
ხელბურთში, ევროპის ჩემპიონატამდე ორ თვეზე ცოტა მეტი რჩება. ბუნებრივია, საკლუბო ტურნირების ფონზე, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, რომელიც ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს, მოსამზადებლადაც დიდი დრო და არჩევანი არ აქვს, ამიტომ ტიტე კალანდაძე ყველა შანსს გამოიყენებს. ერთ-ერთი ასეთი შანსი კი, ტრადიციული ტურნირი „კარპატის თასია", რომელზეც ჩვენი ნაკრები მეორედ ასპარეზობს.
საქართველოს ნაკრების გარდა, ტურნირში სლოვაკეთის, უკრაინისა და მასპინძელი რუმინეთის ნაკრებები მონაწილეობენ. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ტურნირის გახსნითი შეხვედრა დღეს ბაია მარეს „ლასკერ პანეს" სპორტკომპლექსში გამართა სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ და 31-28 მოიგო.
პირველ ტაიმი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ორი ბურთის სხვაობით, 14-16 წააგო,ჩვენი გუნდი მდევრის როლში იყო, თუმცა, მეორე ტაიმში, ქართველთა გუნდმა დაცვაში ორგანიზებულად დაიწყო თამაში, ამას გარდა, მეორე ტაიმის სტარტზე ოთხი ბურთით მოახერხა „გაქცევა" და დარჩენილ დროში, ამ უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა.
ხელბურთის მოყვარულებს შეგახსენებთ, რომ ნაკრებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა, თუმცა, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ნაკრებში ნიკოლოზ კალანდაძე დაბრუნდა და დღეს 10 გოლი გაიტანა 5 ასისტთან ერთად. ექვსი გოლი გაიტანა ირაკლი კბილაშვილმა.
სლოვაკეთთან შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: დავით ნიქაბაძე (9 სეივი) გიგი რუხაძე (მეკარე), ნიკოლოზ კალანდაძე (10 გოლი, 5 ასისტი), ირაკლი კბილაშვილი (6 გოლი, 3 ასისტი), ერეკლე არსენაშვილი (4), გიორგი დიხამინჯია (4), მირიან გავაშელიშვილი (2 გოლი, 1 ასისტი), გიორგი არეშიძე (2), გიორგი ლაპიაშვილი (1), ვახტანგ ხელისუფალი, (1), ხაზეინ რუსტამოვი (1), ვახტანგ ხარებაშვილი, ზურაბ გოგავა, გუგა უთმელიძე, გიგი მელიავა.
საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას ხვალ, 1 ნოემბერს, მასპინძელი რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა „კარპატის თასზე" 2025 წლის დასაწყისში, იანვარში იასპარეზა და ოთხ გუნდს შორის მეორე ადგილი დაიკავა. პირველ შეხვედრაში სერბეთთან დავმარცხდით (25-35), მეორეში და მესამეში თურქეთს (32-27) და მასპინძელ რუმინეთს (35-34) მოვუგეთ.





ჩვენ







