
მართალია უქმეები არ იყო, მაგრამ ქართული საფეხბურთო ლეგიონისთვის საკმაოდ საინტერესო ორი დღე გამოდგა. დავიწყოთ იმით, რომ „ბომბარდირმა" გაიტანა. ესპანეთში, ამჯერად სათასო ციებ-ცხელება იყო. კოპა დელ რეიზე, გიორგი მიქაუტაძის 1/64 ფინალში (საკმაოდ შორიდან დაიწყო ქართველის გუნდმა), „ვილიარეალმა" გასვლით შეხვედრაში „სიუდად დე ლუსენას" სძლია 0-6. ქართველი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა, ამ თამაშზე „ავტოგრაფი" დატოვა. მიქაუტაძე, შეხვედრაში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, და 81-ე წუთზე გაიტანა. ეს, „ვილიარელისთვის" მე-5 გოლი იყო, საბოლოო ანგარიშზე კი, თავიდან გითხარით.
ესპანეთის სამეფო თასის 1/64 ფინალის ეტაპზე იური ტაბატაძის „კადისმა" გასვლით შეხვედრაში „მურუსია" 1-3 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ქართველმა, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 75 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ „კადისის" გატანილ სამ გოლში, ორში ქართველის დიდი წვლილია, რამეთუ მან საგოლე გადაცემები შეასრულა.
გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა ლუკა გაგნიძის „გრანადაც", რომელმაც გასვლით შეხვედრაში „როდა" დაამარცხა 1-5 და 1/32 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და უცვლელად ითამაშა, თუმცა, ალბათ, უფრო მეტად სასიამოვნო ისაა, რომ ქართველმა ორი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა, ერთი პირველ და ერთიც მეორე ტაიმში.
საინტერესო იყო გერმანიის თასის 1/16 ფინალის დაპირისპირება, რომელშიც ერთმანეთს ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი" და გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი" დაუპირისპირდნენ. ბუნებრივია, ქართველების გულები ორად იყო გაყოფილი, თუმცა, სათასო ასპარეზობებში, მომდევნო ეტაპზე ერთი გადის, ამჯერად ეს „ჰამბურგი" გამოდგა, რომელმაც მეტოქე, მინიმალური ანგარიშით 0-1 გაიმარჯვა. ორივე ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. გოჩოლეიშვილმა სრული შეხვედრა ჩაატარა, ბუდუ კი, 71-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროისთვის „ჰაიდენჰაიმი" 10 ფეხბურთელით იყო დარჩენილი. გოლი კი, 83-ე წუთზე პენალტიდან გავიდა.
პორტუგალიაში, გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი", ლიგის თასის 1/4 ფინალში „ალვერკას" დაუპირისპირდა და 5-1 გაიმარჯვა. ქართველმა, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა და ახლა, გუნდთან ერთად, 1/2 ფინალისთვის მოემზადება, სადაც, „პორტუ"-„გიმარაეშის" წყვილში გამარჯვებულს დაელოდება.
სათასო რბოლას გამოეთიშა „ლივერპული" (!). მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ქართველი ქომაგისთვის, „ლივერპულის" წარმატება EFL თასზე, მნიშვნელოვანი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ მერსისაიდელთა რიგებში ალისონის დაბრუნების შემდეგ და სავარაუდოდ, ეს არც თუ შორეული პერსპექტივაა, ქართველისთვის, სწორედ, სათასო დაპირისპირებები იქნებოდა ის შანსი, სადაც მას მეტი სათამაშო დრო ექნებოდა. თუმცა, „ლივერპული", მართალია კაცნაკლული, მაგრამ „კრისტალ პალასთან" 0-3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
სათასო არა, თუმცა, ქართველთა მონაწილეობით კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. საფრანგეთის ლიგა 1-ში, მე-10 ტური ჩატარდა. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ სტუმრად, „ლორიანსთან" ფრედ, 1-1 ითამაშა. „კვარა", ძირითად შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე მხოლოდ 62-ე წუთზე შემოვიდა. ამ მომენტისთვის, ნუნუ მენდეშისა და იგორ სილვას გოლების შემდეგ, რომლებიც მეორე ტაიმის სტარტზე გავიდა, უკვე 1-1 იყო და ის, არც მინდორზე „კვარას" შემოსვლის შემდეგ შეცვლილა.
„მეცმა", საშინაო შეხვედრაში „ლანსი" დაამარცხა 2-0. თავიდანვე ვთქვათ, რომ გიორგი წიტაიშვილმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, გიგი აბუაშვილი კი, შეცვლაზე სწორედ, „წიტას" ნაცვლად შევიდა. „მეცმა" კი, ბოლო ათწუთეულში გატანილი გოლების წყალობით მოიგო.
საფრანგეთის ლიგა 1-ში 10 თამაშის შემდეგ, პსჟ ლიდერობს 21 ქულით, რაც შეეხება „მეცს" ის სამწუხაროდ, სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა. ფრანგული თემა რომ ამოვწუროთ, საფრანგეთის ლიგა 2-ში გადავინაცვლოთ, სადაც ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა" საშინაო შეხვედრაში „პაუ" გაანადგურა 6-0. ზურიკო ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და მინდორზე, მხოლოდ, 67-ე წუთზე შემოვიდა, თუმცა, 79-ე წუთზე გოლი გაიტანა. ამ მომენტისთვის დავითაშვილის გუნდს 23 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, რაც ნიშნავს, რომ მისი გუნდი ზედა ლიგაში დაწინაურების ზონაშია.
იტალიის სერია A-ში მეტ-ნაკლებად კარგი მატჩი გამოვიდა საბა გოგლიჩიძეს. ტურნირში გამართული მე-9 ტურის შეხვედრაში, ქართველმა „უდინეზეს" ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და პირველი იაღლიში სტარტზევე მოუვიდა, როდესაც ყვითელი ბარათი მიიღო და თან პენალტიც აიკიდა, ვლაჰოვიჩმა კი, ანგარიშ გახსნა. ამის შემდეგ, უდინელებმა, ძანიოლოს ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ კი, მეორე ტაიმის სტარტზე, 49-ე წუთზე, საბას ორი საინტერესო მომენტი ჰქონდა - ერთ მომენტში ქართველის თავური კუთხურზე მოიგერიეს ტურინელებმა, ამის შემდეგ კი, გოგლიჩიძის დარტყმული კარს აცდა. თამაშისთვის, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროშ კი, საბამ, კიდევ ერთი პენალტი „აიკიდა", რომელიც ქენან ილდიზმა გაიტანა და ამ შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. 9 ტურის შემდეგ, „უდინეზე" მე-10 ადგილზეა.
გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ", იტალიის სერია B-ში „ენტელას" უმასპინძლა და 4-0 გაიმარჯვა. ქართველმა, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 90 წუთი ითამაშა. 10 ტურის შემდეგ კი, „ფროზინონე" 18 ქულით მე-4 ადგილზეა.





ჩვენ







