ვისთვის საოცნებო და ვისთვის კოშმარული - ქართველებს შვება ვერც ოქტომბრის ფანჯარამ მოგვგვარა
ვისთვის საოცნებო და ვისთვის კოშმარული - ქართველებს შვება ვერც ოქტომბრის ფანჯარამ მოგვგვარა
15.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თამაშის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი იტყვის, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, განსაკუთრებით ბოლო 10 თვეში მისმა გუნდმა დაკარგა ის თვისება, რაც გამოარჩევდა - ბრძოლისუნარიანობა ბოლო წუთებამდე.


„იცით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აღვნიშნე, რომ ფეხბურთელებისთვის დიდი პრობლემა იქნებოდა, თუ რამდენად მალე მოვახერხებდით დაგვევიწყებინა ევროპის ჩემპიონატი. ვფიქრობ, ეს ვერ მოვახერხეთ. თან, არა მარტო ფეხბურთელებმა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ჩვენ, ე.წ. კომფორტის ზონაში ვიგრძენით თავი და იქიდან, გამოსვლა გაგვიჭირდა. ახლა, ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანია მივიღოთ რეალობა - ვინ ვართ, ფეხბურთელები, სამწვრთნელო გუნდი, ფედერაცია, მთლიანად ჩვენ", - ამბობს ვილი სანიოლი.



საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, თითქოს დაიწო აგრესიულად, თუმცა, კარისკენ არ დაგვირტყამს და ეს აგრესიულობაც გაშვებულ გოლამდე გაგრძელდა. მერე ავიჭერით, ავიბლანდეთ და არავის ეწყინება, რას ვაკეთებდით, ჩვენვე არ გვესმოდა. ბოლო წლების შემდეგ, ჩვენს საჯარიმოში ბურთის შესვლა და მითუმეტეს კარისკენ დარტყმის, პირველად მეშინოდა. კლუბებში უთამაშებლობა და სიტყვის მარაგად და აღსაწერად გამოვიყენებ, „მოჩალაჩული" ვიზუალი გუნდის და არა ცალკეული ფეხბურთელების ცოტა არ იყოს მძაბავდა.


„წინა წლებში რაც გვახასიათებდა იყო ბრძოლისუნარიანობა, გუნდი ვიბრძოდით ბოლო წუთამდე. ახლა, ბოლო 10 თვეში, ეს ყველაფერი ცოტათი დავივიწყეთ. თუკი, მომავალში გვინდა რომ დიდ ტურნირებზე ვითამაშოთ, გვინდა გავიაროთ კვალიფიკაცია, კვლავ უნდა დავიწყოთ ბოლომდე ბრძოლა და ეს გავაკეთოდ ყველა თამაშში. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს დავივიწყეთ. ახლა, უდიდესი ძალისხმევა გვჭირდება, რომ დარჩენილი თვეებში და მატჩებში, ამის გამოსწორება მოვახერხოთ," - ამბობს ვილი სანიოლი მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე.



სანიოლის გუნდმა, კარგად დაიწყო, თუმცა, ერთ-ერთი კონტრშეტევისას, რომლის დროსაც ჩვენები თამაშგარის დაფიქსირებას ითხოვდნენ გოლი გაგვივიდა. აბდულქერი ბარდაქჩის გადაცემის შემდეგ, მე-14 წუთზე, ქენან ილდიზმია გაგვიტანა. მომდევნო ცუდი მომენტი ჩვენ 22-ე წუთზე დაგვიდგა, როდესაც ჰაქან ჩალჰანოლუს კუთხურის შემდეგ, თავით გიორგი მამარდაშვილის კარში, მერიჰ დემირალიმ გაგვიტანა. 35-ე წუთზე უკვე იუნუს აქგიუმა გაზარდა ანგარიში სამამდე.... ეს კატასტროფა იყო. თურქებმა პირველი ტაიმი 3-0 მოიგეს. ერთი დეტალი, რასაც შეეძლო შეეცვალა ვითარება - ქართველთა გუნდი, ერთ-ერთ მომენტში, თურქების ხელით თამაშის გამო, 11-მეტრიანს ითხოვდა. თუმცა, მომენტი VAR-მა არ გადაამოწმა. ისე, რომც გადაემოწმებინა რა? ჩვენი მოსაზრებით, პირველი გოლი ჩასათვლელი არ იყო, რადგან ილდიზი და კიდევ ერთი თურქი ფეხბურთელი ქართველი მცველების უკან იყვნენ, მცირედით, მაგრამ ერთდროულად ორი (!).


