ქალთა ლიგის ზედა ჯგუფი 17 ნოემბერს დახურავს სეზონს, ქვედა ჯგუფში კი, ორი ტური რჩება
ქალთა ლიგის ზედა ჯგუფი 17 ნოემბერს დახურავს სეზონს, ქვედა ჯგუფში კი, ორი ტური რჩება
08.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


სანაკრებო შესვენების შემდეგ, ქალთა ლიგის 2025 წლის სეზონი დასკვნით ფაზაში შევიდა. 7 და 8 ნოემბერს ქალთა ლიგის ზედა და ქვედა ჯგუფების, შესაბამისად მე-5 და მე-8 ტური გაიმართა.


ზედა ჯგუფში, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის გამარჯვებულის ვინაობა უკვე ცნობილია, ლანჩხუთში, ევფრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა, ადგილობრივ „ლანჩხუთსა" და 2025 წლის სეზონის გამარჯვებულ „ნიკე-ლუსოს" შორის, მიანც საზოგადოებრივ ინტერესს იწვევდა. მიმდინარე გათამაშებაში, დღევანდელის ჩათვლით გუნდები ოთხჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, სამი კი, „ნიკე-ლუსოს" გამარჯვებით. დღესაც, ქალთა ლიგის ეგიდით, ამ გუნდების წლის ბოლო დაპირისპირებაში (ვინაიდან არაა გამორიცხული, გუნდები სათასო შეხვედრაში კვლავ გადაეყარონ ერთმანეთს), „ნიკე-ლუსომ" მოახერხა მთელი თამაშის მანძილზე ბურთის გაკონტროლება, თუმცა, მასპინძლები მწვავედ იკბინებოდნენ. 37-ე წუთზე კი, ანგარიშის გახსნა, სწორედ მათ შეეძლოთ, შანსი კამარგომ გაუშვა. პირველ ტაიმში, ლანჩხუთელთა მხრიდან დაცვის ხაზის მოთამაშეებს, ნინო ჩხარტიშვილსა და ნინო გუჯაბიძეს გამოვარჩევდით, კარგი მონაკვეთი ჰქონდა ანანო წიქარიძესაც. ამ მხრივ, მეორე ტაიმში ეთერ სულაშვილი უფრო აქტიურობდა. რაც შეეხება სტუმართა გუნდიდან, ნინო ბუხრიკიძე იყო გამორჩეული. პირველი ტაიმი მშრალად, 0-0 დასრულდა. მეორე ტაიმის სტარტზე კი, 50-ე წუთზე, ცენტრიდან სანტოსის ზუსტი გადაცემის შემდეგ, ნინო ბუხრიკიძეს არ გასჭირვებია ლანჩხუთელთა მეკარის მოტყუება და ბურთის კარში გადაგზავნა. ამ მომენტიდან მალევე, 54-ე წუთზე, ლანჩხუთელებმა, საკუთარ საჯარიმოში დაარღვიეს და მათ კარშიც პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა შეცვლაზე შემოსულმა თეონა ბაქრაძემ. ანგარიში 0-2 გახდა, ბაქრაძისთვის კი, ეს გოლი მიმდინარე ჩემპიონატში რიგით, 37-ე არის. 79-ე წუთზე, ანგარიშის შემცირების კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, მასპინძელთა შორის შეცვლაზე შემოსულ ანა წულაიას, რომელიც დღეს, იუბილარიც იყო, თუმცა, თბილისელთა კარი ხარიხამ იხსნა. ისევე, როგორც ამ გუნდების 2025 წლის ყველა შეხვედრაში, „ლანჩხუთმა", მაინც მოახერხა გოლის გატანა. ამჯერად ეს, შეცვლაზე შემოსულმა ლელუ ჭიჭინაძემ გააკეთა და შეხვედრისთვის, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა. მატჩი, „ნიკე-ლუსოს" გამარჯვებით, 1-2 დასრულდა. ქალთა ლიგის გათამაშების ფინიშამდე, 1 ტურით ადრე, თბილისური კლუბი ერთადერთია, რომელიც სეზონს დაუმარცხებლად ასრულებს.


ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა, თბილისში, სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. თბილისურ დერბიში, „კვარტალმა", „ელიტა" 4-1 დაამარცხა. შეხვედრაში კი, ანგარიში სტუმრების სწრაფი გოლით გაიხსნა. პირველივე წუთზე, გამოცდილმა ლანა გორგაძემ „კვარტალს" გაუტანა და „ელიტა" დააწინაურა, თუმცა, მე-17 წუთზე, ნინი ბერიძემ ანგარიში გაქვითა. 27-ე წუთზე კი, ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთმა ვეტერანმა ნინო პასიკაშვილმა „კვარტალი" დააწინაურა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2-1 მოიგეს. მეორე ტაიმში კი, აქტივში კიდევ ორი გოლი ჩაიწერეს - 59-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლოლიტა გოგუაძემ გაიტანა, შეხვედრის ბოლო ათწუთეულში, 81-ე წუთზე კი, მარიამ გასანოვამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქალთა ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, „კვარტალს" 10 ქულა და რეალურად განაღდებული ბრინჯაოს მედლები აქვს.


ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფში მე-8 ტურის მხოლოდ, ორი შეხვედრა გაიმართა. საქმე ისაა, რომ „სამეგრელომ", კლუბში არსებული პრობლემების გამო, ჩემპიონატზე ასპარეზობა შეწყვიტა, შესაბამისად, ამ ტურში, მის მეტოქეს, „ნორჩ დინამოს" ტექნიკური მოგება და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაეწერა.


ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე, „რაჭა 2020"-მა თბილისის „ვერეს" უმასპინძლა და 3-2 დაამარცხა. ქალთა ლიგის გოლეადორმა კესო მეტონიძემ, რომელიც სანაკრებო შესვენების შემდეგ, მშობლიურ გუნდს, „რაჭა 2020"-ს დაუბრუნდა, დუბლი შეასრულა  და 2025 წლის სეზონზე გატანილი გოლების რაოდენობა, 48-მდე გაზარდა. მასპინძელთაგან ერთი გოლი მართა მეტრეველის ანგარიშზეა. გოლების ათვლა კი, ამ შეხვედრაში მასპინძლებმა გახსნეს, რასაც „ვერემ" პირველ ტაიმში ორი გოლით უპასუხა, ჯერ, სესილი გაბრელიანმა გაათანაბრა, შემდეგ კი, ეკა ხარაიშვილმა დააწინაურა სტუმრები და ეს მონაკვეთი, 1-2 მოიგო. მეორე ტაიმში კი, მასპინძლებმა მოახერხეს ჯერ გათანაბრება და ბოლოს, კესო მეტონიძის გულით, 3 ქულის მოპოვებაც.


ამ ჯგუფის ბოლო შეხვედრა, 8 ნოემბერს, ანგისაზე ჩატარდა. „ბათუმმა", ქუთაისის „მართვეს" უმასპინძლა და 5-0 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ყველა გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. ანგარიში, აჭარული გუნდის გოლეადორმა თათია შაინიძემ მე-5 წუთზე გახსნა. მალევე, მე-14 წუთზე, ბათუმელთა კიდევ ერთმა გამოცდილმა მოთამაშემ, დარია სელიმბამ ანგარიში ორამდე გაზარდა. მესამე გოლი ელენე ბოლქვაძეზე მოდის, რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი (19', 36') შეასრულა. კიდევ ერთი გოლი, ქეთევან ჭუკრვეიძის (35') ანგარიშზეა. ქვედა ჯგუფის გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „ბათუმი" 43 ქულით, ქვედა ექვსეულს სათავეში უდგას.


და ბოლოს გეტყვით, რომ ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფის ბოლოს წინა მე-9 ტური 15 ნოემბერს არის ჩანიშნული. რაც შეეხება ქალთა ლიგის ზედა ჯგუფის ბოლო ტურს, ის 17 ნოემბერს გაიმართება.

 


ფოტო: „ნიკე-ლუსო" / მარიამ რევიშვილი