჩინა. მატჩის ბოლო წუთებში, სტუმრები გააქტიურდნენ, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროც საკმარისი იყო, თუმცა, „სამგურალმა" და მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთმა გოლეადორმა, გიორგი ფანცულაიამ (15 გატანილი გოლი) ქულის გადარჩენა ვერ მოახერხეს. გოლი კი, ბოლო კომპენსირებულ წუთზე, მათ კარში არმელ ზოურიმ გაიტანა. თბილისელებმა 2-0 მოიგეს. „იბერია 1999" სატურნირო ცხრილის სათავეშია და ახლოსაა შეინარჩუნოს ტიტული. „სამგურალს" კი, დარჩენილ ტურებში გარჯა მოუწევს, რათა გადასათამაშებელ ზონაში არ აღმოჩნდეს.
ალბათ, სეზონის დასაწყისში რომ ვინმეს ეთქვა, თუნდაც „ტორპედოსთან", ბათუმის „დინამო" 5-1 განადგურდებოდა, ცოტა თუ დაიჯერებდა. თუმცა, რამაზ შენგელიას არენაზე, მე-9 წუთზე ბიორნ იონსენის შოუ მსაჯის სასტვენთან ერთად დასრულდა. საბოლოოდ, ნორვეგიელმა პოკერი (9', 27'-პ, 45'+1-პ, 68') შეასრულა და ბომბარდირთა დავაში, 16 გატანილი გოლით, გიორგი ფანცულაიას გადაასწრო. ამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანეს ბათუმელებმაც, თუმცა, პირველი, მე-15 წუთზე ლუკა ქაფიანიძემ საკუთრ კარში ჩაჭრა. 32-ე წუთზე კი, როდესაც ანგარიში უკვე 3-0 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ, ლუკა წულუკიძემ, პენალტი გაიტანა. პირველი ტაიმი, 4-1 დასრულდა ქუთათურთა გამარჯვებით. სანაკრებო შესვენების წინ „ტორპედო" 53 ქულით მესამე ადგილზეა. ბათუმელები კი, 37 ქულით, „გაგრას" მსგავსად, გადასათამაშებელ ზონასთან 4 ქულით უკეთესად.
ეროვნული ლიგა სანაკრებო შესვენების შემდეგ, 21 ნოემბერს განახლდება.
სატურნირო ცხრილი
ფოტო: „იბერია 1999"





ჩვენ







