
24 ოქტომბერს გაირკვევა თუ სად ითამაშებს და ვის დაუწყვილდება საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები თავის მეორე ევროპის ჩემპიონატზე. ევროპის ჩემპიონატი კი, 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სამი ქვეყნის დედაქალაქში, რიგაში, კაუნასსა და ლიუბლიანაში გაიმართება. აღნიშნული ჩემპიონატისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა უკვე დაიწყო. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ასათიანის გუნდმა 18 და 20 ოქტომბერს ორი სპარინგი გამართა ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.
დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ეს გუნდები მეორედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ამიტომ დღევანდელით დავიწყოთ. პირველი შეხვედრის მსგავსად, დღევანდელი მატჩიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ამასთან, პირველი თამაშისგან განსხვავებით, დღეს, სტუმრები დაწინაურდნენ. 04'07" წუთზე, ერნეს საიპიდინოვმა გაიტანა და შემდეგ, 11'11'' დუბლიც გაიფორმა. სტუმრებს კიდევ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, თუმცა, ამჯერად ჩვენი კარი ბექა ტყემალაძემ იხსნა. ამის შემდეგ, ასათიანის გუნდს რამდენჯერმე შეეძლო მინიმუმ გოლის გაქვითვა, საიდანაც ერთ მომენტში ყაზახეთის ნაკრების კარი, ხარიხამ იხსნა.
საქართველოს ნაკრები აქტიურობდა, თუმცა გოლი მხოლოდ 30'04'' გავიტანეთ. ანგარიში გიორგი ჩიმაკაძემ შეამცირა, 1-2. თითქმის 3 წუთი ავთანდილ ასათიანის გუნდმა ზედმეტი მოთამაშის ტაქტიკას მიმართა - ქართული გუნდის შტურმი კი, შეხვედრის დასრულებამდე 21 წამით ადრე 39'38" შოთა თოფურიას გადაცემის შემდეგ ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა 2-2. ყირგიზებმა დარჩენილ დროში, ქართველთ კარის შტურმი სცადეს. თუმცა, მეორე ტაიმში საქართველოს კარის დარაჯმა ლუკა ხარშილაძემ, რომელსაც ტაიმის მიმდინარეობისას რამდენიმე კარგი მოგერიება ჰქონდა, საქართველოს ნაკრების კარში ბურთი არ გაატარა.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა, საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 3-2 დასრულდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჯანო კვარაცხელიას (09'53) ჯანიკო გიორგაიას (36'50") და გიორგი ჩიმაკაძის (39'13") გოლებით გაიმარჯვა.
თამაშის დაწყებამდე, სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა საქართველოს ნაკრების რიგებში ჩატარებული 100 მატჩის აღსანიშნავად, ირაკლი თოდუას (რომლისთვისაც უკვე მეორე ათეულის ათვლა დაიწყო - შეგახსენებთ, თოდუამ მეასე შეხვედრა სლოვაკეთის წინააღმდეგ, ევრო 2026-ის ფლეი-ოფში ჩაატარა) და შოთა თოფურიას ეროვნულის ნაკრების 100-ნომრიანი ფორმები გადასცეს. თოფურიასთვის ეროვნული ნაკრების მაისურით გამართული მე-100 შეხვედრა, სწორედ, ყირგიზეთთან ჩატარებული პირველი სპარინგი გამოდგა.
სფფ-ის ფოტო