ქართული ლეგიონის ევროპული ტური სანაკრებო შეკრებამდე არც თუ ურიგო გამოდგა
ქართული ლეგიონის ევროპული ტური სანაკრებო შეკრებამდე არც თუ ურიგო გამოდგა
07.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს უეფა-ს ორ ევროტურნირზე ექვსი ქართველი ლეგიონერის ექვსი გუნდი მონაწილეობდა, თუმცა, ქართველებმა მხოლოდ, ოთხ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ამიტომ, თავდაპირველად, იმ გუნდების შესახებ, რომელთა შემადგენლობაშიც დღეს ქართული გვარები არ იყო.


უეფა-ს ევროპა ლიგის მე-4 სათამაშო ტურში, საბერძნეთის „პაოკმა" საკუთარ მოედანზე 4-0 მოუგო „იანგ ბოიზს". ქართველი მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის გუნდი, 4 ტურის შემდეგ, 7 ქულით, მე-10 ადგილზეა. რაც შეეხება ქართველს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორე მეკარე შემადგენლობაში არ იყო.


არ ყოფილა გუნდის შემადგენლობაში არ გაბრიელ სიგუა, რომლის „ლოზანა სპორტმაც" დღეს, უეფა-ს კონფერენს ლიგის მე-3 ტურში საშინაო შეხვედრაში ფრედ, 1-1 ითამაშა კვიპროსის „ომონიასთან". ქართველს, რომელიც ნოემბრის სანაკრებო თამაშებისთვის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, 26 ოქტომბრის შემდეგ, არ უთამაშია, თუმცა, ფეხბურთელის გვარის გასწვრივ არსად არ არის მინიშნებული მის შესაძლო ტრავმაზე. სიგუას გუნდი, 7 ქულით, ცხრილის მე-5 საფეხურზეა.


ახლა კი, მათ შესახებ, ვინც დღეს მინდორზე იყვნენ: ფრედ, 0-0 ითამაშა ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა" უეფა-ს ევროპა ლიგის მე-4 ტურში „ნოტინგემ ფორესტთან". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და პირველ ტაიმში, გოლის გატანის შესაძლებლობაც ჰქონდა. „კიტემ", ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით საკმაოდ კარგად გაართვა თავი და კარგი შეფასებაც დაიმსახურა, თუმცა, ქართველი, 57-ე წუთზე შეცვალეს.


დიდი უპირატესობით, თუმცა, მხოლოდ 2-0 მოიგო ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა". ისლანდიის „ბრეიდაბლიკის" წინააღმდეგ, უეფა-ს კონფერენს ლიგის მესამე ტურში, ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. აზაროვმა, საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა და მაღალი შეფასებაც მიიღო. სამი ტურის შემდეგ, „შახტარს" 6 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა.  


4 ქულით, მე-20 ადგილზეა რუმინული „უნივერსიტატია კრაიოვა", რომელშიც შეგახსენებთ, ჩენი ეროვნული ნაკრების წევრი, ანრი მექვაბიშვილი თამაშობს. ქართველის გუნდმა, დღეს, გასვლით შეხვედრაში, ვენის „რაპიდი" 0-1 დაამარცხა. „მექვაბამ", სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 80 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ პირველივე ტაიმში, მე-20 წუთზე, რუმინული გუნდი კაცნაკლული დარჩა. თუმცა, მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში გოლის გატანაც მოახეხა და ანგარიშის შენარჩუნებაც.


ფინურ „კუპსთან" დამარცხდა გურამ კაშიას „სლოვანი". ბრატისლავურმა გუნდმა გოლი მე-3 წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმის მოგებასთანაც ახლოს იყო, თუმცა, მასპინძლებმა 41-ე წუთზე გაათანაბრეს. მეორე ტაიმის სტარტზე კი, დაწინაურდნენ კიდეც. საბოლოოდ, ქართველის გუნდმა 3-1 წააგო, რაც შეეხება „კაშოს", ქართველი გუნდს კვლავ კაპიტნის სამკლაურით გამოუძღვა, თუმცა, ის 73-ე წუთზე შეცვალეს. „სლოვანი", უეფა-ს კონფერენს ლიგის გათამაშებაში, ამ მომენტში 34-ე ადგილზეა.


აქვე, შეგახსენებთ რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები და ზემოთხსენებული ფეხბურთელები, ირაკლი აზაროვის გამოკლებით, 10 ნოემბრიდან ესპანეთისა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ სათამაშოდ, მოსამზადებლად შეიკრიბებიან.