ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს
ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს
27.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. ტიტე კალანდაძის გუნდი, 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით მონაწილეობას ტრადიციულ ტურნირზე „კარპატის თასზე" მიიღებს და სამ შეხვედრას გამართავს სლოვაკეთის, რუმინეთისა და უკრაინის ნაკრებების წინააღმდეგ.


30 ოქტომბერი  / სლოვაკეთი-საქართველო 

1 ნოემბერი  / რუმინეთი -საქართველო

2 ნოემბერი / უკრაინა -საქართველო


შეგახსენებთ, რომ ხელბურთში, ევროპის ჩემპიონატი, 2026 წლის 15 იანვარიდან 1 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და ჯგუფური ეტაპის თამაშებს, სამი ქვეყანა დანია, შვედეთი და ნორვეგია უმასპინძლებს. საერთო ჯამში, ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 24 ქვეყანა მოიყრის თავს და მეორედ ზედიზედ, მათ შორის საქართველოც იქნება.


საქართველოს ეროვნული ნაკრები ქალაქ მალმოში იასპარეზებს და თამაშებს Malmö Arena-ზე ჩაატარებს.

17 იანვარი 20:00 ხორვატია - საქართველო

19 იანვარი 22:30 საქართველო - შვედეთი

21 იანვარი 20:00 ნიდერლანდები-საქართველო


რაც შეეხება შემადგენლობას, კვირის ბოლოს ჩვენი ნაკრები დანაკლისით იასპარეზებს, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ იანვრისთვის, უკვე სრული შემადგენლობით შეიკრიბება.


საქართველოს ნაკრები „კარპატის თასზე" შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს - მეკარეები: დავით ნიქაბაძე, გიგი რუხაძე; მოთამაშეები: ერეკლე არსენიშვილი, ზურაბ გოგავა, ირაკლი კბილაშვილი, ნიკოლოზ კალანდაძე, გიორგი არეშიძე, გიორგი დიხამინჯია, გიორგი ლაპიაშვილი, მირიან გავაშელიშვილი, ხაზეინ რუსტამოვი, ვახტანგ ხელისუფალი, გიგა მელიავა, გუგა უთმელიძე, ვახტანგ ხარებაშვილი. 


"კარპატის თასის" გათამაშებაზე როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მცირე დანაკლისით მოუწევს ასპარეზობა. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის განცხადებით, ამ შეკრების დროს გუნდთან ერთად ვერ იქნება, ჩვენი ნაკრების ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს. სავარაუდოდ ხანგრძლივი ვადით გამოაკლდა გუნდს სანდრო დარსანია. არ იქნება არც ზურაბ ცინცაძე. მათ ნაცვლად ტიტე კალანდაძემ თავის გამოჩენის შანსი გიგი რუხაძეს, ვახტანგ ხარებაშვილს და გუგა უთმელიძეს მისცა.  ამავე გვერდზე დაყრდნობით, სამწუხაროდ ჯერ არ განუახლებია ვარჯიში საქართველოს ნაკრების კაპიტანს თემო ორჯონიკიძეს, რომელმაც, შეგახსენებთ, ტრავმა თბილისში მიიღო. სასიხარულოა რომ ნაკრებს ორწლიანი პაუზის შემდეგ ნიკოლოზ კალანდაძე უბრუნდება.