მაქსიმალური კონცენტრაციით, ამბიციურად და უშიშრად - საქართველოს ეროვნული ნაკრების გეგმა ესპანეთთან მატჩამდე
მაქსიმალური კონცენტრაციით, ამბიციურად და უშიშრად - საქართველოს ეროვნული ნაკრების გეგმა ესპანეთთან მატჩამდე
10.10.2025
ავტორი: სოფო მელქაძე


უამინდობა, აქედან გამომდინარე შეზღუდული სატრანსპორტო მოძრაობა რეგიონში, რამაც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მესამე სათამაშო ტურის მატჩის წინა დღის კალენდარი საგრძნობლად არია და უეფა-მაც გადაწყვიტა, მიემართა, კოვიდ 19-ის დროს დანერგილი პრაქტიკისთვის - მედიასთან მატჩის წინა დღის ტრადიციული შეხვედრა 10 ოქტომბერს ონლაინ გაიმართა. წვიმაზე და აღნიშნულ მცირე დისკომფორტზე ილაპარაკა ვილი მედიასთან ონლაინ-შეხვედრისას სანიოლიმაც:


„შეკრების ესპანეთში ჩატარება ჩვენთვის უფრო კომფორტული იყო. მნიშვნელოვანი იყო საკლუბო მატჩების შემდეგ, ფეხბურთელებისთვის ძალების აღსადგენად მეტი დრო მიგვეცა. ძალიან კარგი კვირა გვქონდა. ბოლო ორი დღე ცოტა წვიმიანი იყო, თუმცა ეს არ არის დიდი პრობლემა ჩვენთვის", - ამბობს ვილი სანიოლი.


ელჩეში, ესპანეთთან ხვალინდელი მატჩის წინ, ალბათ, ყველაზე ბევრი კითხვის ნიშანი და თანაც, რა დასამალია და ოდნავ შიშიც, ისევ და ისევ საკლუბო თამაშებიდან გამომდინარე, ხვიჩა კვარაცხელიას მზადყოფნასთან დაკავშირებით იყო. ვილიმ, ამის თაობაზეც ილაპარაკა:


„კვარასთან" დაკავშირებით, პირადად ვესაუბრე „პარი სენ-ჟერმენის" წარმომადგენლებს და მათ დამიდასტურეს, რომ კვარაცხელია არ ყოფილა დაშავებული, უბრალოდ გუნდურად ვერ ვარჯიშობდა ცოტა ხნით, ამიტომაც არ ითამაშა ბოლო მატჩში. ასე რომ, ჩვენ ძალიან გავიხარეთ, როცა გავიგეთ, რომ ის ნაკრებში ჩამოსასვლელად 100%-ით მზად იყო. ფეხბურთელმა, მხოლოდ მაშინ უნდა ითამაშოს, როცა ყველა ექიმი, როგორც კლუბის, ისე ნაკრების, მისცემს ნებართვას. ჩვენ ეს ნებართვა მივიღეთ, ასე რომ, საერთოდ არ არსებობს კვარაცხელიას რისკის საკითხი", - ამბობს სანიოლი.


სანიოლიმ აღნიშნა, რომ რაც ის საქართველოში ჩამოვიდა სამუშაოდ, მოთამაშის ჯანმრთელობა, რისკის ქვეშ არასდროს დაუყენებია. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ზოგადად საფეხბურთო სამყაროში, ტრავმებთან დაკავშირებით, კლუბებსა და ნაკრებებს შორის, ოდნავ დაძაბული ვითარებაა. შესაბამისად, ქართველთა ფრანგმა მწვრთნელმა, არ გამორიცხა, რომ მსგავსი უთანხმოება, ესპანეთის ნაკრებსა და კლუბებს შორისაც იყო. დღეს, შუადღით გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრების დანაკლისი (ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში არ იქნებიან ლამინ იამალი, ნიკო უილიამსი, ფაბიან რუისი, როდრი, დანი კარვახალი, დინ ჰუისენი, ფერმინ ლოპესი), რომელზეც პრეს-კონფერენციაზე ვილი სანიოლიმაც ილაპარაკა, საქართველოსთან მატჩის წინ, კიდევ უფრო გაიზარდა.


