მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრამდე, ირის ანტმანის გუნდმა მეორე სპარინგიც ითამაშა
მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრამდე, ირის ანტმანის გუნდმა მეორე სპარინგიც ითამაშა
27.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, მოლდოვას წინააღმდეგ მეორე სპარინგი გამართა. ამჯერად, მიხეილ მესხი 2-ზე, ირის ანტმანის გუნდმა, განსხვავებით პირველი თამაშისგან, სათამაშო უპირატესობა გოლებში გარდასახა და 3-0 გაიმარჯვა. თუმცა, რეალისტები, რომ ვიყოთ, ანგარიში ალბათ, უფრო დიდი უნდა ყოფილიყო.


„ეს  შეკრება რომ შევაჯამოთ - გვქონდა ორი კარგი თამაში. პირველ თამაშში გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ ძალიან კარგად ვითამაშეთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ახალი სისტემით ვთამაშობთ და ამის დახვეწას დრო სჭირდება. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა, მეორე შეხვედრისას ამ ყველაფერს უფრო აუღეს ალღო, მიხვდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. მაშინაც კი, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდმა შეცვალა სათამაშო სისტემა, გოგოებმა კარგად მოახერხეს, ამ გარემოებასთან გამკლავება. ჩვენ გვქონდა ბევრი მომენტი და ეს გარემოება მახარებს. ჩვენ გავიტანეთ და რაც უფრო მიხარია, რომ არ გავუშვით. ასე უნდა გავაგრძელოთ, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ვიყოთ დაცულები, მაგრამ ამავდროულად უნდა სახიფათოები ვიყოთ შეტევაში. ჩვენ გვყავს ბევრი კარგი შემტევი ფეხბურთელი და გვჭირდება, ბმა დაცვისა და შეტევის ხაზს შორის და ვამაყობ, რომ დღეს ეს მოვახერხეთ,"  - ამბობ ირის ანტმანი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.  


პირველი თამაშისგან განსხვავებით, ორივე გუნდს სასტარტო შემადგენლობაში მცირე ცვლილებები ჰქონდა. მაგალითად ორივე ნაკრებმა, შეცვალა მეკარეები, დღეს საქართველოს ნაკრების კარს თათია გაბუნია იცავდა, რაც შეეხება მოლდოველებს, მარგარიტა პანოვას ნაცვლად, რომელმაც საქართველოსა და მოლდოვას პირველი დაპირისპირებისას მინიმუმ სამი „მკვდარი ბურთი" აიღო, დღეს კარს, ნატალია მუნტიანუ იცავდა. პირველი შეხვედრის მსგავსად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები აქტიურები იყვნენ, პირველი გოლი კი კუთხურს მოჰყვა, რომელიც 29-ე წუთზე მაიკო ბებია (დღეს სასტარტოდან დაიწყო) ჩააწოდა, ნათია დანელიამ კი, ბრძოლაში ბურთი თავით გადააგზავნა მეტოქის კარში. კიდევ სამ წუთში, მეტოქის ნახევარზე პრესინგის შემდეგ, მოლდოველები შეცდნენ, 32-ე წუთზე ბურთს ლიზი მწყერაშვილი ეუფლება, ბებია კი, მეტოქისთვის მოულოდნელად ბურთს შეუხებლად ატარებს და თინათინ ამბალიას უტოვებს, რომელიც საკმაოდ ცივსისხლიანი აღმოჩნდა და მცველთან და მეკარესთან ბრძოლაში, ბურთი კარის მიმართულებით გაუშავა. 37-ე წუთზე მაიკო ბებია, მორიგ კუთხურს აწვდის, ნათია დანელიას კი, ამჯერად მარცხენა ფეხით გააქვს გოლი და ამ შეხვედრაში დუბლს იფორმებს.


სხვათა შორის, 36-ე წუთზე, გოლის გატანის შესაძლებლობა ჰქონდა კესო მეტონიძეს, „რაჭა 2020"-ის ფეხბურთელს, რომელიც ეროვნული ლიგის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე, ბომბარდირთა დავას, 46 გატანილი გოლით ლიდერობს. დღევანდელ შეხვედრაში, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო ეთერ სულაშვილმაც, რომელიც აქტიური იყო და კარგად გამოიყურებოდა.


„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა კვალიფიკაცია არ იყო კარგი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ახლა, მეტი ფეხბურთელი შემოგვემატა, მათ შორის არიან სკამზეც, რომლებიც მზად არიან სათამაშოდ. ფეხბურთელებს უნდათ უფრო მეტი სათამაშო დრო და ეს, ფეხბურთია.  ჩვენთვის ყველა გამარჯვება მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ ამის გადატანას, ფეხბურთელები მომდევნო თამაშებზეც მოახერხებენ. 4 ნოემბერს წილისყრა გვაქვს და გვინდა, „კარგი" გუნდები შეგხვდნენ, რომ რაიმე კარგი გავაკეთოთ, ისევე, როგორც ევროპის საკვალიფიკაციოზე ვქენით", - ამბობს ანტმანი.


ამ ეტაპზე გვიჭირს თქმა მოახერხებს თუ არა ირის ანტმანის გუნდი 2026 წლის თებერვლამდე შეკრების გავლას, სწორედ, თებერვლიდან, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე  დაიწყებს ასპარეზობას. რაც შეეხება მეტოქეებს, წილისყრა 4 ნოემბერს გაიმართება და ამ დღეს გაირკვევა ჯგუფიც და მეტოქეებიც, რომელთა წინააღმდეგაც საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის მოუწევს ბრძოლა.