ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე მორიგ სპარინგებს ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე მორიგ სპარინგებს ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს
03.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფუტსალში, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. რეალურად, ავთანდილ ასათიანის გუნდს, დარჩენილ დროში, რამდენიმე სპარინგის გამართვის შესაძლებლობა, გუნდის კიდევ უფრო შეთამაშება და საბოლოო არჩევანზე დასაფიქრებლად, სულ რაღაც ორი თვე რჩება. 2026 წლის 21 იანვარს, კი, საქართველოს ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა უწევთ რიგაში.


ოქტომბერში, ყირგიზეთის ნაკრების წინააღმდეგ (ერთი შეხვედრა 3-2 მოვიგეთ, მეორე ფრედ, 2-2 დასრულდა) თბილისში ჩატარებული ორი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, ამჯერად, საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს ევრო 2026-ისთვის მზადების პროცესში, სრულიად განსხვავებული გუნდი ელის მოწინააღმდეგედ.


„ესტონეთი, რაღაცით წააგავს ლატვიას. მაინც ბალტიისპირეთი არის, რომ გითხრა ერთნაირად თამაშობენთქო ტყუილი იქნება, მაგრამ რაღაც სტილი აქვთ ერთი. ამას გარდა, ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ დროში, მეტოქის მოძებნა ცოტა ჭირს, ევროპული ნაკრებები, იქვე, გადადიან-გადმოდიან ერთმანეთში და თამაშობენ. შესაბამისად, არჩევანი ესტონეთის ნაკრებზე შევაჩერეთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი TSFF.Ge-სთან კომენტარში.


ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ კი, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეიდან შეიკრიბა. ავთანდილ ასათიანის განკარგულებაში 15 ფეხბურთელი ემზადება: მეკარე: თორნიკე ბუკია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ბექა ტყემალაძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ლუკა ხარშილაძე („ისტიკლოლი", ტაჯიკეთი); წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ჯანო კვარაცხელია („ფაკელი", რუსეთი), ირაკლი თოდუა („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ჯანიკო გიორგაია (კსუ), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ნიკა ხარატიშვილი („ისტიკლოლი", ტაჯიკეთი), ნუკრი ჭუმბურიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), საბა ტყეშელაშვილი („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი", რუსეთი), შოთა თოფურია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი").


საქართველოს ფუტსალის ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. თამაშები 9 და 10 ნოემბერს არის ჩანიშნული. მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება. თამაშებზე დასწრება გულშემატკივარს თავისუფლად შეეძლება.



ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი