
ეროვნული ლიგის 30-ე ტური სამი დღის მანძილზე ტარდებოდა. დღეს ამ ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე, „გარეჯისა" და „სამგურალის" დაპირისპირებაში ანგარიში მე-8 წუთზე, ჟან კარლოსის გოლით გაიხსნა და სტუმრებიც დაწინაურდნენ. თუმცა, 33-ე წუთზე, თამაზ ცეცხლაძემ გაათანაბრა, 1-1. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მატჩის ბედიც, ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე გაირკვა, როდესაც ჯერ კარლოსმა გაიფორმა დუბლი (86'), შემდეგ ჯეფერსონ ჯერალდომ (90') და ბოლოს, დემურ ჩიხლაძემ (90'+5). საბოლოოდ, იმერულმა კლუბმა 1-4 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში, 38 ქულით მე-5 ადგილზე ავიდა.
სატურნირო ცხრილში, ადგილები გაცვალეს, თუმცა, თანაბარი ქულები 62-62 აქვთ „იბერია 1999"-სა და გორის „დილას". 30-ე ტურში, სწორედ ამ გუნდების შეხვედრა იყო ცენტრალური და ტურიც ამ მატჩით გაიხსნა, რომელსაც საკმაოდ საინტერესო პირველი ტაიმი ჰქონდა. მიხეილ მესხის სტადიონზე, გიორგი ჯინჯოლავას გოლით, მასპინძლები მე-13 წუთზე დაწინაურდნენ. ამის შემდეგ მალევე, მე-18 წუთზე, თბილისელებს გურამ გოშთელიანი გაუძევეს. 42-ე წუთზე, ლუკა სილაგაძემ ვერ გაიტანა 11-მეტრიანი, თუმცა, შეხვედრის ამ მონაკვეთისთვის, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-8 წუთზე, დეო ბასინგამ საკუთარ კარში ჩაჭრა და გოლი გასახდელში ჩაიყოლა. მთელი მეორე ტაიმი, გორელებმა კაცნაკლულ „იბერია 1999"-ს ვერაფერი უყვეს, თუმცა, 89-ე წუთზე, ოთარ ფარულავას წყალობით, ერთი გოლი მაინც გაქვითეს. შეხვედრა, თბილისურმა გუნდმა, 2-1 მოიგო.
ბათუმის „დინამოს" ნაღდად არ უდგას კარგი დრო. ამჯერად, აჭარულმა კლუბმა, თბილისში, პეტრო არენაზე, „გაგრასთან" 4-1 წააგო. ანგარიში პირველივე წუთზე, გაიხსნა, სრულიად უწყინარ ვითარებაში, მცველებს ბათუმელთა მეკარე წამოეშველა, რომელიც გამოსვლაზე აშკარად შეცდა გიორგი ხარებაშვილს კი, ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა არ გასჭირვებია. მეორე ტაიმის დასაწყისში, 50-ე წუთზე, ხარებაშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, ბათუმელებს ჰქონდათ ანგარიშის შემცირების შესაძლებლობა, თუმცა, ლუკა წულუკიძემ პენალტი გააფუჭა. თუმცა, სწორედ ის გამოდგა ბათუმელთაგან პრესტიჟის გოლის ავტორი, რომელიც წულუკიძემ 77-ე წუთზე გაიტანა. ამ დროისთვის, ანგარიში უკვე 3-1 იყო. გაგრელთაგან მეორე ტაიმში რატი არდაზიშვილმა (69') და გიორგი პაპუაშვილმა (87') წუთებზე გაიტანეს. ამ ტურის შემდეგ, „გაგრას" 36 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა და გადათამაშების ზონაში მყოფ უახლოეს გუნდს, 6 ქულით უსწრებს.
თელავში, კავკასიონ არენაზე „თელავისა" და „ტორპედოს" დაპირისპირებაში პირველი ტაიმის 20 წუთში 3 გოლი გავიდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-4 წუთზე, ფილიპე პირესის გადაცემით, ალეკო ბასილაძემ გაიტანა, მე-13 წუთზე კი, თავად პირესმა აიღო მასპინძელთა კარი და სტუმრები კომფორტულად დააწინაურა მატჩის სტარტზევე. თუმცა, ქუთაისელთა ეს სიხარული მხოლოდ 3 წუთს გაგრძელდა, მე-16 წუთზე, ანდრია დევდარიანმა ერთი ბურთით შეამცირა სხვაობა. მეორე ტაიმში, თელავში, ნამდვილი რთველი იყო - ბუნებრივია, აქ, ყვითელ ბარათებს ვგულისხმობთ. შეხვედრის მხოლოდ ამ მონაკვეთში მსაჯმა 10 ყვითელი (პირველ ტაიმში თითო-თითო) ბარათი უჩვენა, რომელთაგან ორი გაწითლდა, თან ორივე გუნდისთვის. თუმცა, ამ მომენტამდე, მე-80 წუთზე ალეკო ანანიძემ „ტორპედოს" გაუთანაბრა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა და „ტორპედომ", რომელიც ამ ეტაპზე მესამე საფეხურზეა, მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
მართალია აუტსაიდერთან, მაგრამ საჭირო 3 ქულა აიღო „დინამო თბილისმა", რომელმაც საშინაო შეხვედრაში ფოთის „კოლხეთი 1913" დაამარცხა. ანგარიში მე-6 წუთზე, 11-მეტრიანით თორნიკე მორჩილაძემ გახსნა, რომელმაც ამავე ტაიმში საგოლე გადაცემაც ჩაიწერა და 22-ე წუთზე, მათე ვაწაძეს გაატანინა. 42-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა აიღო ფოთელთა კარი და რეალურად, მატჩის ბედიც გადაწყვიტა. თუმცა, თბილისელებმა, მაინც გაუშვეს - 53-ე წუთზე, ყოფილმა დინამოელმა დიტო ფაჩულიამ მოახერხა, მისთვის ნაცნობ სტადიონზე ერთი ბურთის გაქვითვა. „დინამო თბილისმა" კი, 3-1 გაიმარჯვა და მიმდინარე ჩემპიონატში, საპრიზო სამეულში მოსახვედრად უშუალო კონკურენტთან „ტორპედოსთან" 1 ქულამდე შეამცირა სხვაობა.
ეროვნული ლიგის დასრულებამდე, 6 ტური რჩება. მომდევნო 31-ე ტურის თამაშები კი, 2, 3 და 4 ნოემბერს ჩატარდება.
სატურნირო ცხრილი
სკ „თელავის" ფოტო





ჩვენ