„სხვაობა, პირველ და მეორე ტაიმს შორის ძალიან დიდი იყო. თამაში ისე დავიწყეთ, თითქოს, კომფორტის ზონაში ვიყავით, თითქოს შეგვეძლო მოგება ინტენსივობისა და აგრესიულობის გარეშე. თუმცა, ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც თურქეთია, შანსი საერთოდ არ გაქვს, თუ თამაშს არ იწყებ სრული მობილიზებით, უბრალოდ არ გაქვს არანაირი შანსი. თურქეთს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც რეგულარულად თამაშობენ უმაღლეს დონეზე, თურქეთმა დღეს ითამაშ, როგორც მნიშვნელოვანი მატჩი, ხოლო ჩვენ - არა. სწორედ ეს იყო ძალიან დიდი განსხვავება,"- იტყვის თამაშის შემდეგ ვილი სანიოლი, რომლის გუნდმაც პირველ ტაიმში სამი გოლი გაუშვა.



ზოგადად, ჩვენს ნაკრებს ჩვევია განსხვავებული ტაიმების თამაში და გამონაკლისი, არც დღევანდელი იყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვის წინ, თბილისში 0-3-დან დავუტრიალეთ, ამჯერად, ქოჯაელის სტადიონის აქტიური გულშემატკივრობის ფონზე, რომლებიც ბუნებრივია, მსაჯებზეც ზემოქმედებდნენ (ისევე, როგორც მაგალითად ჩვენ ბერძნებთან, ევროპაზე გასასვლელი მატჩისას), ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვიდექით. ამას, 52-ე წუთზე დემირელის დუბლიც დაემატა... გოლი გოლად, მაგრამ გოლი რომ გავიდეს, კარშიც უნდა დაარტყა და ძირითადად, კარში არ ვარტყამდით. მაშინაც კი, როცა, შეცვლაზე ქართველი ქომაგისგან მოთხოვნადი ბუდუ ზივზივაძე შემოვიდა. არა საწყენად (!) ჟორჟი მიქაუტაძე რეალურად საერთოდ დაკარგული იყო მოედანზე, ხვიჩა კვარაცხელიასაც დაახლოებით იგივე პრობლემა ჰქონდა და ზოგადად, კრილოვის იგავისა არ იყო, ყველა თავის მხარეს ცდილობდა გადაექაჩა სასწორი.  


„როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი, უბრალოდ ვალდებული ვარ, რომ ვიყო ოპტიმისტი და ჩემი გუნდის მჯეროდეს. საქართველოს ნაკრებს, მომავალშიც შეუძლია წარმატების მიღწევა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, თუ თითოეული მატჩს, იქნება ეს თურქეთის, ბულგარეთის თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, 100%-ით არ დავიხარჯებით, მაშინ შანსი არ გვექნება. როგორც აღვნიშნე, ეს იქნება მთავარი სამუშაო მიმართულება მომავალში. თუ ჩვენ ისევ არ გავხდით ძლიერი გუნდი, გულწრფელად რომ ვთქვა, მაშინ გაგვიჭირდება. შეიძლება გვყავდეს 3-4 ინდივიდუალურად კარგად მოთამაშე ფეხბურთელი, მაგრამ როდესაც მაღალი რანგის გუნდებს ეთამაშები, მარტო ინდივიდუალიზმით, ფონს ვერ გახვალ.  მათაც ჰყავთ ბევრი კარგი ინდივიდუალური მოთამაშე. ამიტომ, ამ 3-4 ფეხბურთელს ვერ დავეყრდნობით და გუნდურად სწორად თამაში უნდა ვისწავლოთ", - ამბობს სანიოლი.



