
„დინამო თბილისის" 19-წლამდე გუნდი უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის გათამაშების მესამე რაუნდშია. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა დღეს, „დინამო არენაზე" მეორე რაუნდის საპასუხო შეხვედრაში კვიპროსული ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. ორი შეხვედრის ჯამშიც, „დინამო თბილისმა" 6-3 მოიგო და გათამაშების მომდევნო, მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც „ლოდოგორეცისა" და მინსკის „დინამოს" წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან, თამაში თბილისის დროით 20:00 დაიწყო. პირველი რაუნდის შემდეგ კი, „ლუდოგორეცი" 1-0-ს ლიდერობს.
დუჩი გელაშვილის გუნდი, მთელი მატჩი დომინირებდა და ამაზე უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს - ჩვენებმა კარის მიმართულებით 26-ჯერ დაარტყეს, საიდანაც კარის ჩარჩოში 14 წავიდა. მეტოქემ, კი საერთო ჯამში, ჩვენი კარი მიმართულებით მხოლოდ 9-ჯერ დაარტყა. სხვათა შორის პირველ ტაიმში, კვიპროსელთა მეკარემ ორი „მკვდარი" ბურთი აიღო, სხვა შემთხვევაში პირველივე ტაიმში შეიძლებოდა თამაშის დასრულება. თუმცა, ანგარიში მაინც პირველ ტაიმში გაიხსნა - რეზი დანელიამ 42-ე წუთზე გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისიდან მალევე, 54-ე წუთზე კი, თემო ოდიკაძის გადაცემის შემდეგ, ჰალიდ დოლტმოურზიევს არ გასჭირვებია მეტოქის მცველებთან და მეკარესთან გამკლავება და მეორე გოლის გატანა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა, ლარნაკაში, 3-4 დასრულდა თბილისელთა გამარჯვებით (იმ შეხვედრაში გოლები რეზი დანელიამ, სანდრო ჭოლოკავამ, ჰალიდ დოლტმოურზიევმა და თემო ოდიკაძემ გაიტანეს).
უეფა-ს 2025-2026 წლების სეზონის ახალგაზრდული ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი", ბოსნია და ჰერცეგოვინას წარმომადგენელს „ზრინსკის" დაუპირისპირდა და ორი შეხვედრის ჯამში (1-1 გასვლაზე, 3-0 სახლში) 4-1 გაიმარჯვა. პირველ ეტაპზე ქართული გუნდიდან გატანილი გოლების ავტორები არიან რეზი დანელია, ჰალიდ დოლტმოურზიევი - 2 და თემო ოდიკაძე.
ამრიგად უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე ოთხი ჩატარებული თამაშიდან 1 ფრე და სამი მოგებული თამაში აქვს. დინამოელთა მიერ 10 გატანილი გოლი კი, შორის 4 გოლი ჰალიდ დოლტმოურზიევის, 3 გოლი რეზი დანელიას, 2 - თემო ოდიკაძემ და ერთიც სანდრო ჭოლოკავას ანგარიშზეა.
და ბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე, ქართული გუნდებიდან „დინამო თბილისი" არის პირველი გუნდი, რომელმაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და ბრძოლას მესამეში აგრძელებს. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ქართული გუნდის მეტოქე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, დინამოელები პირველ შეხვედრას კვლავ გასვლაზე გამართავენ.
ფოტო: გიორგი (ზიზუ) ჯიქია





ჩვენ







