
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რიგაში ქულები დაკარგა. რამაზ სვანაძის გუნდმა, დღეს რიგის რფს-ის სტადიონზე, მასპინძელი ქვეყნის 21-წლამდეთა ნაკრების წინააღმდეგ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე მატჩი ფრედ, 1-1 ითამაშა.
ქართველმა ახალგაზრდებმა, თუ არ ჩავთვლით პირველი ტაიმის ბოლო ათ წუთს, მართალია, შეხვედრის ამ მონაკვეთში ბურთის გაკონტროლება მოახერხეს, თუმცა, კარის მიმართულებით მხოლოდ, ორჯერ დაარტყეს. პირველი ტაიმის ბოლო წუთების მსგავსად დაიწყო მეორე ტაიმი. ალბათ, საფეხბურთო ენაზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს კარში გოლი მწიფდებოდა. 50-ე და 54-ე წუთებზე, მიხეილ მაქაცარიამ, მოახერხა ბურთის მოგერიება, თუმცა, 59-ე წუთზე მორიგი მოგერიებისას, გლებ პატიკამ დაამატა და ანგარიში გახსნა, 1-0.
„ვთვლი, რომ შედეგი ლოგიკურია. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ტაიმი სუსტად ჩავატარეთ, მეორე ტაიმში თამაში შედარებით გამოვასწორეთ. სამწუხაროდ, დასანანი გოლი გავუშვით. საერთო ჯამში, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ძალიან გვიჭირს შეტევაში და ამ მხრივ, მოსამატებელი გვაქვს. ახლა, მთავარია ძალები აღვიდგინოთ, რადგან, შემდეგ თამაშში, აუცილებლად უნდა ავიღოთ სამი ქულა", - ამბობს რამაზ სვანაძე.
რამაზ სვანაძემ გოლამდე, ნახევარი წუთით ადრე ცვლილება გააკეთა, დავით გოცირიძისა და დაჩი ლორთქიფანიძის ნაცვლად, მოედანზე, დიეგო დეისაძე და ლუკა პარკაძე გამოუშვა. დიდი ალბათობით, მაქაცარიას საჯარიმოში გაუგებრობა, რასაც გოლი მოჰყვა, სწორედ ამ მომენტს, უკავშირდება. ამის თქმის საბაბს, თუნდაც, ის გარემოება გვაძლევს, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა, გაშვებული გოლიდან ზუსტად სამ წუთში ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შემოსულ პარკაძის აქტიურ თამაშს კუთხური მოჰყვა, რომელიც თავად ლუკამ ჩააწოდა, მომენტი ლუკა წულუკიძემ გააგრძელა, შორეულ კუთხესთან კი, ბურთი, უმეთვალყურეოდ დატოვებულმა დავით ბუკიამ 62-ე წუთზე გადაგზავნა კარში, 1-1.
„რაც შეეხება ახალწვეულებს, იქიდან გამომდინარე რომ არ გვგქონდა ამხანაგური შეხვედრების ჩატარების დრო, ვცდილობთ, ყველას მივცეთ შანსი. ბევრი მათგანი ფორმაში არ არის და ეს ჩვენთვის თამაშამდეც ცნობილი იყო. თუმცა, შეზღუდული ვართ რესურსებში და რეალურად, ძიებაში ვართ. უბრალოდ, ყველაფერს ის ფაქტი ართულებს, რომ ჩვენ, ამის გაკეთება, ოფიციალური თამაშების დროს გვიწევს. აქედან გამომდინარე, შემდეგი თამაში უმნიშვნელოვანესია. ახლა, მთავარია ამოცანაა, ეს თამაში გავაანალიზოთ. აუცილებლად ავიღოთ სამი ქულა მალტაზე და ამის შემდეგ გამოჩნდება ყველაფერი", - ამბობს რამაზ სვანაძე.
ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრის დროს სვანაძის გუნდში გამოძახებული ახალწვეულებიდან, დღეს, შემადგენლობაში სამნი იყვნენ - ლუკა პარკაძე, გიორგი ყავლაშვილი, თეიმურაზ ოდიკაძე, აქედან სვანაძემ მოედანზე პარკაძის გარდა, ოდიკაძეც გამოუშვა. სხვათა შორის, 18 წლის ფეხბურთელმა, რომელიც მოედანზე 79-ე წუთზე შემოვიდა, ლატვიელთა კარის მიმართულებით, სულ ორჯერ დაარტყა. რაც შეეხება მეოთხე ახალწვეულს, გელა სადღობელაშვილს, ის, ლატვიელების წინააღმდეგ, განაცხადში არ ყოფილა.
რამაზ სვანაძემ იცის, რომ მისი გუნდისთვის, რომელიც ივნისში, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდისგან განსხვავებით, რადიკალურად სახეცვლილია (ახალი ფორმაციის გუნდში, ევრო 2025-ის მხოლოდ ოთხი მონაწილეა, მათგან ერთმა, გაბრიელ სიგუამ, ტრავმის გამო, ოქტომბრის სანაკრებო ფანჯარა გამოტოვა), მარტივი თამაში, ამ შესარჩევ ციკლში არ იქნება.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩს კვლავ გასვლაზე, ტა ქალის „ცენტენარი სტედიუმზე" 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, მალტას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.





ჩვენ







