„ტორპედომ“, „დინამო თბილისს“ გადაასწრო, დანარჩენი იგივეა...
„ტორპედომ“, „დინამო თბილისს“ გადაასწრო, დანარჩენი იგივეა...
22.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის დასრულებამდე 7 ტურით ადრე სატურნირო ცხრილის სათავეში „ტემპერატურა" მატულობს. ქუთაისის „ტორპედომ", როგორც იქნა „ამოისუნთქა" და 3 ქულით გადაასწრო „დინამო თბილისს", რომელიც ამ ტურშიც რეალურად სამ ფრონტზე (ეროვნული ლიგა, ლიგა 2, უეფა-ს ახალგაზრდული ლიგა) იბრძოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ფეხბურთელებს სწორედ ამ სამ გუნდში უწევთ როტაცია და ხშირად, რესურსთან ერთად, ეს ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობაზეც აისახება, თუმცა, ერთი რომ საორგანიზაციო კუთხით, კლუბსა და ტურნირის ორგანიზატორს შორის, ალბათ, კომუნიკაციის ნაკლებობაა, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც არ უნდა სათამაშო უპირატესობა ჰქონდეს, კარში თუ არ დაარტყამ, გოლი არ გავა.


ასე იყო, 29-ე ტურშიც, რომელშიც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი წყალტუბოში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში, ადგილობრივ „სამგურალს" დაუპირისპირდა. ისე, ერთი საინტერესო დეტალი, „სამგურალი" აღნიშნულ სტადიონზე ძირითადად მედლებისთვის მებრძოლ გუნდებს ეთამაშება, სხვებს 26 მაისს სახელობის სტადიონზე. ამ დეტალის თავისებურება კი, საკმაოდ მარტივი წასაკითხია, საფეხბურთო ცენტრი (მაგალითად, ისევე, როგორც „დინამო თბილისის აკადემიის" მოედანი, სადაც გასულ სეზონში, „დინამო თბილისის" მეორე გუნდმა „ტორპედო", სათასო შეხვედრაში 5-0 გაანადგურა) ე.წ. ჩაკეტილი სივრცეა, სადაც დიდ სტადიონებზე („დინამო არენა", „რამაზ შენგელია" - ანუ ოლიმპიური სტადიონები) მიჩვეულ გუნდებს, ყოველ შემთხვევაში შეხვედრის საწყისს წუთებში უჭირთ ადაპტაცია. დღესაც ასე, იყო, თამაშში, რომელშიც თბილისური გუნდი დომინირებდა, ფლობდა ბურთს, საბოლოოდ პირველ ტაიმში მათ კართან შექმნილი ორად-ორი სახიფათო მომენტის შედეგად დამარცხდა. წყალტუბოელთაგან, დუბლი (15', 45'+3) დამატებულ წუთებზე გიორგი ფანცულაიამ შეასრულა. 56-ე წუთზე კი, ონორი გომისმა გაიტანა, თუმცა თუნდაც ქულის გადასარჩენად, თბილისელთათვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. „დინამო თბილისმა", ამ გასვლაზე 2-1 წააგო.


თავის მხრივ, მოიგო მე-3 ადგილისთვის თბილისელთა უშუალო კონკურენტმა „ტორპედომ". თბილისის „იბერია 1999"-მა რომელიც ოქროს მედლებისთვის იბრძვის, რამაზ შენგელიაზე უშანსოდ წააგო და ახლა მომდევნო ტურში, უშუალო კონკურენტთან, გორის „დილასთან" მოუწევს მაქსიმუმის გაღება, რადგან საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ურთიერთშეხვედრების მაჩვენებლებით გადაძალოს. „ტორპედოსა" და" იბერია 1999"-ის დაპირისპირებაში კი, ანგარიში მე-19 წუთზე  ალეკო ბასილაძემ გახსნა. ვარლეი და სილვას გოლის შემდეგ, 32-ე წუთზე მასპინძლები უკვე ორი გოლით ლიდერობდნენ, თუმცა, ბაქარ ქარდავამ ქუთაისელებს გოლი გასახდელში გაატანა და საკუთარ გუნდს, მატჩის გადარჩენის იმედი გაუძლიერა. მიუხედავად ამ მცირე ფსიქოლოგიური უპირატესობისა, სტუმრება ვერაფერი გააწყვეს, 90-ე წუთზე კი, ფელიპე პირესისგან კიდევ ერთი გოლი მიიღეს და საბოლოოდ, 3-1 დამარცხდნენ.


სამაგიეროდ, დამაჯერებლად, 5-0 გაიმარჯვა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის „დილამ", რომელმაც „გაგრა" დაამარცხა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, გორელებმა დეო ბასინგასა (49', 70') და აბდალა ხლაიხალი (76', 89') და სანდრო ანდრონიკაშვილის (86') გოლებით მოიგეს და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნეს.


ფოთში, „ფაზისის" სტადიონზე კიდევ ერთხელ დამარცხდა „კოლხეთი 1913". „თელავთან" მატჩში, გათამაშების ორმა აუტსაიდერმა გუნდმა პირველი ტაიმი მშრალად ითამაშა, სართო ჯამში, თუ ყვითელი ბარათების რაოდენობას (8) მოვიშველიებთ, უხეშ თამაშშიც, გადამწყვეტი მასპინძელთა კარში დანიშნული 11-მეტრიანი აღმოჩნდა, რომელიც ზუსტად შეასრულა ინიგო მარტინიმ 76-ე წუთზე. „თელავმა" კი, 0-1 გაიმარჯვა, საჭირო 3 ქულა აიღო, თუმცა, დარჩენილ ტურებში, მაქსიმუმის გაკეთება მოუწევს, რომ გადასათამაშებელ ზონას ასცდეს. რაც შეეხება ფოთელთა გუნდს, ის დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში ერთი ლიგით დაქვეითდება.


ქართულ საფეხბურთო რეალობაში ტრიუმფალური პერიოდის შემდეგ, გრძელდება ბათუმელთა წარუმატებელი პერიოდი. ამჯერად, ბათუმის „დინამო" სახლში, აჭარაბეთ არენაზე, სატურნირო ცხრილის ერთ-ერთ აუტსაიდერთან, „გარეჯთან" 1-4 დამარცხდა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, მოვლენები ბათუმელთათვის არასასურველი სცენარით განვითარდა, 49-ე წუთზე გუნდს, მეკარე გაუძევეს. ჯერ კიდევ სათამაშო აკლიმატიზაცია გაუვლელ საბა ისმაილოვს კი, ნიკოლოზ გალახვარიძემ (51', 52') წუთებზე (!) დუბლი შეუსრულა. ამის შემდეგ, 62-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა, სტუმართა შემადგენლობაში შეცვლაზე შემოსულმა დავით სხირტლაძემ მორიგი გოლი გაიტანა (69') მიმდინარე ჩეპიონატში. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-4 დამატებულ წუთზე კი სერგო კიხიანიძემ 11-მეტრიანი გაუტანა მასპინძლებს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


ეროვნული ლიგის მომდევნო 30-ე ტური 26, 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება.

სატურნირო ცხრილი


ფოტო: „სამგურალი"