ერთი თამაშის ამბავი, განწყობა და ის, რაც არ იქნება ურიგო ვისწავლოთ
ერთი თამაშის ამბავი, განწყობა და ის, რაც არ იქნება ურიგო ვისწავლოთ
17.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სტამბოლში, Fenerbahce Ulker Sports Arena (ფენერბაჰჩე ულქერ სპორთს არენა) დღეს ევროპა ლიგის მე-5 სათამაშო დღეს, ადგილობრივმა „ფენერბაჰჩემ", მიუნჰენის „ბაიერნს" უმასპინძლა. თამაშზე, რომელიც ადგილობრივი დროით, 20:45 საათზე დაიწყო, ორგანიზატორებმა გულშემატკივრის მიღება, თამაშამდე თითქმის 2 საათნახევრით ადრე დაიწყეს. სწორედ ამ დროიდან  „ფენერბაჰჩეს" გულშემატკივარს დარბაზის ფოიეში სხვადასხვა გასართობი დახვდათ - აქ, ასეა ყოველი თამაშისას და როგორც ჩვენს გვერდთან ლაპარაკში, „ფენერბაჰჩეს" ფანებმა აღნიშნეს, ევროლიგაზე მეტი დღესასწაული, როდესაც თურქეთის ჩემპიონატის თამაში და განსაკუთრებით, სტამბოლური დერბია, მაშინ არისო. რა მოგატყუოთ და ნამდვილად მომინდა მსგავს დაპირისპირებაზე დასწრება. ისე, არ იქნება ურიგო, სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორებმა საკუთარი წარმომადგენლები, პრაქტიკის მიზნით, მსგავს „ივენთებზე" მიავლინოს, იქნებ „ივენთებიც" ზეიმს დავამსგავსოთ და ცარიელ დარბაზებშიც, გულშემატკივარი დავაბრუნოთ... ვიდრე, უშუალოდ თამაშზე გიამბობთ, რომელიც შოუს ელემენტებით იყო გაჯერებული და მთელი მატჩის მანძილზე, არც გულშემატკივარს შეურცხვენია თავი პასიურობით, იმასაც გეტყვით, რომ თამაშის დღეს, „ფენერბაჰჩეს" ორ საკლუბო მაღაზიასთან მომიხდა მოხვედრა და თვალში მომხვდა რიგები - გულშემატკივარი საკლუბო ფორმას ყიდულობდა... რომელსაც, სხვათა შორის, არც ისეთი ცეცხლის ფასი უკიდია, როგორც ჩვენთან და ზოგადად, არჩევანიც საკმაოდ დიდია...


რაც შეეხება დარბაზს - ათაშეჰირში მდებარე 2012 წელს აშენებული დარბაზი 13500 მაყურებელზეა გათვლილი და როგორც წესი, ის ყოველთვის სავსეა. კლუბის ფერებში გამოწყობილი მედიის წარმომადგენლები ე.წ. ქუჩის გამოკითხვას აწარმოებდნენ და ამ გზით, კიდევ უფრო ცდილობდნენ საკუთარი ქომაგის შეგულიანებას. შესაძლოა უზარმაზარ სტამბოლს არა, მაგრამ რამდენიმე კონკრეტულ ლოკაციაზე, იგრძნობოდა რომ ამ დღეს, თამაში იყო. შედარებისთვის, რა ხდება თამაშების დღეს საქართველოში? შემთხვევით თუ ფლეშ-სქორით „ნოთიფიქეიშენი" (შეტყობინება) არ მოვიდა, ბევრმა არც იცის, რომ თამაშია. მედია კიდევ, თუ ნაკრები და ისიც, ესპანეთთან არ თამაშობს, მაგალითად ფეხბურთს, რადგან სხვა სახეობები აშკარად მინუსშია, ხშირად თავს არც იწუხებს წინასწარ რაიმე ინფორმაცია მოიძიოს და გადასცეს. ბუნებრივია, ყველას არ ეხება - უბრალოდ, არის ასეთი „პერო მედიის" კატეგორიაც.  




დავუბრუნდეთ ისევ სტამბოლს და „ფენერისა" და „ბაიერნის" შეხვედრას. ევროლიგის 2025-2026 წლების სატურნირო ცხრილს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, მასპინძელთა გუნდი ფურცელზე ფავორიტია. ევროლოგის ტურნირებზე 2014-2015 წლის სეზონიდან მოყოლებული, გუნდები 17-ჯერ გადაიკვეთნენ და მხოლოდ, სამჯერ მოახერხა გერმანულმა კლუბმა გამარჯვება. ამას გარდა, თურქულმა კლუბმა, ამ გუნდების დაპირისპირებებიდან ბოლო 5 თამაში მოიგო.


თუმცა, ჩვენი ინტერესი დღევანდელი მატჩისადმი, სხვა გარემოებით იყო გამოწვეული. სტუმარი გუნდის შემადგენლობაში ჩვენი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი კამარ ბოლდვინი თამაშობს. თუმცა, კამარს, ეროვნული ნაკრებისა არ იყოს, საქმე კარგად არც კლუბში მისდიოდა, ყოველ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ თამაშამდე.


კამარმა, ეს შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და „ბაიერნის" შემადგენლობიდან საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა მოგვიანებით. ჩვენი ნაკრების ნატურალიზებულმა მოთამაშემ თურქული კლუბის თანამოგვარის მსგავსად საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა მარგი ქმედების კოეფიციენტით, კამარის მაჩვენებელმა 19 შეადგინა, ხოლო „ფენერბაჰჩეს" ბოლდვინისამ 16.




კამარმა პარკეტზე გუნდიდან ყველაზე მეტი დრო  25:03 წუთი გაატარა, დააგროვა 11 ქულა, გააკეთა 7 ასისტი და ორჯერ მეტოქეს ბურთი მოპარა.


რაც შეეხება თამაშს, „ბაიერნმა" მხოლოდ, პირველ მეოთხედში მოახერხა მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ის მეოთხედი მოიგო კიდეც 14-20, თუმცა, მომდევნო მონაკვეთიდან, მასპინძლებმა, ნელ-ნელა უპირატესობა გაზარდეს  და მომდევნო ორი მეოთხედი მოიგეს (23-12, 25-17). რეალურად თამაშის სწორედ, ეს მონაკვეთი აღმოჩნდა გადამწყვეტი. ბოლო მეოთხედში, სტუმრებმა სცადეს, თამაშის შემოტრიალება, 1 ქულით მოიგეს ეს მეოთხედიც, 26-27 თუმცა, ზემოთხსენებულ ორ მეოთხედში გაშვებული ქულების აღმოფხვრა, დარბაზის იმ ფანტასტიკური მხარდაჭერის ფონზე, შეუძლებელი გახდა. კამარ ბოლდვინის „ბაიერნმა" წააგო, 88-73. 


მომდევნო შეხვედრას, ქართველი ნატურალიზებული ლეგიონერის გუნდი, 24 ოქტომბერს „ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება. „ფენერბაჰჩე" კი, გასვლაზე სტამბოლშივე „ანადოლუ ეფეს ისტანბულს" შეხვდება.  


ასევე იხილეთ ალბომი