
დღეს, 6 ოქტომბერს, ალიკანტეში, ესპანეთთან და თურქეთის ნაკრებების წინააღმდეგ სათამაშოდ, შეკრებას დაიწყებს ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრები, რომელშიც 25 ფეხბურთელია გამოძახებული: მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („პაოკი", საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა", გორი); მცველები: გურამ კაშია („სლოვანი", სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", პოლონეთი), ლაშა დვალი (ცსკა-1948 სოფია, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი", უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი", გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი", გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე", იტალია), ივა გელაშვილი („პანსერაიკოსი", საბერძნეთი); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი", პორტუგალია), ანრი მექვაბიშვილი („კრაიოვა", რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი", უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო", ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი", პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი", საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი", აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო", ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი).
აქვე შეგახსენებთ, რომ ყვითელი ბარათების გამო ესპანეთთან შეხვედრას ლუკა ლოჩოშვილი გამოტოვებს. დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გეტყვით იმასაც, რომ დღეს, ეროვნულ ნაკრებს, ესპანეთში დაგეგმილ შეკრებაზე, ხვიჩა კვარაცხელიაც შეუერთდება, რომელსაც გასული კვირის „გაცდენა" მოუხდა, როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე, საფრანგეთის ლიგა ერთის მორიგ ტურში.
მანამდე კი, ვიდრე ნაკრები ალიკანტეში შეგროვდება, გადავხედოთ გასულ კვირას და ქართველი ფეხბურთელების გზას, კლუბებიდან სანაკრებო შეკრებამდე.
ალბათ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები არ გვიწყენენ, თუ ოთარ კიტეიშვილით დავიწყებთ, ვინაიდან ფეხბურთელი ტრავმისა და მამის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის შემდეგ, მოედანს შემართებით უბრუნდება. „კიტემ" ჯერ ევროპა ლიგის მეორე სათამაშო დღეს გაუტანა „რეინჯერს", ნაკრებში გამომგზავრებამდე კი, ავსტრიულ ბუნდესლიგაშიც გამოიჩინა თავი. „ალტახის" წინააღმდეგ გრაცის „შტურმა" გოლების გატანა მხოლოდ მეორე ტაიმის ბოლო ათწუთეულში მოახერხა. მშრალად მიმდინარე მატჩში, 85-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა 11-მეტრიანით გახსნა ანგარიში, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროს მე-5 წუთზე კი, ბეგანოვიჩმა მეორე აიღო მასპინძელთა კარი. „შტურმმა" 0-2 მოიგო. თუმცა, ჩვენ ის უფრო გვახარებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ხერხემალი, ესპანურ შეკრებას გემრიელად უბრუნდება.
მეორე რაც გვახარებს, თუმცა, ამ საკითხის გამო შეიძლება ვიდავოთ, რადგან სხვისი „უბედურებით" არ უნდა ხარობდე, რა ვქნათ, მაინც გვიხარია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერი პირველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, სანაკრებო თამაშების წინ კარგად „გახურდა", ჯერ ჩემპიონთა ლიგის თამაშზე, თან თურქული გულშემატკივრის თვალწინ, შემდეგ კი, ინგლისის პრემიერ ლიგაში, „ჩელსის" წინააღმდეგ. მართალია, „მამარდას" გუნდი, ქართველისთვის სადებიუტო პრემიერლიგურ მატჩში, 1-2 დამარცხდა, თუმცა, „ლივერპულის" კარში გასულ გოლებში, ჩვენი აზრით, ქართველს ნაკლებად მიუძღვის წვლილი. არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ამ ბოლო შეხვედრაში, „მამარდას" მიერ მოგერიებული ოთხი ურთულესი ბურთიდან, ორი, ერთ შეტევაში ზედიზედ, სუპერ მოგერიებების რიცხვში შეიძლება შევიტანოთ.
„ეს არ არის შედეგი, რომელიც ჩვენ დღეს დავიმსახურეთ, მაგრამ ყველა გამოცდილება გვაძლიერებს. დღეს, პრემიერლიგური დებიუტი მქონდა, ოცნება ბავშვობიდან. პირველი სხვა ბევრიდან, უბრალოდ უნდა მივენდო მოვლენებს", - წერს სოციალურ ქსელში „ლივერპულის" ქართველი მეკარე.
ესპანეთში გამგზავრებამდე, საფრანგეთის ლიგა 2-ში ორი გოლი გაიტანა ზურიკო დავითაშვილმა. მისმა „სენტ-ეტიენმა" გასვლითი შეხვედრა 0-2 მოიგო „მონპელიესთან". მე-9 ტურის ამ შეხვედრაში, ზურიკომ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო თამაში და გოლებიც პირველ ტაიმში, მე-2 და 23-ე წუთებზე გაიტანა. რადგან საფრანგეთზე ვლაპარაკობთ, აქვე გეტყვით, რომ ლიგა 1-ში „მეცის" შემადგენლობაში, „მარსელის" წინააღმდეგ, 79-ე წუთიდან ჩაერთო გიორგი წიტაიშვილი. ამ დროისთვის, ქართველის გუნდი (გიორგი აბუაშვილი იყო განაცხადში, მაგრამ არ უთამაშია), უკვე 0-3-ს აგებდა.
