
ზედიზედ მეხუთედ, საქართველოს გუნდი 23-წლამდეთა შორის ჯუდოს შერეულ გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ზეიმობს. გარდა იმისა, რომ შერეული გუნდური შეჯიბრის დაარსებიდან მე-5 წელს, კვლავ მოახერხა საპრიზო მოხვედრა, ქართულმა გუნდმა ტიტული შეინარჩუნა. შეგახსენებთ, რომ ქართველ 23-წლამდეთა ნაკრები წლევანდელის ჩათვლით სამჯერ (2021, 2024, 2025) გახდა ევროპის ჩემპიონი, ორჯერ (2022, 2023) კი, ჩვენი გუნდი ბრინჯაოს მედლების მფლობელი იყო.
კიშინიოვში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრში, ოქროს მედლებისკენ გზა 9 ქვეყანას შორის დაიწყო. პირველ დაპირისპირებაში ჩვენები, ბულგარეთისა და რუმინეთის გუნდებს შორის გამარჯვებულს შეხვდა. ეს კი, რუმინეთი იყო. საქართველოსა და რუმინეთის დაპირისპირება 4 - 2 დასრულდა (ჩვენი გუნდიდან ქულები აიღეს გიორგი ტერაშვილმა, გიორგი ჯაბნიაშვილმა, შალვა გურეშიძემ, ნინო ლოლაძემ) ჩვენს სასარგებლოდ. მომდევნო შეხვედრა 1/2 ფინალი იყო, სადაც ჩვენ, თურქეთის საკმაოდ ძლიერ გუნდს შევხდით და 4-1 (ჩვენი გუნდიდან ქულები აიღეს ნინო წიკლაურმა, გიორგი ჯაბნიაშვილმა, შალვა გურეშიძემ და ნინო ლოლაძემ) გავიმარჯვეთ.
ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალი, რომელშიც საქართველო ნაკრები ფრანგების (დაამარცხეს მოლდოვა 2-4, უკრაინა 1-4) ძლიერ გუნდ დაუპირისპირდა საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ტატამზე პირველი -90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზეები გამოვიდნენ. გიორგი ჯაბნიაშვილმა ქულები ქართულ გუნდს იპონით მოუტანა. ამის შემდეგ, ასპარეზი +70 კგ წონას დაეთმო. აქ, პირველივე შეხვედრიდან ჩანდა, რომ 190 სმ სიმაღლის ფრანგი, თავად თუ არ წაიქცეოდა რომელიმე ილეთზე, ჩვენს 162 სმ სიმაღლის ლიზი ქვარცხავას რაც არ უნდა ეცადა, გოლიათს ვერაფერს დააკლებდა. ფრანგებმა გაგვითანაბრეს. მართალია, იუკოთი, თან ორი შიდოს ფონზე, ქართულ გუნდს, შალვა გურეშიძემ მოუტანა და ჩვენ დავწინაურდით, 2-1. ყველაზე დაძაბული და დრამატული მეოთხე დაპირისპირება აღმოჩნდა. ტატამზე -57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნინო ლოლაძე გამოვიდა, რომელმაც ვაზარით დაწინაურება მოახერხა და ქართული გუნდისთვის მესამე ქულასთანაც ახლოს იყო, თუმცა, ბოლო წამებზე ვაზარი გაუშვა და სამწუხაროდ, დამატებით დროში დამარცხდა. ანგარიში კი, კვლავ გათანაბრდა, 2-2. -73კგ წონაში, ქართული გუნდისთვის გიორგი ტერაშვილი ჭიდაობდა, რომელიც 23-წლამდეთა ჩემპიონატზე, მხოლოდ გუნდურ ასპარეზობაზე იყო დარეგისტრირებული. ქართველთა გუნდის სამწვრთნელო შტაბის გათვლამ გაამართლა, ტერაშვილმა მესამე ქულა, ულამაზესი იპონით მოგვიტანა. ქართველთა გუნდი კვლავ დაწინაურდა 3-2. -70 კგ-ში ნინო წიკლაურმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა, საბოლოოდ დამარცხდა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა, 3-3.
ფინალური ბრძოლისა და ოქროს მედლების ბედი ლოტოტრონს უნდა გადაეწყვიტა - აქ, ტატამზე -73 კგ წონითი კატეგორია ამოვიდა, სადაც გიორგი ტერაშვილს უნდა ეასპარეზა, მან კი, ისე რომ ბევრი არც ჩვენ გვანერვიულა და არც ფრანგები, მეტოქე კვლავ იპონით დაამარცხა, ქართულ გუნდს გამარჯვება მოუტანა ანგარიშით 4-3 და ოქროს მედლები მოაგებინა.
აქვე შეგახსენებთ, რომ შერეულ გუნდურ ტურნირამდე, ევროპის 23-წლადეთა ჩემპიონი გიორგი ჯაბნიაშვილი (-90 კგ) გახდა. ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ მათე გოგობერიშვილი (-60 კგ) და მათე ბერუაშვილი (-73 კგ). ბრინჯაოს მედლები მოიგეს ნინო ლოლაძემ (-57 კგ), კოტე კაპანაძემ (-81 კგ) და შალვა გურეშიძემ (+100 კგ).
ფოტო: @EJU





ჩვენ







