ოთხი ახალწვეულით, სვანაძის გუნდი ახალი შესარჩევი ციკლის მნიშვნელოვანი თამაშებისთვის 10 ნოემბერს შეიკრიბება
ოთხი ახალწვეულით, სვანაძის გუნდი ახალი შესარჩევი ციკლის მნიშვნელოვანი თამაშებისთვის 10 ნოემბერს შეიკრიბება
07.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

10 ნოემბერს თბილისში შეიკრიბება და 11 ნოემბერს გამთენიისას საბერძნეთში ჩავა საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, რომელიც მოგვიანებით, 14 ნოემბერს, ათენის Leoforos-ის სტადიონზე საბერძნეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. რამაზ სვანაძის გუნდი, ნოემბრის თამაშებს, რომლებიც რეალურად დიდ როლს ითამაშებენ, ჩვენს ჯგუფში, საბოლოოდ ადგილების გადანაწილების თვალსაზრისით, გადახალისებული შემადგენლობით ხვდება. გამომდინარე იქიდან, რომ წინა შეკრების დროს ქართველთა მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი გუნდი, ოპტიმალური შემადგენლობის ძიების პროცესში იყო, სულაც არ გაგვკვირვებია, ნოემბრის შეკრების დროს სვანაძის რაზმში ოთხი ახალი სახის გამოჩენა. მით უმეტეს, რომ ფეხბურთელებმა ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის თამაშებში შეკრებიდან შეკრებამდე თავის გამოჩენა მოახერხეს.


ახალწვეულთა შორის არიან „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილები მეკარე, პაპუნა ბერუაშვილი, რომელიც ამჟამად „რუსთავის" ღირსებას იცავს; გიორგი გვასალია, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ძირითად შემადგენლობაში და ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლიც გაიტანა და დიმა ღურწკაია, რომელიც ამჟამად, „მეშახტის" ღირსებას იცავს. მათ გარდა, სვანაძის გუნდის კიდევ ერთი დებიუტანტი, ოთარ ჩოჩიაა, რომელიც „გაგრას" წარმოადგენს.


საერთო ჯამში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 23 ფეხბურთელს უხმო:


მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"), საბა ქაჯაია („რეალ მურსია", ესპანეთი), პაპუნა ბერუაშვილი („რუსთავი"); მცველები: ჟორჟე ქარსელაძე („აკადემიკა კოიმბრა", პორტუგალია), დავით ბუკია („ლოკომოტივი" თბილისი), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი"), ოთარ ჩოჩია („გაგრა"), გიორგი გვასალია („დინამო თბილისი"), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი 1913", ფოთი), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი ტაბატაძე („ვაილე", დანია);  ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე", იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია 1999"), გიორგი ხარებავა („კოლხეთი 1913", ფოთი), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი"), ირაკლი იეგოიანი („ექსელსიორი", ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე („დინამო ბათუმი"), ალეკო ბასილაძე („ტორპედო" ქუთაისი), გურამ ჯაფარიძე („დინამო" ბათუმი); თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტერმალიკა" ნეცეჩა, პოლონეთი), დავით გოცირიძე („გაგრა"), ლუკა პარკაძე („ზალცბურგის აუსტრია", ავსტრია), დიმიტრი ღურწკაია („მეშახტე", ტყიბული).


როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, რამაზ სვანაძის გუნდი, რომელიც ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის F ჯგუფში, პირველი სამი ტურის შემდეგ, მესამე ადგილზეა, მთავარ კონკურენტებს, ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, სწორედ, ნოემბრის სათამაშო ფანჯრის დროს დაუპირისპირდება.


საბერძნეთიდან, ქართველთა ნაკრები თბილისში გამოემგზავრება და 18 ნოემბერს, უკვე აქ, მიხეილ მესხის სტადიონზე ჯგუფის ლიდერს, გერმანიის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება.