სტაბილურობის ძიებაში მყოფ საქართველოს ნაკრებს ნოემბერში კიდევ ერთი გამოცდა უწევს
სტაბილურობის ძიებაში მყოფ საქართველოს ნაკრებს ნოემბერში კიდევ ერთი გამოცდა უწევს
07.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლისა და სფფ-ის ვიცე პრეზიდენტის ალექსანდრე იაშვილის ტრადიციული, სანაკრებოს შეკრების წინა, შეხვედრა გაიმართა ქართულ მედიასთან. წარუმატებელი ოქტომბრის შემდეგ, რომელიც ალბათ, ყველას გვინდა მალე დავივიწყოთ, გულშემატკივართა და მედიის ერთი ნაწილისთვის აქტუალური თემა გახდა, ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლის ჩანაცვლების თაობაზე ლაპარაკი, რის შესახებაც დღეს, თავად ვილისაც ჰკითხეს. თუმცა, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, საკითხზე კომენტარი „იაშკას" დაუთმო.  


„ხელშეკრულებაზე მეტად მნიშვნელოვანია ურთიერთობა, ის თუ როგორ მუშაობს გუნდთან, როგორ მუშაობს სტაფთან. ერთად კარგა ხანია ვმუშაობთ და დიდ წარმატებას მივაღწიეთ. მარცხიც და რთული თამაშებიც ფეხბურთის ნაწილია. მთავარია, სწორი ანალიზი და დასკვნების გამოტანა. ორივე სტაფიც და ფედერაციაც დარწმუნებული ვართ, რომ ვილი არის საუკეთესო მწვრთნელი ჩვენი ნაკრებისთვის და ამ რთულ პერიოდსაც, ერთად გადავლახავთ. ვილი სანიოლი არის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი და ასე იქნება უახლოეს მომავალშიც", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.


სიტყვა „მომავალს" კი, თავად სანიოლმა რამდენჯერმე გაუსვა დღევანდელი პრეს-კონფერენციისას ხაზი.


„ჩვენ რომ ჯგუფიდან გავიდეთ, უნდა მოვიგოთ ორი თამაში და თურქეთმა წააგოს ორი. კარგი სცენარია, მაგრამ ასე ვერ დავგეგმავთ. ზოგჯერ, უკეთესია იყო რთულ სიტუაციაში, რადგან როცა ხშირად ხვდები რთულ ვითარებაში, იწყებ ბევრ ფიქრს, რომ დაინახო შეცდომები და დაინახო ხარისხი. ჩვენთვის ამ ეტაპზე, სხვადასხვა სცენარზე ფიქრი, არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა მომავლისთვის კარგ გუნდად ჩამოვყალიბდეთ. როდესაც რაღაც არ გამოგდის კარგად, არ ნიშნავს რომ შეჩერდე. პირიქით, უნდა განვითარდე. ამ ეტაპზე გუნდის შენების ფაზაში ვართ, უფრო მომავალზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. როდესაც გუნდში მოვედი, 3-მცველიან სქემაზე მუშაობა დავიწყე, მჯეროდა, რომ ეს იმუშავებდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტაქტიკით ნიდერლანდებთან პირველი მატჩი 0-3 წავაგეთ. როდესაც გინდა რაღაცის რადიკალურად შეცვლა, ამას დროს სჭირდება. მაგალითია ლუის ენრიკე - როდესაც დაწყო პსჟ-ში გუნდის კეთება, ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა და ეს დაახლოებით წელი გაგრძელდა. ხალხი გუნდიდან მის წასვლას ითხოვდა, მაგრამ ახლა როგორი შედეგები აქვს? ამიტომ, მომავალი ძლიერი გუნდისთვის ახლა უნდა დავიწყოთ მზადება", - ამბობს სანიოლი.


საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ გაურბის პასუხისმგებლობას და ამიტომ ახლაც, მედიასთან შეხვედრაზე, ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილებაზე, მათ შორის არასწორზე, პასუხისმგებელია მთავარი მწვრთნელი. მედიის ნაწილის აზრით, ოქტომბრის წარუმატებელი თამაშებისას, ჩვენი სუსტი  წერტილის, „სტანდარტულების" ჭრილშიც, პასუხისმგებლობას ვილი იღებს და იქვე განმარტავს, რომ „სტანდარტული მდგომარეობებისთვის ცალკე მწვრთნელი, რა თქმა უნდა, გვჭირდება, მაგრამ თუ შევედრებით პრემიერლიგის გუნდებს, რომელთა ბიუჯეტი 600 მილიონია, ცოტა რთული იქნება შედარების გაკეთებაო.


საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კიდევ ერთხელ შეეცადა დღეს, ჩვენთვის, ქართული მედიისთვის აეხსნა, თუ როგორ  ჩავიკარგეთ ევროპის ჩემპიონატის ეიფორიაში. სხვათა შორის, სანიოლი ამ მცირე დეტალს, ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის ბოლო პრეს-კონფერენციიდან მოყოლებული უსვამს ხაზს - მთავარია, ამ წარმატებიდან როგორ გამოვალთო... ეს 2024 წლის ზაფხულში აქვს სანიოლს ნათქვამი. ჰოდა, ჩვენ თუ გვკითხავთ, სამწუხაროდ, ვერ გამოვედით - სადღაც ავიბლანდეთ...


„ევროპის ჩემპიონატზე იყო საქართველოს ნაკრების თამაშის მაღალი ხარისხის იყო. ჩვენ შევეჯახეთ იმ სიტუაციას, რომ კარგი პერიოდის მერე გვაქვს ცოტა პრობლემა. ამას მოველოდით. როდესაც უყურებ ზოგიერთ გუნდს ევროპაში, მაგალითად საფრანგეთის გუნდი, ესპანეთი, თურქეთი, ჰყავთ ცენტრალური მცველები, რომლებიც წლების ერთად თამაშობენ. 3-4 წლის მანძილზე. ამ დროს რა ხდება ჩვენთან - გვაქვს კლებ, წავიდნენ ხოჭოლავა, კვერკელია, გველესიანი, კაშიასაც წლები ემატება... რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ სტაბილურობა ვიპოვოთ. მოდიან „ლოჩო", გოგლიჩიძე ცენტრალურ პოზიციაზე. არის ნარიმანიძე, რომელიც მინდა ვნახო მომავალში და მომავალი კი, იგეგმება დიდი ხნით ადრე. რა თქმა უნდა, როდესაც ხდება პრიორიტეტის განსაზღვრა, ყველასთან გვაქვს ხოლმე მოლაპარაკება ფედერაციაში. ყოფილა, რომ ხშირად პრიორიტეტს ვაძლევდი მეორე გუნდს, მაგრამ ახლა მომავალი ერთა ლიგისთვის და ევრო კვალიფიკაციისთვის მნიშნელოვანი მოსამზადებელი პერიოდია და ახლა უნდა ვიფიქროთ და არა სექტემბერში. 21-წლამდე ნაკრებს აქვს მნიშვნელოვანი თამაშები, მაგრამ ახლა ამ ნაკრების კომპლექტაცია უფრო მნიშვნელოვანია. სიგუა ნორვეგიასთან თამაშის დროს შემოგვიერთდა, მას ჰქონდა ტრავმული პერიოდი, მაგრამ ის კარგად თამაშობს  ახდა კარი ღიაა. ახლა, თავად უნდა გვანახოს, რომ ახლა არის უფრო სხვა დონეზე, ვიდრე ადრე იყო", - ამბობს სანიოლი.


სხვათა შორის, ჩვენ  გაბრიელ სიგუას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ალექსანდრე იაშვილს შევეკითხეთ, რადგან ქართველმა ბოლო სამი შეხვედრა, მათ შორის გუშინდელიც, უეფა-ს კონფერენს ლიგისა გამოტოვა. ამას გარდა, ფეხბურთელმაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ კარგად იყოს, სწორედ იმ მომენტში მოგვწერა, როდესაც, „იაშკა" უკვე ჩვენს დასმულ კითხვას პასუხობდა:


მთავარი მწვრთნელი გაბრიელ სიგუას მწვრთნელს ელაპარაკა. ვიცით, რომ ბევრი პრობლემა ჰქონდა ტრავმასთან დაკავშირებით, მათ შორის ბოლო შეხვედრაშიც ვერ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მწვრთნელთან კომუნიკაციის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ის ნაკრებში ჩამოსასვლელად მზად იქნება", - ამბობს იაშვილი.


