დე ლა ფუენტე ამბობს რომ ორი-სამი ესპანეთის ნაკრების ყოლა შეუძლია
დე ლა ფუენტე ამბობს რომ ორი-სამი ესპანეთის ნაკრების ყოლა შეუძლია
10.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ელჩეში, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩამდე, რომელიც ხვალ, 11 ოქტომბერს, ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებებს შორის გაიმართება,  როგორც ჩანს, ტრავმირებულ ფეხბურთელებზე აქტუალური ამინდი გამოდგა. შეგახსენებთ, რომ ამ მიზეზით უეფა-მ, ტრადიციული მატჩის წინა პრეს-კონფერენციები კი, ონლაინ რეჟიმში ჩაატარა. ესპანეთის ნაკრების პრეს-კონფერენციამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ლაზარეთში, ლამინ იამალის, როდრის, დინ ჰუისენის, ნიკო უილიამსსა და ფაბიან რუისს, დანი ოლმოც შეემატა. მიუხედავად ამისა, „ფურია როხას" თავკაცი, ყოველ შემთხვევაში, მედიის დასანახად, ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს.


„ტრავმები სამწუხაროა. რა თქმა უნდა მინდა, ჩემი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი იყოს, მაგრამ არ ვნერვიულობ იმაზე, თუ როგორ შევავსებთ დანაკლისს. პრივილიგირებული ვარ, რომ მაქვს დიდი არჩევანი, რომელიც 40-50 ფეხბურთელს შორის შემიძლია გავაკეთო. ორი-სამი ესპანეთის ნაკრების ყოლა შემიძლია. დანი ოლმომ გარკვეული დისკომფორტი იგრძნო, თავს კარგად ვერ გრძნობდა და 15 წუთში ვარჯიში შეწყვიტა. მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, იმედი მაქვს, რომ არაფერი სერიოზული არ იქნება, მაწუხებს, როდესაც ჩემი ფეხბურთელები ტრავმებს იღებენ", - ამბობს დე ლა ფუენტემ.


ტრავმირებულების არყოფნაში, ესპანეთის ნაკრების თავკაცი, კუბარსზე ლაპარაკობს, რომელსაც დაცვის ცენტრში ორივე მხარეს შეუძლია თამაში. საუბრობს ლე ნორმანზე. მოწიფულ გუნდზე, რომელსაც რამდენიმე ლიდერი ჰყავს, მაგალითად,  ოიარსაბალი, მერინო, ფერანი, ოლმო (სარედაქციო - ოლმო მაინც ლაზარეთში წავა). ეს კარგია, რადგან საგანგებო ვითარებებში ცვლილებების საშუალებას გვაძლევსო, ამბობს დე ლა ფუენტე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მოგებული თამაშების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას მედიასთან შეხვედრისას და ხაზს უსვამს, რომ მოგება კი აუცილებელია, მაგრამ ადვილი არააო.


„ხვალ, რთული მატჩი გველოდება, კარგი მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს. როგორც ყოველთვის ვამბობ, ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ. დღევანდელი ვარჯიშით კმაყოფილი ვარ, დიდი ინტენსივობით ვივარჯიშეთ, ბიჭები კონცენტრირებული და მოტივირებული არიან, ასე რომ, ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვართ", - ამბობს, დე ლა ფუენტე.


და ბოლოს, ამინდზე, რომელზეც საბოლოოდ, საფეხბურთო ამინდიც იქნება დამოკიდებული. დე ლა ფუენტე იმედოვნებს, რომ ამინდი ხვალ თამაშის ჩატარების საშუალებას მისცემს. დღეს კი, ელჩეში დაანონსებული ვარჯიშის ნაცვლად, ესპანელებმა შეკრების ადგილას ივარჯიშეს. ელჩეში კი ხვალ გაემგზავრებიან.


ჩვენის მხრივ, რამდენიმე კომპეტენტურ ვებ-გვერდზე ხვალინდელი ამინდის შესახებ შევეცადეთ ინფორმაცია მოგვეპოვებინა  - ელჩეში დილიდან იწვიმებს, თუმცა, 18:00 საათიდან წვიმა შეჩერდება. 20:00 საათზე კვლავ გაწვიმდება, თუმცა, მალევე გადაიღებს, ასე, რომ თუ, „გლაზგოს საფარი" არ დაგვხდა, მატჩი დათქმულ დროს ჩატარდება.


ფოტო: (c) RFEF