
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ამჯერად, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, კვლავ წააგო ესპანეთთან. თუმცა, განსხვავებით სხვა თამაშებისგან, დღევანდელ შეხვედრაში პირადად ჩვენ, ხასიათი დაგვაკლდა - ის, რასაც ბოლო წლებში ვილი სანიოლის გუნდმა შეგვაჩვია. ესპანელებს კი, გოლები, რადგან გიორგი მამარდაშვილმა, მათ რეალურად გოლები არ გაატანინა. თუ არ ჩავთვლით, ალბათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები კარში გატანილ მეორე გოლს, რომელიც არ ეწყინება „მამარდას" და მის კისერზეა. სტანდარტულიდან, მიკელ ოიარსაბალიმ 64-ე წუთზე, მეკარის კუთხეში უძლიერესი დარტყმით გაიტანა. თუმცა, მანამდე, ჩვენი გუნდის მეკარემ 30-ე წუთზე ტორესს პენალტი აუღო. ისე, ბოლო ათწუთეულში, გიორგის ანგარიშზე კიდევ ერთი კარგი „სეივი" იყო.
რაც შეეხება პირველ გოლს, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კარში გავიდა, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით თამაშგარეს ჰგავდა, თუმცა, გოლი VAR-მა გადაამოწმა და ჩათვალა. კვლავ ჩვენი მოსაზრებით, ვიდეო რეფერის ოთახმა, ამ სახით, ესპანელებს ის ჯარიმა დაუბრუნდა, რომელიც ქოჩორაშვილზე არ დააფიქსირა. ასეა თუ ისე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უნიათო შეხვედრა ჩაატარა და დე ლა ფუენტეს განახევრებულ გუნდთან, ვერაფერი გააწყო.
„მომდევნო მატჩი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა თურქეთში იმავე შემართებით და აგრესიით თუ ჩავალთ, არაფერი გამოგვივა. მე პოზიტიური ადამიანი ვარ და მჯერა, რომ ეს სიტუაცია შეიცვლება. ფეხბურთელებს ბევრი ველაპარაკეთ და ჩემი გადმოსახედიდან ჩვენი მოთამაშეებისგან სამშაბათს სრულიად განსხვავებულ მატჩს ველოდები. უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ხარისხი, იმიტომ რომ გვაქვს, მაგრამ როგორც ვთქვი, შემართება არ იყო ის, რაც გვჭირდებოდა დღევანდელ თამაშში და შედეგიც სახეზეა,"- ამბობს ვილი სანიოლი მატჩის დასრულების შემდეგ, მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.
იამალისა და ნიკოს არ ყოფნაში, ჩვენ მარტივად, გამოვიყენეთ სხვადასხვა ტიპის ფეხბურთელების რესურსი, ჩვენ გვქონდა ხარისხი ყველგანო, იტყვის თამაშის შემდეგ დე ლა ფუენტე, რომელიც მატჩამდე იძახდა, რომ მას აქვს 50-60 ფეხბურთელის იმედი, რომელთაგან ყოველთვის გააკეთებს 2-3 ესპანეთის ნაკრებს.
„ესპანურ ფეხბურთზე მთელი საღამო შეგვიძლია ვისაუბროთ. რასაც მოედანზე ხედავთ, ეს არის ფედერაციის და ესპანური ფეხბურთის წლების შრომის შედეგი. გახსოვთ ესპანეთის ნაკრები ოთხმოციან და ოთხმოცდაათიან წლებში? ყოველთვის ის გუნდი იყო, რომელიც კარგად თამაშობდა, თუმცა შესაძლებელია აკლდა ძალა, სიჩქარე და ამ ყველაფერზე იმუშავეს. მათ დაიწყეს ინტელიგენტი ფეხბურთელების აღზრდა. შეგიძლიათ პედრის შეხედოთ, ის 5 კილოგრამია და ქარიან ამინდში, შესაძლებელია გაფრინდეს, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. იმიტომ, რომ გონიერი ფეხბურთელია და ისინი ყოველთვის გუნდურად თამაშობენ. ყველაზე მნიშვნელოვანია, შენს თანაგუნდელებს გამოსავალი მისცე. ამას ახლა მთელი ესპანური ფეხბურთი აკეთებს. მათ აღზარდეს ძალიან ბევრი ასეთი ფეხბურთელი. მათ დღეს ტრავმის გამო 6 ან 7 ფეხბურთელი აკლდათ, თუმცა სხვაობა საერთოდ არ ყოფილა. ვფიქრობ, სხვა ქვეყნებმაც მაგალითად უნდა აიღონ", - ამბობს ვილი სანიოლი.
ალბათ, მაგალითი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც უნდა აიღოს, რომელსაც დღეს, ჩვენი გუნდის ყველა ლიდერი ამ ესპანურ შტორმში დაეკარგა. უფრო მეტიც, პირველი ტაიმის შემდეგ, ესპანეთის ნაკრებს 12-ჯერ ჰქონდა საქართველოს ნაკრების კარის მიმართულებით დარტყმული, ჩვენ არც ერთხელ (უეფა-ს სტატისტიკური ჩანაწერი). რეალურად, მდგომარეობა არც მეორე ტაიმის შემდეგ შეცვლილა. მატჩის ბოლოს, ესპანეთს, კარის მიმართულებით 24 დარტყმა ეწერა, აქედან ორჯერ ძელი დაგვეხმარა, ჩვენ ერთი - ესეც ალბათ, გიორგი გოჩოლეიშვილმა, კარიდან შორს გამოსული უნაი სიმონი რომ შენიშნა და საკუთარი საჯარიმოდან დაარტყა ის მომენტი უფრო უნდა იყოს. ამ შეხვედრაში, პირადად ჩვენთვის ერთი დადებითი მომენტი ის იყო, რომ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სადებიუტო დრო, თანაც პირდაპირ „ფურია როხასთან" გიორგი კვერნაძეს მისცა.
ფაქტია, რომ ესპანეთმა დამსახურებულად მოიგო და რეალურად გაინაღდა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. ფაქტია ისიც, რომ ჩვენ უკვე 14 ოქტომბრის თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ. ვადები, საკმაოდ შემჭირდოვებულია და თუ გვინდა შედეგი, ჩვენც უნდა მოვერგოთ მას.
„თანამედროვე ფეხბურთში კალენდარი გადატვირთულია, თუმცა მოთამაშეები ამას შეჩვეულები არიან. ახლა ძალები მაქსიმალურად უნდა აღვიდგინოთ. პრივილეგირებული ვარ იმიტომ, რომ ფედერაციამ დიდი ძალისხმევა გაიღო, რათა ესპანეთში საუკეთესო პირობებში მოვმზადებულიყავით და ასევე იქნება თურქეთშიც და ამისთვის მადლობელი ვარ. 14 ოქტომბერს კი პოზიტიურ შედეგს ველოდები", - ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ალიკანტედან ხვალ შუადღით, ჩარტერული რეისით თურქეთში, ქოჯაელში გადმოფრინდება და 14 ოქტომბრის მატჩისთვის იზმითში მოემზადება.
სამი ტურის შემდეგ, ესპანეთის ნაკრები 9 ქულით ჯგუფის ლიდერია. 6 ქულა აქვს თურქეთის ნაკრებს, რომელმაც დღეს გასვლაზე ბულგარეთი 0-6 გაანადგურა. საქართველოს ნაკრები კვლავ 3 ქულით არის და მესამე ადგილზეა, ჯგუფში ქულების გარეშე და ბოლო ადგილზე კი, ბულგარეთის ნაკრებია.
ამ სტატიაზე კი მუშაობდნენ სოფო მელქაძე ელჩედან, მარიამ მესხი თბილისიდან და თამარ ჯიშკარიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გზად ქოჯაელისკენ.
UEFA.Com-ის ფოტოები





ჩვენ