მარცხნივ, „მარჯვენა ფეხიანი", რომელიც უკეთესია თუ, სტანდარტულად როგორც ხდება - ეს ბლიც-დისკუსია, ვილისა და ჟურნალისტს შორის საბოლოოდ, შეთანხმებამდე მივიდა, რომ ის ჯობს, რაც უკეთესიაო. მთავარი „გმირი" კი, გიორგი გოჩოლეიშვილი იყო, რომლითაც ვილი, კმაყოფილია.


„გოჩოლეიშვილმა ბუნდესლიგაში ძალიან კარგი თამაშები ჩაატარა. მარჯვენა მცველია, მაგრამ მარცხნივაც კარგად თამაში შეუძლია, არანაკლებ, ვიდრე მემარცხენე ფეხბურთელებს. ამიტომაც, ვიყენებთ მარცხენა ფლანგზე, რადგან გვინდა, რომ სათამაშო დრო მივცეთ. გირჩევნიათ, მარცხნივ კარგმა მემარჯვენემ ითამაშოს თუ ცუდმა ცაციამ? მე კარგი ფეხბურთელებით თამაში მირჩევნია. არ ვამბობ, რომ სხვები ცუდი ფეხბურთელები არიან, მე გოჩოლეიშვილზე ვსაუბრობ. ცხადია, უკეთესი იქნება მარცხნივ ცაციამ ითამაშოს, თუმცა ბურთთან პირველი შეხება ახლა ჩვენი პრიორიტეტი არ არის, ჩვენ კარგი დაცვა ხელახლა უნდა ავაშენოთ. თუ თავს კარგად იცავ, კარგადაც უტევ, თუ თავს ვერ იცავ - ვერ უტევ. შესაძლოა, გყავდეს საუკეთესო პირველი შეხების მქონე ფეხბურთელები, მაგრამ თუ ყოველთვის, როცა მარცხნივ ცაციას აყენებ, ის ვერ გიცავს ჩაწოდებებისგან, სტანდარტულებზე, დუელებს აგებს, მაშინ მის თამაშს აზრი არ აქვს", - ამბობს სანიოლი.


და ალბათ, დღევანდელი შეხვედრის დასასრულისკენ უნდა გავიდეთ, რომელმაც აზაროვის გვარის ხსენების გარეშე მაინც ვერ ჩაიარა. მითუმეტეს, რომ ირაკლი, გუშინ, კონფერენს ლიგაზე კარგი მატჩი ჩაატარა და ზოგადად, სადაც ბოლო თამაშებში ქართველი გამოჩნდა, „შახტარის" შემადგენლობა გვაქვს მხედველობაში, ის, ყველგან კარგად გამოიყურებოდა.


„ირაკლი აზაროვმა კონფერენსლიგაზე მას შემდეგ ითამაშა, რაც ჩვენი განაცხადი გამოქვეყნდა. „შახტარში" ხშირად სათადარიგო სკამზეა და საშუალოდ, თვეში ერთი სრული მატჩის ჩატარებაც არ უწევს და ამიტომაც, არ არის განაცხადში. რაც შეეხება დვალს, მან ბოლო მატჩები მაღალ დონეზე ვერ ჩაატარა და როდესაც ეს ვუთხარი, კარგი რეაქცია არ ჰქონია. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ დაბრუნდება ნაკრებში, პირიქით, ეს არის მესიჯი, რომ უფრო მეტი იმუშაოს. მე ის ძალიან მიყვარს და ვაფასებ, როგორც ფეხბურთელს, გამოცდილი და კარგი ფეხბურთელია. საბერძნეთთან საუკეთესო იყო და ევროპის ჩემპიონატზეც საკმაოდ კარგად ითამაშა. თუმცა, ის ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვერ ბრუნდება იმ ფორმაში, რომელშიც იყო. ლაშას შეუძლია, რომ იმუშაოს და ნაკრებში დაბრუნდეს",  - ამბობს სანიოლი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში 10 ნოემბრიდან შეიკრიბება. 15 ნოემბერს კი, ჩვენი გუნდი, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 კალენდარულ მატჩში, „დინამო არენაზე" ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს.