
მატჩის შემდეგ, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, ალბათ, ქართულ მედიასთან შეხვედრა ყველაზე ნაკლებად სურდათ, თუმცა, პროტოკოლი, პროტოკოლია. თურქეთის ნაკრების ბარიერს კი, უკვე მესამედ, ბოლო წელიწადნახევარში ვილი სანიოლის გუნდი ვერ ლახავს. დღევანდელი მარცხი, კი, ყველაზე მტკივნეული იყო. საქართველოს ნაკრებმა, გასვლაზე ქოჯაელში 4-1 წააგო. ერთადერთი გოლი კი, დღეს გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
გიორგი ქოჩორაშვილი: „ძალიან რთულია მიზეზების პოვნა. ცივ გონებაზე უფრო ადვილი იქნება. ახლა ყველაზე ადვილია თავის ჩახრა და ნეგატივზე საუბარი. ვიცით, რა რთულ მდგომარეობაშიც ვართ. იმ დიდი გამარჯვებების შემდეგ ასეთი დაცემა არავის გვინდა, არც ერთ ფეხბურთელს, არც მე, არც ჩემს ოჯახს და მთლიანად საქართველოს არ სიამოვნებს, როდესაც ფეხბურთელები მოედანზე ვერ ვახერხებთ იმის შექმნას, რისი შექმნაც გვინდა. თუმცა, საქართველოს ყოველთვის ჰქონია რთული მომენტები და ყოველთვის ვიცით, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ რთული მომენტებიდან. დარწმუნებული ვარ, ამ თითოეულ წაგებას, ჩვენს შეცდომას, ჩვენს თავზე ავიღებთ, პირველ რიგში ჩემს თავს ვგულისხმობ. ახლა კლუბებში მივდივართ, მაგრამ მაინც ეროვნულ ნაკრებზე და ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი უკვე აღარ გვაქვს, მაგრამ დარჩენილი მატჩები უნდა გამოვიყენოთ მომავლისთვის. ნეგატივი ადვილია, მაგრამ პოზიტივი უნდა ვიპოვოთ, რომ მომდევნო მატჩებში ეს ყველაფერი რამენაირად გამოვასწოროთ. გულშემატკივრებს მადლობის მეტს ვერაფერს გადავუხდი. ვეცადეთ, მოედნიდან გვეთქვა მადლობა, მაგრამ დღეს ეს ვერ მოხერხდა".
![]() |
![]() |
ზურიკო დავითაშვილი: „ცხელ გულზე დასკვნების გამოტანა რთულია. რაც გვინდოდა, ის ვერ გავაკეთეთ. მადლობა ჩვენს ქომაგებს, რომლებიც ამხელა გზაზე ჩამოვიდნენ და ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ, დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ისე ვერ მოვემზადეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა დაგვემსახურებინა. თამაში რომ დაიწყო, თურქეთს ძალიან დიდი უპირატესობა არ ჰქონია, ვგულისხმობ გოლამდე მონაკვეთს, არეული თამაში იყო, ჩვენც გვქონდა რეალური მომენტი. სამწუხაროა ეს ყველაფერი, დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და აუცილებლად უფრო ძლიერები დავბრუნდებით. გუნდში ისევ ისეთი გარემოა, თუ უკეთესი არა. სტადიონზე ალბათ, სხვა ქიმია გვჭირდება, უნდა გამოვასწოროთ, არ მაქვს პასუხი, სად გაქრა ნაპერწკალი, მაგრამ ჩვენც ისე გვტკივა, როგორც თქვენ და არ დავნებდებით".
მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორი შეხვედრას, სახლში ესპანეთის წინააღმდეგ და გასვლაზე ბულგარეთში, ჩვენი გუნდი ნოემბერში გამართავს. მუნდიალზე მოსახვედრად ჩვენს გუნდს თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა, აქ მთელი ალგორითმია გასამართი, რაც ალალები, რომ ვიყოთ, ამ ეტაპზე, საკმაოდ რთულად გასაკეთებელია - ჩვენს ნაკრებს, თითქოს სული აქვს დაკარგული.
სპეციალურად ქოჯაელიდან