„პირატებმა“ ბათუმის „დინამოს“ გადასარჩენად მორიგი განცხადება გაავრცელეს
„პირატებმა“ ბათუმის „დინამოს“ გადასარჩენად მორიგი განცხადება გაავრცელეს
02.11.2025
ავტორი: TSFF.Ge

ხვალ, ეროვნული ლიგის მორიგი, 31-ე ტური იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ექვს ტურში საქართველოს 2025 წლის ჩემპიონატი დასრულდება. ამასთან დასრულდება ისე, რომ ბათუმის „დინამო", არა თუ ევროტურნირების მიღმა დარჩება, არამედ, შესაძლოა ახალ ჩემპიონატს, სერიოზულ ფინანსურ კრიზისში შეხვდეს. ამის თაობაზე დღეს, „შავი ზღვის პირატებმა" მორიგი განცხადებით, საზოგადოების ყურადღება ითხოვეს.


„შავი ზღვის პირატების განცხადება!


მივმართავთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერსა და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.


უკვე არაერთი თვეა, ბათუმის „დინამო" მძიმე ფინანსურ კრიზისშია.


ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს ხელფასები ერიცხებათ ნაწილობრივ და იშვიათად. ძირითადი მოთამაშეები ტოვებენ გუნდს, ხოლო კლუბის სტრუქტურა ფაქტობრივად ჩამოშლილია.


ეს მდგომარეობა პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომელიც მოქმედ მფლობელს ეკისრება 49-წლიანი სარგებლობის ხელშეკრულებით. დღეს აშკარაა, რომ აღებული ვალდებულებები აღარ სრულდება.


ყოფილი ფეხბურთელების მიმართ არსებული აღიარებული დავალიანებების გადაუხდელობის შემთხვევაში, კლუბს შესაძლოა 6 ქულა ჩამოაკლონ, ხოლო მოცემული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში არსებობს რეალური საფრთხე, რომ UEFA-ს ჩარევით დინამო ბათუმს შეუჩერდეს პროფესიონალური სტატუსი, ასევე არსებული ინფორმაციით კლუბს ადევს FIFA-გან სატრანსფერო ბანი, რაც გულისხმობს, რომ კლუბს არ აქვს უფლება ფეხბურთელების დარეგისტრირების 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე.


მოვითხოვთ, რომ: ზემოაღნიშნულმა უწყებებმა აღასრულონ ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველყოფა, მიიღონ სამართლებრივი და ფინანსური ზომები ბათუმის „დინამოს" გადასარჩენად და ქალაქისთვის ამ უმნიშვნელოვანესი კლუბის შესანარჩუნებლად.


დინამოს გადასარჩენად თითოეული დღე მნიშვნელოვანია!" - ნათქვამია განცხადებაში.