დასკვნების გამოტანა და სწავლა, ყველა სიტუაციიდან არის შესაძლებელი
დასკვნების გამოტანა და სწავლა, ყველა სიტუაციიდან არის შესაძლებელი
30.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ყაზახეთში გამართულ ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა. ტატა მატვეევას გაწვრთნილმა გუნდმა სამი შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ერთში, ლატვიასთან 3-2 გაიმარჯვა. ორი კი, სამწუხაროდ წააგო, ტურნირის სასტარტო მასპინძელ ყაზახეთთან 2-4 და დღეს, ჯგუფიდან გასასვლელი შეხვედრა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან 2-1 (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი).


„როგორც მწვრთნელის ამპლუაში ჩემთვის პირველი ოფიციალური ტურნირი იყო. ბუნებრივია, ეს, ჩემთვის დიდი გამოწვევაა და პირველი ნაბიჯები იყო სამწვრთნელო კარიერისკენ.  ყოველივე ამისგან დიდი სიამოვნება  მივიღე და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა იყო ღელვაც, რადგან დიდი პასუხისმგებლობა გაბარია. თანაც, როცა ეს ნაკრებს ეხება. ჩვენ სტაფი ერთად ვმუშაობთ და განვიხილავთ ყველაფერს, კმაყოფილი ვარ თითოეული ფეხბურთელით და მათი შრომით, რადგან დიდი პოტენციალი და ნიჭი გვაქვს უკეთესად განვითარებისთვის. რეალურად, ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა ჯგუფიდან გასასვლელად, თუმცა,  შეცდომებზე ვსწავლობთ და სამომავლოდ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას, რათა ჩვენმა ნაკრებმა უკეთესად წარადგინოს თავი,"- ამბობს ტატა მატვეევა TSFF.Ge-სთან ტურნირის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული ქალი ფეხბურთელისთვის, რომელიც ამჟამად, „ლანჩხუთის" ღირსებას იცავს, ეს პირველი ოფიციალური ტურნირი იყო. შესაბამისად, მატვეევა, ჯერ მწვრთნელის ამპლუაშიც გაცნობის ეტაპზეა. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ანგარიში 35-ე წუთზე ანანო წიქარიძის გოლით გავხსენით, თუმცა, მალევე, 36-ე წუთზე მარიჩმა გაგვიტანა. ბოსნიელებმა 76-ე წუთზე მაქსიმოვიჩის გოლით მოგვიგეს, თუმცა, როგორც საუკეთესო მეორე ადგილოსანი, დიდი ალბათობით, A დივიზიონში ვერ დაწინაურდებიან. ერთი დეტალი, რომელზეც ალბათ, არ ღირს ყურადღების გამახვილება, თუმცა, როდესაც ჭეშმარიტება დეტალებშია, აუცილებლად უნდა აღინიშნოს. დღევანდელ შეხვედრას, მოლდოველი და ყაზახი მსაჯები მოემსახურენ, იმ შემთხვევაში, თუ ტურნირის მასპინძელი ყაზახეთი, დღეს ლატვიის დამარცხებას მოახერხებდა, მაშინ ჯგუფიდან, სწორედ ყაზახეთი გავიდოდა. საქართველოს 17-წამდე გოგონების წარმატების შემთხვევაში კი, ასეც და ისეც, ქართველთა გუნდი დაწინაურდებოდა...


თუმცა, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს, ასე, რომ იმედის ვიტოვებთ, სწორი მუშაობისა და სელექციის პირობებში, ტატა მატვეევას გუნდს საინტერესო პერსპექტივა აქვს.