„როდესაც ესპანეთს, პორტუგალიას და მსგავსი უმაღლესი დონის გუნდებს ეთამაშები, რომლებსაც თითოეულ პოზიციაზე 5-6 უმაღლესი დონის მოთამაშე ჰყავს, ტრავმები არაფერს ცვლის. ესპანეთი იგივე დონის ფეხბურთს ითამაშებს, არ აქვს მნიშვნელობა იქნებიან თუ არა მოედანზე იამალი, ოლმო, უილიამსი. იგივე სირთულის თამაში გვექნება და ამისთვის მზად ვართ", - ამბობს სანიოლი.


ამას გარდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ ესპანეთის ნაკრები ცალსახად, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფის ლიდერია. ამ მომენტისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი თამაშის შემდეგ, მეორე ტურში, ბულგარეთთან მოგებული თამაშის წყალობით, 3 ქულა აქვს, ესპანეთს ექვსი ქულა.


„ვფიქრობ, ამ მომენტში ესპანეთი და პორტუგალია ევროპის ორი საუკეთესო ნაკრებია, ისინი ბევრად წინ არიან სხვებთან შედარებით. ჩვენ არ შეგვიძლია შევადაროთ თავი ესპანეთს და ამას არც ვცდილობთ. ვიცით, რომ მათსა და ჩვენ შორის დიდი სხვაობაა, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ თამაშიდან თამაშამდე ეს სხვაობა თანდათან შემცირდეს. იმედი მაქვს, რომ ხვალ, ბიჭები სწორედ ამ განწყობით გავლენ მინდორზე. ძალიან გვსურს ვაჩვენოთ, რომ თითოეული თამაშით ვსწავლობთ. ევროპის ჩემპიონატზე ბოლო მატჩი ესპანეთთან გვქონდა, მაშინ, მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი კიტეიშვილის ტრავმა იყო .ახლა კი ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს სურთ აჩვენონ, რომ ჩვენსა და ესპანეთს შორის სხვაობა სულ უფრო მცირდება. ისინი ითამაშებენ ამბიციურად, უშიშრად, რადგან ესპანეთთან წაგების შიში არ უნდა გვქონდეს. მთავარი ისაა, რომ ვაჩვენოთ კარგი თამაში და დავამტკიცოთ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ", - ამბობს სანიოლი.


აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ხვალინდელ მატჩამდე რვაჯერ შეხვედრილან, აქედან ჩვენ, მხოლოდ ერთხელ შევძელით ესპანელების დამარცხება. მედიასთან ონლაინ შეხვედრისას ეს გარემოება გაიხსენა გიორგი მამარდაშვილმა.


„ესპანეთთან უკვე ბევრი მატჩი გვაქვს ჩატარებული და დიდი გამოცდილება შევიძინეთ. ვფიქრობ, ხვალინდელი თამაში განსხვავებული იქნება. გასვლაზე ვთამაშობთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ და რთულ თამაშს ველით. მართალია, ესპანეთს რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, თუმცა, მათ ნაცვლად იგივე დონის მოთამაშეები გამოვლენ მოედანზე. საკუთარ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ. თუ გვინდა, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ თითოეულ მოთამაშეს საუკეთესო დღე უნდა ჰქონდეს. ბევრი უნდა ვიშრომოთ მოედანზე, თავი კარგად დავიცვათ და შეტევაზე ამის შემდეგ ვიფიქროთ. ეს არის ერთადერთი გზა ესპანეთის ნაკრებთან შედეგის მისაღწევად", - ამბობს „მამარდა".


ხვალ, ელჩეში, ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მანამდე კი, ვილი სანიოლის გუნდმა, უამინდობის გამო, ესპანური შეკრების ბაზის ფიტნეს დარბაზში ივარჯიშა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გუნდში საბრძოლო განწყობაა.



სპეციალურად ესპანეთიდან