
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე, კარგი განწყობა შეიქმნა. ამ მომენტში, ჩვენი გვერდისთვის უცნობია, ექნება თუ არა ტიტე კალანდაძის გუნდის ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგური თამაშები თუმცა, რუმინეთში, „კარპატის თასის" ტურნირი, ქართველთა ნაკრებმა კარგად გამოიყენა. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს რუმინულ შეკრებაზე გუნდის მეკარე ზურა ცინცაძე, ასევე გიორგი ცხოვრებაძე და ტრავმირებული კაპიტანი თემო ორჯონიკიძე აკლდნენ. სამაგიეროდ გუნდში ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა ნიკა კალანდაძე, რომელიც პირველ ორ შეხვედრაში საუკეთესო იყო.
საერთო ჯამში ქართულმა გუნდმა 3 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ორში გაიმარჯვა (დაამარცხა სლოვაკეთი 31-28 და შემდეგ, მასპინძელი რუმინეთი 30-27) და ოთხთა ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ჩემპიონობაც გაინაღდა. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაში, ტიტე კალანდაძემ რიგ როტაციებს მიმართა და ბოლო დაპირისპირება უკრაინასთან იმ მოთამაშეების გამოსაცდელადაც გამოიყენა, ვისაც მცირე სათამაშო დრო მიეცა პირველ ორ შეხვედრაში. საქართველოს ნაკრებმა ორივე ტაიმი ერთნაირი ანგარიშით 14-16, მატჩი კი, 28-32 წააგო (იხილეთ სტატისტიკა).
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შვიდი გატანილი ბურთით და სამი ასისტით საუკეთესო მირიან გავაშელიშვილი იყო. ოთხ-ოთხი ბურთი გაიტანეს გიორგი ლაპიაშვილმა, ვახტანგ ხარებაშვილმა და გიორგი დიხამინჯიამ.
საქართველოს ნაკრების დღევანდელი შემადგენლობა და ნადავლი: დავით ნიქაბაძე (10 სეივი) მირიან გავაშელიშვილი (7 გოლი, 3 ასისტი), გიორგი ლაპიაშვილი (4), ვახტანგ ხარებაშვილი (4), გიორგი დიხამინჯია (4), ზურაბ გოგავა (3 გოლი, 2 ასისტი), გიგი მელიავა (2 გოლი, 1 ასისტი), გიორგი არეშიძე (2), ვახტანგ ხელისუფალი (1 გოლი, 2 ასისტი), ნიკოლოზ კალანდაძე (1), ირაკლი კბილაშვილი, ერეკლე არსენაშვილი, ხაზეინ რუსტამოვი, გუგა უთმელიძე, გიგი რუხაძე.
აქვე, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა „კარპატების თასზე" 2025 წლის იანვრის დასაწყისშიც იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა. მაშინ, ტიტე კალანდაძის გუნდმა პირველ შეხვედრაში სერბეთთან წააგო (25-35), მეორე და მესამე დაპირისპირებები თურქეთთან (32-27) და მასპინძელ რუმინეთთან (35-34) მოვუგეთ.





ჩვენ







