ერთი ევროპის ჩემპიონი, ორი ვიცე-ჩემპიონი და სამიც ბრინჯაოსმედალოსანი - ეს ყველაფერი შერეული გუნდურის წინ
ერთი ევროპის ჩემპიონი, ორი ვიცე-ჩემპიონი და სამიც ბრინჯაოსმედალოსანი - ეს ყველაფერი შერეული გუნდურის წინ
01.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


გიორგი ჯაბნიაშვილი 23-წლამდეთა შორის ევროპის ჩემპიონი. -90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი, მოლდოველი მიხაილ ლატიშევი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა და რეპორტაჟის კომენტატორიც კი დაადუმა, რომლის სიმპათიაც, აშკარად მოლდოველისკენ იხრებოდა და მთელ შეხვედრას ამ ქალბატონის ხმაც, „ლატიშევმა, სულ იპონ-იპონით მოაღწია ფინალამდეო" ლეიტმოტივად სდევდა. ამას გარდა, აშკარად, მსაჯთა გუნდმაც, მასპინძელს, რამდენიმე მომენტში გაუტარა შიდო, გიორგის კი, ამ საჯარიმო ქულით, დაუფიქრებლად „აჯილდოვებდა"... მოკლედ, ასე თუ ისე, ჯაბნიაშვილმა, „გოლდენ სქორის" დაწყებიდან მალევე, მოახერხა ილეთის შესრულება და იუკოს წყალობით, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. პირველი ოქრო მოლდოვაში.  


საერთო ჯამში, მოვლენებს წინ გავასწრებთ და ვიტყვით, რომ ქართული გუნდის ანგარიშზე, 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


დღეს კიშინოვი, ჯუდოში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატის ბოლო საასპარეზო დღე იყო პირად ჩათვლებში. როგორც ჩვენი გვერდი ადრე იუწყებოდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქართველები 12 სპორტსმენით, 8 წონით კატეგორიაში იყვნენ წარმოდგენილები, თუმცა, ადგილზე გაირკვა (EJU ძიუდოს ევროპის ფედერაცია), რომ გიორგი ხმალაძე -100კგ -ში იასპარეზებდა.


ასპარეზობის პირველ დღეს, -60 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობის შანსი ჰქონდა მათე გოგობერიშვილს, თუმცა, ქართველი სომეხ აღასიანთან დამარცხდა და მხოლოდ, ვერცხლის მედალს დასჯერდა.


-73 კგ წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა მათე ბერუაშვილი, რომელმაც ფინალი რუმინელ იოან ძიტაჩთან წააგო. სხვათა შორის, 1/2 ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში, სწორედ რუმინელმა სძლია ამ წონაში მოასპარეზე ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ წარმომადგენელს, გიორგი ლოლაძეს, რომელიც საბოლოოდ, მედლის გარეშე დარჩა, რამეთუ რეპეშაჟის ფინალი პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ოთარ კვანტიძესთან წააგო და ბრინჯაოს, „მამლუქი" დაეუფლა.


რადგან „მამლუქებზე" ჩამოვარდა სიტყვა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მეორე დღესაც ტატამზე სამი მამლუქის გამოსვლა ვიხილეთ, აქედან -81 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლამდე ცოტა დააკლდა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ბორჩაშვილებიდან 23 წლის მაგამედ ბორჩაშვილს. -100 კგ-ში კი გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაურმა იასპარეზა ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.


აი კიდევ ერთი მამლუქი, დანიელ უძილაური, რომელიც ასევე გერმანიის სახელით ასპარეზობს, მხოლოდ +100 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს ფინალში, ჩვენს, შალვა გურეშიძეს გადაეყარა. უძილაურებს ერთი ოქრო გეყოფათ დღესო, გაიფიქრა საქართველოს წარმომადგენელმა და შეხვედრის დაწყებიდან 36-ე წამზე ვაზარი აიღო, 2:12 წუთით ადრე შეხვედრის დამთავრებამდე კი, მეტოქე იპონზე დააგდო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.


თუმცა, ვიდრე დღევანდელ შედეგებს შევაჯამებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპის 23-წლამდეთა ჩემპიონატზე სამი ქართველი გოგონაც ასპარეზობდა. აქედან ერთმა, -57კგ-ში მოასპარეზე ნინო ლოლაძე აღნიშნულ წონით კატეგორიაში, 1/2 ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში, მომავალ ჩემპიონთან იტალიელ გიულია კარნასთან დამარცხდა, თუმცა, კვარცხლბეკისკენ სვლა რეპეშაჟიდან გააგრძელა და საბოლოოდ, ბრინჯაოს მედალი მოიგო.


დღევანდელი დღის მედლების მარაგი კი, პირველი -81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კოტე კაპანაძემ შეავსო, რომელიც 1/2 ფინალში გადასასვლელად, აზერბაიჯანელ ომარ რაჯაბლისთან დამარცხდა, თუმცა, რეპეშაჟში გადაერთო და იქ, ჯერ  ბულგარელი ჰრისტო ვალკოვი, შემდეგ კი, ბერძენი არის ზარაგკასი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალ შერეული გუნდური პირველობაა, სადაც, ქართულ გუნდს, გიორგი ტერაშვილი დაემატება. შერეულ გუნდურ შეჯიბრში 9 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. ქართველები ისევე, როგორც კიდევ 7 გუნდი მეორე წრიდან დაიწყებენ, სადაც ბულგარეთსა და რუმინეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან (იხილეთ ბმული).


ქართული გუნდის შემადგენლობა 23-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატზე ასეთი იყო.


-57კგ - ნინო ლოლაძე

-57კგ - ნინო წიკლაური

-78კგ- ლიზი ქვარცხავა

-60კგ - მათე გოგობერიშვილი

-73კგ - გიორგი ლოლაძე, მათე ბერუაშვილი

-81კგ - კოტე კაპანაძე

-90კგ - ნიკოლოზ დვალაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი

-100 კგ - გიორგი ხმალაძე,

+100კგ - შალვა გურეშიძე, საბა ქარდავა


ფოტო: EJU