
ISU-ს ჩელენჯერის სადებიუტო ტურნირზე, რომელიც თბილისში მიმდინარეობს დღეს, მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა. „თრიალეთის თასის" პირველი გამარჯვებულები ქართული გუნდის წევრები არიან, ერთეულ მამაკაცთა თანრიგში ნიკა ეგაძე, სპორტულ ცეკვებში კი, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი. თუმცა, დავიცვათ თანმიმდევრობა.
თბილისის ყინულის სასახლის სარბიელი, თავდაპირველად მედლების კომპლექტი სპორტულ ცეკვებში გათამაშდა. დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ყინულზე მერვე ნომრად გამოვიდა და თავისუფალ პროგრამაში 80.35 (46.17 /34.18) ქულა მიიღო. საბოლოოდ, დიანას და გლების ეს შედეგი, რიტმული ცეკვების მსგავსად, საუკეთესო აღმოჩნდა, ორი პროგრამის ჯამში კი, 203.39 ქულით, ჩვენმა წყვილმა პირველი ადგილი და შესაბამისად, თრიალეთის თასი მიიღო პრიზად.
თავისუფალ პროგრამაში ათეულში შევიდა და მე-9 პოზიცია დაიკავა ჩვენმა მეორე წყვილმა, მარია კაზაკოვამ და ვლადისლავ კასინსკიმ, რომლებმაც 90.12 (51.62/38.50) ქულა აიღეს. საბოლოოდაც, ორი პროგრამის ჯამში, 146.75 ქულით, მე-9 ადგილით დაასრულეს გამოსვლა „თრიალეთის თასზე".
ამის შემდეგ, ყინული ბიჭებს დაეთმოთ. ჩვენი გვერდის მკითხველს ემახსოვრება, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ, ამ კატეგორიას ნიკა ეგაძე ლიდერობდა. ქართველმა მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაშიც სტაბილურად იასპარეზა და 171.42 (90.67 /81.75) ქულით პირველი ადგილი დაიკავა. საბოლოოდ, ქართველმა, ორი პროგრამის ჯამში, 261.02 ქულა დააგროვა და „თრიალეთის თასის" პირველი გათამაშების გამარჯვებული გახდა.
დღესვე, ასპარეზობა დაიწყეს სპორტულმა წყვილებმა. აქ, საქართველოს ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა წარმოადგენდნენ. ფიგურული ციგურაობის ქართველი ქომაგის ფავორიტებმა მოკლე პროგრამა ცნობილ ბოლეროზე შეასრულეს, ამასთან ანასტასია შეცვლილი იმიჯით, ნომერთან მისადაგებული წარსდგა. წყვილი, 77.13 (43.14 /33.99) ქულით, მოკლე პროგრამის შემდეგ დაწინაურდნენ. მათ, მხოლოდ 2.46 ქულით ჩამორჩება მინერვა ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინის წყვილი გერმანიიდან, ხოლო, 5.96 ქულით, მესამე საფეხურზე ემილი ჩანისა და სპენსერ ჰოუვის ამერიკული წყვილია. ასე, რომ ხვალ, „თრიალეთის თასის" დასკვნით დღეს, თავისუფალ პროგრამაში, საკმაოდ საინტერესო ბრძოლა გველის.
ხვალვე, მედლებისთვის იბრძოლებს და თავისუფალი პროგრამით წარსდგება ქალთა ერთეულთა თანრიგში ანასტასია გუბანოვა, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერია.
„თრიალეთის თასის" პირველი ჩემპიონატის დასკვნით დღეს, პირველად ყინული ქალებს დაეთმობათ და ასპარეზობა 13:30 საათიდან დაიწყება. 18:20-დან კი, მედლებისთვის უკვე სპორტული წყვილები იბრძოლებენ.
ყველა შედეგი იხილეთ ბმულზე





ჩვენ