პრესტიჟის გოლი, 64-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის გადაცემის შემდეგ და ვაღიაროთ, რომ ინდივიდუალური უნარების წყალობით, გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ამის შემდეგ, მაშინ როცა თურქეთის ნაკრებმა ცვლილებები გააკეთა (ბუნებრივია, ჩვენც გვქონდა ცვლილებები), საქართველოს ნაკრებმა ვერაფერი გააკეთა!


„უბრალოდ ვფიქრობ, ამ მომენტისთვის ჩვენი დონე არ არის ისეთი, როგორიც გვაქვს. უნდა ვიმუშაოთ მოედანზე, რომ უკეთესები გავხდეთ. თურქეთს ფანტასტიკური გუნდი ჰყავს. ისინი ყოველ შაბათ-კვირას თამაშობენ უმაღლესი დონის მატჩებს. ყველას გვაქვს სიამაყე, მაგრამ დღეს უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ თურქეთი ახლა ბევრად განსხვავებულ, უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ჩვენ. ეს არ ეხება მხოლოდ აგრესიულობას, ტაქტიკას ან ტექნიკას, მთლიანობაში თურქეთი სხვა, უფრო მაღალი დონის გუნდია",- ამბობს ვილი სანიოლი, რომლის გუნდიდან წასვლასაც, მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივრისა და მედიის, თუ ინფლუენსერთა ნაწილი ითხოვდა.


ამასობაში თურქეთმა რომელმაც 4-1 მოგვიგო, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მიუახლოვდა. ვინჩენცო მონტელა, ახლა დარჩენილ ორ თამაშში, მუნდიალზე გასამგზავრებლად მხოლოდ 1 ქულას ელოდება და ჩვენთან კომენტარისას ამბობს:



„ბედნიერები ვართ, ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ. ველოდებოდით, თავდაჯერებულ, აგრესიულ საქართველოს ნაკრებს. ამისთვის მოვემზადეთ. განსაკუთრებით მიხარია ეს ორი გამარჯვება, ბევრი გოლი გავიტანეთ და ბიჭები ამას იმსახურებდნენ. ახლა მომდევნო მატჩებისთვის საუკეთესოდ მოვემზადებით, რადგან ერთი ქულა გვაკლია ფლეი-ოფის საგზურის განაღდებისთვის. ძალიან კარგი 10 დღე გავატარეთ ერთად"- ამბობს, ვინჩენცო მონტელა.


„ჯადოსნური კვირის" ბოლოს, როგორც თურქებმა ბულგარეთთან და საქართველოსთან აღებული 6 ქულა „მონათლეს" ჩვენმა კოლეგებმა ვინჩენცო მონტელასთან ერთად გადაღებული ფოტოთი აღნიშნეს. თუმცა, მანამდე, თურქებმა მადლობა გადაუხადეს რესპუბლიკის სამ თვალსაჩინო სპორტსმენს - 100 მატჩი ეროვნული ნაკრების მაისურით, ქოჯაელის სტადიონზე, თურქეთისა და საქართველოს მატჩების წინ, მასპინძელი ნაკრების ქომაგებმა, ქვეყნისთვის გაწეული ამაგის გამო, მადლობა გადაუხადეს ფეხბურთელს ჰაქან ჩალჰხანოლუს, რომელიც მატჩის დაწყებამდე, თურქეთის ფედერაციამ საგანგებოდ, დაასაჩუქრა კიდეც, კალათბურთელ ჯედი ოსმანს და ფრენბურთელ ქალს ედა ერდემს. ულტრების ტრიბუნაზე, ხსენებული სპორტსმენების პატივსაცემად, თამაშის დაწყებამდე, მათი უზარმაზარი ბანერი აღიმართა...




თურქეთთან მატჩი საქართველოს შემადგენლობა

ძირითადი შემადგენლობა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა გოგლიჩიძე,  ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ანრი მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე,

სათადარიგო შემადგენლობა: გიორგი კერესელიძე, ლუკა გუგეშაშვილი, ლაშა დვალი, გურამ კაშია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გულიაშვილი, საბა ლობჟანიძე, ირაკლი აზაროვი, ლადო მამუჩაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი კვერნაძე




სპეციალურად ქოჯაელიდან