ორი ახალი სახე ვილის გუნდში და 3500 ბილეთი, რომელიც კვლავ გაყიდვაშია
ორი ახალი სახე ვილის გუნდში და 3500 ბილეთი, რომელიც კვლავ გაყიდვაშია
06.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

15 და 18 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორ შეხვედრას გამართავს. თამაშები, რომლებიც თბილისში „დინამო არენაზე" და შემდეგ, სოფიაში, „ვასილ ლევსკის ეროვნულ სტადიონზე" ჩატარდება,  ქართველთა გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაიყვანს, თუმცა, კარის გამოჯახუნება ვილი სანიოლის გუნდს ამ შესარჩევიდან შეუძლია, თუ რა თქმა უნდა, ისეთი „სულგამოცლილები" არ იქნებიან, როგორიც თუნდაც ოქტომბრის ფანჯრის დროს იყვნენ.


ცოტა ხნის წინ კი, ფედერაციის სანაკრებო გვერდმა, ნოემბრის სანაკრებო თამაშებისთვის გამოძახებული ქართველი ფეხბურთელების სახელები გამოაქვეყნა. საერთო ჯამში ვილიმ 25 ფეხბურთელი მოუხმო, მათ შორის ორი, ესპანური „კადისის" 25 წლის მოთამაშე იური ტაბატაძე და სლოვაკური „ჟილინას" 20 წლის მცველი ალექსანდრე ნარიმანიძე, ეროვნული ნაკრების მაისურს პირველად მოირგებენ. სანიოლმა კვლავ დაუძახა გაბრიელ სიგუას, რომელიც წინა, ოქტომბრის თვის შეკრებაზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს უნდა დახმარებოდა, თუმცა, შეკრების დაწყებამდე, მიკრო-ტრავმის გამო, ფეხბურთელი სვანაძის გუნდსაც გამოაკლდა.


წინა შეკრებიდან განსხვავებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნოემბრის თვის განაცხადში ვერ მოხვდნენ ივა გელაშვილი, ირაკლი აზაროვი, ლაშა დვალი და სანა ლობჟანიძე.


ამრიგად, საქართველოს ნაკრები 10 ნოემბრიდან, 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება:


მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („პაოკი", საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა", გორი); მცველები: გურამ კაშია („სლოვანი", სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი", გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი", გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე", იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა", სლოვაკეთი); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი", პორტუგალია), ანრი მექვაბიშვილი („კრაიოვა", რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი", უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო", ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი", პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი", საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი („მეცი", საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი", შვეიცარია), იური ტაბატაძე („კადისი", ესპანეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო", ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი).


შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს თბილისში, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა „დინამო არენაზე", თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. აქვე, გეტყვით იმასაც, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყო, ბოლო წლების მანძილზე, პირველად, თამაშზე დასასწრები, დასავლეთი ტრიბუნის მე-2 იარუსის  5, 6, 10, 11, 12, ასევე აღმოსავლეთ ტრიბუნის 20, 21, 25,26, 27 სექტორების (70 ლარიანი) და დასავლეთ ტრიბუნის  7,8 და აღმოსავლეთ ტრიბუნის 22  (100 ლარიანი ) ბილეთები, დაახლოებით 3500 ერთეულამდე ჯერ ისევ გაყიდვაშია.