„თრიალეთის თასზე“ პირველი დღის შემდეგ ქართული გუნდის წარმომადგენლები ლიდერობენ
„თრიალეთის თასზე“ პირველი დღის შემდეგ ქართული გუნდის წარმომადგენლები ლიდერობენ
09.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისში სტარტი აიღო ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებული ჩელენჯერების სერიის ტურნირმა „თრიალეთის თასი", რომელიც საქართველოსთვის ისტორიულია. სენიორებს შორის, ქართული სპორტული რეალობისთვის სადებიუტო ტურნირში, მთავარი პრიზის, „თრიალეთის თასის" მოსაპოვებლად  18 ბიჭი, 25 ქალი, 12 სპორტული წყვილი, 16 სპორტული ცეკვების წარმომადგენელი იასპარეზებს. საერთო ჯამში, თბილისში ჩამოვიდა 28 ქვეყნის 100-ზე მეტი მოციგურავე. თუმცა, ამ სტატისტიკის მიღმა ჩვენთვის საინტერესო ერთი მოვლენაა - თბილისის ყინულის სასახლეში, ასევე პირველად სრული შემადგენლობით ასპარეზობს საქართველოს ნაკრები გუნდი, რომელიც 2026 წელს ზამთრის ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებს.


„თრიალეთის თასზე" ისევე, როგორც ზამთრის 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ქართულ  გუნდს ერთეულ მამაკაცებში ნიკა ეგაძე,  ერთეული ქალებში ანასტასია გუბანოვა, სპორტული წყვილებში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, სპორტული ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი წარადგენენ. თბილისში, მათ გარდა, იასპარეზა მარია კაზაკოვასა და  ვლადისლავ კასინსკის წყვილმა (შეგახსენებთ, რომ კაზაკოვა წლების მანძილზე გიორგი რევიას მეწყვილე იყო, თუმცა, გიორგის ტრავმის გამო, აქტიური სპორტიდან წასვლა მოუხდა, მარია კი, ახალ მეწყვილესთან ერთად, საქართველოს სახელით აგრძელებს ასპარეზობას).


თბილისური სპორტული საზოგადოებისთვის სადებიუტო საერთაშორისო ტურნირზე, ყინულზე გამოვიდა ანასტასია გუბანოვა და მიუხედავად უმნიშვნელო ხარვეზებისა, 65.76 ქულით მოკლე პროგრამის შემდეგ აღნიშნულ კატეგორიას სათავეში ჩაუდგა. თავისუფალი პროგრამის წინ, ის მეორე ადგილზე მყოფ იტალიის წარმომადგენელს 1.44-ით უსწრებს იტალიელ ანნა პაზეტტას, ხოლო, მესამე ადგილზე მყოფ სამხრეთ კორეის წარმომადგენელ ჰაიენ ლიის, 3.66 მეასედით.


ამის შემდეგ თბილისურ ყინულზე სპორტული ცეკვების დრო დადგა, სადაც თავდაპირველად კაზაკოვა-კასინსკის წყვილმა იასპარეზა და 56.63 ქულით მე-12 პოზიცია დაიკავა. რიტმული ცეკვების შემდეგ, ამ კატეგორიაში კი ლიდერები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი არიან, რომლებად საუკეთესო შედეგის გარდა მიმდინარე ტურნირზე, საუკეთესო პირადი შედეგიც 80.35 ქულა დააფიქსირეს. თავისუფალი პროგრამის წინ, დიანა და გლები, 8.86 ქულით უსწრებენ ფრანგულ წყვილს.


პირველი საასპარეზო დრის ბოლოს კი, ყინულზე ერთეული კაცების დრო დადგა, სადაც საქართველოს ნიკა ეგაძე წარმოადგენდა. ქართველმა მოციგურავემ, მართალია მცირედი ხარვეზებით, თუმცა, მოკლე პროგრამაში მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგის დაფიქსირება და ამას გარდა, 89.60 ქულით სათავეში ჩაუდგა აღნიშნულ კატეგორიას. თავისუფალი პროგრამის წინ, ნიკა, 4.34 მეასედით უსწრებს აშშ-ს წარმომადგენელს ჯეოსონ ბრაუნს და თითქმის მთელი 10 წულით, ესტონელ ალეკსანდერ სელევკოს.


ხვალ, თბილისის ყინულის სასახლეში, ასპარეზობის მეორე დღეა. მედლების კომპლექტები თავისუფალ პროგრამაში სპორტულ ცეკვებში და კაცთა შორის გათამაშდება. დღის ბოლოს კი, საქმეში სპორტული წყვილები ჩაერთვებიან. საქართველოსთვის ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა იბრძოლებენ.