
საქართველოს დავით ყიფიანის თასის პირველი ფინალისტი გორის „დილაა". დღეს, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, გორის „დილა" სტუმრად ეწვია „სამტრედიას". მოედანზე, რომელიც ჩვენი მოკრძალებული მოსაზრებით და ტელეეკრანიდან ვიზუალური გამოსახულებით კრიტიკას არ უძლებდა, გუნდებმა ძირითადი დრო ფრედ, 0-0 ითამაშეს. ამასთან, ალბათ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, მასპინძელთა მეკარის ბექა ქურდაძის თავდადება, რომელმაც მატჩის ძირითადი დროის მიწურულს გმირობის კასკადები გვიჩვენა და სწორედ, მისი წყალობით, თამაში დამატებით დროში გადავიდა.
აქაც, ისევე, ჩვენი მოკრძალებული მოსაზრებით, ორ გოლს რომელიც სამტრედიელებმა თითო დამატებულ ტაიმში გაუშვეს, მეკარეს ვერ დაადანაშაულებ. სამაგიეროდ, აღსანიშნავია, გორელთა ლეგიონერების გარჯა, რომელთაგან ერთს, ემანუელ ბოანსის მოედანზე შემოსვლიდან, სულ რაღაც ერთი წუთი დასჭირდა, რომ ანგარიში გაეხსნა. სტუმრები, 99-ე წუთზე, 0-1 დაწინაურდნენ. კიდევ ერთი გოლი კი, მეორე დამატებული ტაიმისთვის კომპენსირებულ წუთზე გავიდა. შოთა შეყილაძემ ამ მატჩში წერტილი დასვა. „დილამ", ანგარიშით 0-2 გაიმარჯვა და ახლა, ხვალინდელ შეხვედრასა და მეორე ნახევარფინალური წყვილის, „იბერია 1999"-სა და ბათუმის „დინამოს" შორის გამარჯვებულს დაელოდება. თამაში, მიხეილ მესხზე, 19:00 დაიწყება.
სხვათა შორის დეტალი, რომელსაც მატჩის შემდგომ ჰქონდა ადგილი - შეხლა-შემოხლა გუნდებს შორის და რომელიც, დიდი ალბათობით, სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტის განსჯის საგანი გახდება. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ დელეგატის ოქმში რა ჩაიწერა და გუნდები რა პოზიციას დაიკავებენ - გაასაჩივრებენ მომხდარს, თუ არა.
ფოტო: „დილა"





ჩვენ







