პირველად ისტორიაში „მასტერსი - საქართველო“ ჩატარდა
პირველად ისტორიაში „მასტერსი - საქართველო“ ჩატარდა
23.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ისტორიაში პირველად, 22 ოქტომბერს, თბილისში ჯუდოში აკადემიაში „მასტერსი -საქართველო" ჩატარდა, რომლის საპრიზო ფონდიც 154 000 ლარს შეადგენდა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინიციატივით, შეჯიბრში ქართველი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები მონაწილეობდნენ. მათ გარდა, თბილისში გამართულ მასტერსში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წონების ოთხ-ოთხ და ასაკობრივი გუნდების წარმომადგენლებსაც შეეძლოთ ასპარეზობა. საერთო ჯამში გამარჯვებულები ვაჟთა შორის შვიდ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.


პირველი თბილისური „მასტერსის" გამარჯვებულები გახდნენ: გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ), რომელმაც ჯაბა პაპინაშვილი დაამარცხა ფინალში. თორნიკე გიგაურმა (-66 კგ) ფინალში თემურ ნოზაძეს სძლია, გიორგი ტერაშვილმა (-73 კგ) მოიგო გიორგი ჩიხელიძეს, ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ) კოტე კაპანაძე დაამარცხა.  კვლავ სხვა წონაში იასპარეზა ტატო გრიგალაშვილმა (-90 კგ), რომელმაც ფინალში ამ წონის ერთ-ერთი წამყვანი ჯუდოკა ლუკა მაისურაძე დაამარცხა. ნიკა ხარაზიშვილმა (-100 კგ) მოუგო გიორგი ბენდელიანს, ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) კი, საბა ინანეიშვილი დაამარცხა.


საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში, არ გამორიცხავენ, რომ მაყურებლის ინტერესიდან გამომდინარე, მომავალში ტურნირი სხვა, უფრო დიდ სივრცეში ჩატარდეს. მანამდე კი, ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან ნოზაძე ოფიციალური გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში ხაზს უსვამს, რომ „მასტერსი - საქართველო" არის სტიმული, გამოცდილება და ამავდროულად, იმ სპორტსმენების ფინანსური სიძლიერისკენ დაფუძნებული ტურნირი, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ქვეყანას, სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენენ.


როგორც სტატიის დასაწყისში მოგახსენეთ, ტურნირს ჰქონდა საპრიზო ფონტი 154000 ლარი, საიდანაც გამარჯვებულებს 15000-15000 ლარი გადაეცათ. დანარჩენი თანხა, ვერცხლის მედალოსნებსა და ფინალში გასულ მწვრთნელებზე გადანაწილდა.