სოხუმის „დინამო“ 2026 წლის სეზონში კვლავ ძლიერთა შორის ბრუნდება
სოხუმის „დინამო“ 2026 წლის სეზონში კვლავ ძლიერთა შორის ბრუნდება
06.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ორ ტურში ქალთა ლიგის 2025 წლის სეზონი დასრულდება. მიუხედავად ამისა, უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ჩემპიონი და შესაბამისად, 2026-2027 წლების სეზონზე ევროტურნირების მონაწილე საქართველოდან თბილისური „ნიკე-ლუსო" არის. აი, ქალთა ლიგა 2-დან კი, მიუხედავად თეორიული შანსებისა, რომ კლუბმა ორივე შეხვედრა წააგოს, მეორე ადგილზე მყოფმა გუნდმა კი, მოიგოს და რაიმე შეიცვალოს, პრაქტიკულად გამორიცხულია, ვინაიდან „სოხუმის დინამო", ქალთა ლიგა 2-ში, მთელი სეზონის მანძილზე, საკმაოდ სტაბილურად და კარგად გამოიყურებოდა. ასე, რომ სოხუმის დინამოელები ძლიერთა შორის ბრუნდებიან და ქალთა ლიგის დებულებიდან გამომდინარე, პირდაპირი წესით გაუცვლიან ადგილს „ნორჩ დინამოს", რომელსაც ძლიერთა ლიგაში, წელს ქულა არ აუღია. აქვე, ვიდრე „ყოვლისმცოდნე" მკითხველი გუნდის ანდა სულაც, ქალთა ფეხბურთის „აკრძალვას" მოითხოვს გეტყვით, რომ ამ სეზონში „ნორჩი დინამოს" ხელმძღვანელებმა აქცენტი ახალგაზრდა თაობაზე გააკეთეს, რომლებიც რეალურად ფეხბურთის თამაშს ახლა იწყებენ, ასე რომ ამ მხრივ, გუნდის შედეგს ახსნა აქვს.


ძლიერთა შორის მოხვედრის, უფრო სწორად, დაბრუნების შანსი აქვს „თეთრიწყაროსაც", რომელიც ქალთა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის პირველადგილოსანს, მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. თუმცა, ქალთა ლიგაში გადმოსასვლელად, გუნდს ფლეი-ოფის თამაში მოუწევს ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფის მეხუთე ადგილოსანთან. ორი ტურით ადრე კი, ეს გუნდი „სამეგრელია". თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ჩხოროწყუს წარმომადგენლები ქალთა ლიგის გათამაშებას „ჩაეხსნენ", შესაბამისად, დარჩენილ თამაშებში, მათ მოწინააღმდეგეებს ტექნიკური მოგებები ჩაეთვლებათ. სხვათა შორის, ამ მოცემულებიდან გამომდინარე, პირველ და თანაც სამ ქულას მიიღებს „ნორჩი დინამო", რომელსაც 8 ნოემბერს უწევდა ქვედა ჯგუფის თამაში „სამეგრელოსთან". მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე უცნობია, „თეთრიწყარო" პირდაპირ ამოვა ქალთა ლიგაში თუ არა. ამიტომ არ ვიმარჩიელებთ და არც მოვლენებს გავუსწრებთ წინ და დაველოდებით განვითარებას.


„სამეგრელომდე", ოქტომბერში გათამაშებას ქალთა ლიგა 2-ის წარმომადგენელი, „ზარზმა" გამოეთიშა.


მანამდე კი, ქალთა ლიგას, 46 გატანილი გოლით, „რაჭა 2020"-ის წევრი კესო მეტონიძე ლიდერობს. რაც შეეხება ქალთა ლიგა 2-ს, აქ ყველაზე მეტი, 93 გოლი აქვს გატანილი ლიზი კაკულიას, რომელიც „დინამო სოხუმს" წარმოადგენს.


და ბოლოს, ქალთა ლიგა, სანაკრებო შესვენების შემდეგ 8 ნოემბერს განახლდება და იმისდა მიუხედავად, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, მაინც საინტერესო იქნება ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ჩანიშნული თამაში, რომელშიც ყველა ტიტულოვანი ქართული ქალთა გუნდი „ლანჩხუთი", ამ სეზონის გამარჯვებულს, „ნიკე-ლუსოს" დაუპირისპირდება.