
მასპინძელი ლატვია, ხორვატია, საქართველო და საფრანგეთი - ეს არის A ჯგუფი, რომელშიც საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დაიწყებს ასპარეზობას. კაუნასში, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, შესაბამისად, თამაშების ზუსტი კალენდარი ოდნავ მოგვიანებით დადგინდება. ჯგუფური ეტაპის თამაშები კი, რიგაში, „არენა რიგაზე" ჩატარდება. ტურნირის დებულების თანახმად, გათამაშების მომდევნო ეტაპზე და მედლებისთვის ბრძოლას, საერთო ჯამში ოთხი ჯგუფის გამარჯვებული და მეორე ადგილოსანი გააგრძელებს.
„რაც არის ეგ არის. ადვილი ევროპაზე არავინ გვხდება, ამიტომ მთავარია, მენტალურად მზად ვიყოთ. დანარჩენს საქმე აჩვენებს. ვეცდებით, ჩვენი სიტყვა ვთქვათ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მას შემდეგ რაც ევროპის 2026 წლის ჩეპიონატზე ჩვენი ჯგუფი და მონაწილე გუნდები გაირკვნენ.
A ჯგუფი: ლატვია, ხორვატია, საქართველო, საფრანგეთი
„ეგრეც ვერ ვიტყვით, რომ ჯგუფიდან გასასვლელად (სარედაქციო შენიშვნა - ჯგუფიდან მეორე ადგილზე გასვლა არის ნაგულისმები) კონკურენტი მხოლოდ ხორვატია შეიძლება იყო, რადგან ლატვიაც საკმაოდ კარგი გუნდია და თან მასპინძელია. თანაც, გემახსოვრებათ, თბილისშიც მოგვიგეს თამაში, გვაჯობეს. ასე რომ თანაბარი შანსები გვაქვს, ჩვენც და ლატვიასაც და არ მგონია, ხორვატიამაც მარტივად გვაჯობოს და ფავორიტი იყოს. ჯგუფში, საფრანგეთი არის ოდნავ გამორჩეული. შემდეგ არის ხორვატია და ჩვენ და ლატვია, თანაბარი დონის გუნდები ვართ. ყველასთან ბრძოლა შეიძლება, თუმცა, უკეთესი ჯგუფიც შეიძლება შეგვხვედროდა, მაგალითად ლიეტუვაში თუ მოგვიწევდა თამაში. ლიეტუვაც და ჩეხეთიც შედარებით სუსტი გუნდები არიან, ვიდრე ლატვია და ხორვატია. თუმცა, C და D ჯგუფებთან შედარებით, ეს კიდევ უფრო ნორმალური ჯგუფია. ასე რომ ვნახოთ", - ამბობს TSFF.Ge-სთან ლაპარაკში შოთა თოფურია, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი.
B ჯგუფი: ლიეტუვა, სომხეთი, ჩეხეთი, უკრაინა
1/4 ფინალში A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორე ადგილოსანს დაუპირისპირდება და B ჯგუფის გამარჯვებული A ჯგუფის მეორე ადგილოსანს. შესაბამისად ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ჩვენი მეტოქე, B ჯგუფიდან იქნება, სადაც მასპინძელი ლიეტუვას გარდა მოხვდნენ, სომხეთი, ჩეხეთი და უკრაინა.
აქვე გეტყვით იმ ორი ჯგუფის შემადგენლობასაც რომლებიც თამაშებს ევროპის 2027 წლის მესამე მასპინძელ ქვეყანაში, სლოვენიაში გამართავენ. შეგახსენებთ, რომ მესამე მასპინძელი ქვეყანა, უეფა-მ მას შემდეგ დაამატა, რაც ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ბელარუსის ნაკრებმა მოიპოვა. ლატვია და ლიეტუვა კი, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციისა და საომარო მოქმედებების დაწყების შემდეგ, რუსი სპორტსმენების გარდა, საკუთრი ქვეყნის ტერიტორიაზე ბელარუსების შეშვებაზეც უარს აცხადებენ. შესაბამისად, უეფა-მ ევროპის მასპინძელი ქვეყნების რიცხვი გაზარდა. ამრიგად, ლუბლიანაში ასპარეზობა ორ ჯგუფს მოუწევს:
C ჯგუფი: სლოვენია, ბელარუსი, ესპანეთი, ბელგია
D ჯგუფი: იტალია, უნგრეთი, პორტუგალია, პოლონეთი
ევროპის ჩემპიონატი სტარტს 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, ტურნირის მასპინძელი კი, სამი ქვეყანა, ლატვია, ლიეტუვა და სლოვენია იქნებიან. ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 ოქტომბრიდან დაიწყება.
ასევე იხილეთ სტატიის ბმული





ჩვენ







