
გამომდინარე იქიდან, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თამაშების დროს მთელი ერი ვთამაშობთ, დღეს ნეიტრალური დღე გვქონდა - ქიმიითაც, ქორეოგრაფიითაც და ქართველების ქცევითაც მოედანზე. მეოთხე სათამაშო ტურს კი, გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგისა" და „იუვენტუსის" დაპირისპირებით დავიწყებთ, რომელიც ტურინში გაიმართა და ფრედ 1-1 დასრულდა. ანგარიში სტუმრებმა, მაქსიმილიანო არაუხოს გოლით მე-12 წუთზე გახსნეს, თუმცა, პირველივე ტაიმში, „იუვენტუსმა" გათანაბრება მოახერხა. გოლი, 34-ე წუთზე დუშან ვლაჰოვიჩმა გაიტანა. ქართველი, პორტუგალიური კლუბის განაცხადში იყო, თუმცა, „ქოჩორა" მოედანზე არ გამოსულა.
ორი განსხვავებული ტაიმი იხილა პსჟ -„ბაიერნის" მატჩის მაყურებელმა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი, ვერაფრით დალაგდა პირველ ტაიმში და შესაძლოა ამის ბრალი, მათ კარში გასული სწრაფი გოლი იყო - მე-4 წუთზე ლუის დიასმა გაიტანა. ამას, მოჰყვა დემბელეს გოლი, რომელიც ალბათ, რომ ჩათვლილიყო, თამაში სხვაგვარად გაგრძელდებოდა, თუმცა, გოლიც არ ჩაითვალა და ლუის ენრიკეს, დემბელეს დაუგეგმავად შეცვლა მოუხდა, 25-ე წუთზე. 32-ე წუთზე დიასმა დუბლი შეასრულა, თუმცა, ჰაკიმისთან უხეში თამაშის გამო, წითელი მიიღო და მინდვრის დატოვება მოუხდა. ჰაკიმმა კი ტრავმის გამო შეწყვიტა თამაში. მეორე ტაიმში, იტალიელმა მსაჯებმა გერმანული გუნდის მოთამაშეების უხეშობების შემჩნევა დაიწყეს. ათიკაცით დარჩენილ „ბაიერნს" კი ვაბანკზე წასული „ფრანგების" შეტევების მოგერიება მოუხდათ. პსჟ-მ აშკარად მოუმატა, თუმცა, 74-ე წუთზე ნევეშის გოლის მეტი დღეს არაფერი გამოუვიდა.
„ვიცოდით, რომ ამის გაკეთების შესაძლებლობა გვქონდა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, მაგრამ ყოველივე გვმატებს თავდაჯერებულობას. შაბათს, შემადგენლობაში მცირე ცვლილებები გავაკეთე და გუნდმა ეს კარგად გაითავისა. თავის დაცვა 10 კაცით მოგვიწია და გუნდმა კვლავ მოახერხა ამის გაკეთება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდს შეუძლია ადაპტაცია", - იტყვის თამაშის შემდეგ ვინსენ კომპანი, „ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი.
თამაშის საუკეთესო მოთამაშე მანუელ ნოიერი გახდა, რომელზეც მატჩის შემდეგ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიამაც გააკეთა, რომელსაც „მანუმ" ამ შეხვედრაშიც აუღო - „ბაიერნი" ძალიან ძლიერი გუნდია. მაშინაც კი, როდესაც ერთი კაცით ნაკლებია, ისინი ჩვენს წინააღმდეგ თავს კარგად იცავდნენ. ჩვენ გვქონდა შანსები, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ჩემთვის, ნოიერი არის სპორტის ლეგენდა. ყოველთვის განსაკუთრებულია მის წინააღმდეგ თამაში", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია უეფა-სთვის გაკეთებულ კომენტარში.
პსჟ -მ ეს შეხვედრა 1-2 წააგო და ახლა ჩემპიონთა ლიგის რეგულარულ გათამაშებაში 9 ქულით მესამე პოზიციაზეა. 9 ქულა აქვს, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულსაც", რომელმაც დღეს, საშინაო შეხვედრაში მადრიდის „რეალი" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. „მამარდას" ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა, ჰქონდა ერთი „სეივი" რომელიც აუცილებლად თამაშის ჰედლაინებში მოხვდება. ამ შეხვედრაში გამარჯვების და ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე, ალექსის მაკ ალისტერმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ კიდევ ორი ქართველის გუნდის, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალისა" და გიორგი ზარიას „კაირატის" გუნდები ითამაშებენ. ასე, რომ ჩვენ ხაზზე ვართ და თქვენთვის ვმუშაობთ.





ჩვენ