პორტუგალიის ლიგაში კვლავ გაიტანა ნოდარ ლომინაძემ. „კასა პიასა" და „ეშტორილის" დაპირისპირებაში, სტუმარი გუნდი, მე-14 წუთზე სწორედ, ქართველის გოლით დაწინაურდა, თუმცა, „ეშტორილმა" ამის შემდეგ, ორი გოლი გაუშვა, პირველი ტაიმი 2-1 წააგო, „ლომინა" კი, მეორე ტაიმში შეცვალეს. საბოლოოდ, ეს მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა. ამავე ტურში, ფრედ, 1-1 ითამაშა გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა" საშინაო შეხვედრა „ბრაგასთან". ქართველი მოედანზე 64-ე წუთზე შემოვიდა და ამ მომენტისთვის, მისი გუნდი 1-0-ს იგებდა, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-7 წუთზე, „სპორტინგს" პენალტით გაუთანაბრეს და ძალიან მნიშნელოვანი ქულები დააკარგვინეს.
გერმანიის ბუნდესლიგაში, ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გამოუვიდა გიორგი გოჩოლეიშვილს, რომლის „ჰამბურგმაც" „მაინცი" 4-0 დაამარცხა. მართალია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის დარტყმული, მე-6 წუთზე ძელმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ლოკონგიმ გაიტანა, „გოჩოლას" კი, საგოლე გადაცემა ჩაუწერეს. ქართველი 82-ე წუთზე შეცვალეს. ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი", გასვლით შეხვედრაში 0-1 დამარცხდა „შტუტგარტთან". ქართველს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია. რუმინეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ანრი მექვაბიშვილი განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია. დისციპლინარული სასჯელის გამო გამოტოვა იტალიის სერია B-ში „ფროზინონეს" გასვლითი შეხვედრა „ვენეციასთან" გიორგი კვერნაძე, რომლის გუნდიც, საბოლოოდ 0-3 დამარცხდა.
იტალიის სერია A-ში საბა გოგლიჩიძის „უდინეზე" „კალიარისთან" საშინაო შეხვედრაში ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართველმა მცველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა, რაც სანაკრებო გადმოსახედიდან საკმაოდ კარგია. მიუხედავად იმისა, რომ ქართველის გუნდი, პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებოდა, უდინელებმა კაბასელეს გოლით ანგარიში გაათანაბრეს.
ნაკრებში დაბრუნებულმა და ბულგარეთში გადაბარგებულმა ლაშა დვალმა, „ცსკა 1948"- ის შემადგენლობაში კვლავ ძირითადში ითამაშა. მისმა გუნდმა კი, ბულგარეთის ჩემპიონატში შინ „სპარტაკთან" ქულები გაიყო.
უკრაინის ჩემპიონატის ლიდერმა, დონეცკის „შახტარმა", სადაც ირაკლი აზაროვი თამაშობს, შოთა ნონიკაშვილის „ჩერკასს" უმასპინძლა და 1-4 დამარცხდა. ამ შეხვედრაში, ქართველებმა სათადარიგო სკამიდან დაიწყეს, აზაროვი 56-ე, ხოლო ნონიკაშვილი მინდორზე 84-ე წუთზე შევიდნენ.
პოლონური ესქტრაკლასას მე-11 ტური წააგო ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ" 2-1. თუმცა, პოლონური კლუბის ქართველმა კაპიტანმა, რომელმაც სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, გდინიას „არკას" 78-ე წუთზე გაიტანა. „კაკაბას" გოლით, გათანაბრდა ანგარიში. თუმცა, „კრაკოვიამ", 84-ე წუთზე ისევ გაუშვა და წააგო.
ივა გელაშვილის „პანსერაიკოსმა", საბერძნეთის სუპერ ლიგის მე-6 ტურის საშინაო შეხვედრაში, ანგარიშით 2-1 „ასტერას ტრიპოლისი" დაამარცხა. ქართველმა მცველმა, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. აქვე გეტყვით, რომ მოიგო „პაოკმაც" საშინაო შეხვედრა „ოლიმპიაკოსთან" 2-1, თუმცა, ჩვენი ნაკრების მეორე მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კვლავ სკამზე იყო.
ბარემ მცველებზე დავასრულოთ, გურამ კაშიას „სლოვანმა", სლოვაკეთის თასის 1/32 ფინალში დიდი ანგარიშით, 0-5 გასვლით შეხვედრაში, „პიესტანი" დაამარცხა. დიდი ალბათობით, ვლადიმირ ვაისს, უეფა-ს კონფერენს ლიგის თამაშს შემდეგ „კაშო" დაასვენა.
უკრაინული პრემიერ ლიგის მე-8 ტურში, ნიკა გაგნიძის „კოლოსი კოვალივკა" საშინაო შეხვედრაში, 0-2 დამარცხდა ლვოვის „რუხთან". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა.
აშშ-ს MLS-ში დღეს გამთენიისას, დაახლოებით ნახევარი საათი მიეცა სათამაშო დრო საბა ლობჟანიძეს, რომლის „ატლანტა იუნაიტედი" „ლოს ანჯელესთან" გასვლით შეხვედრაში 0-1 დამარცხდა. ქართველი მოედანზე 68-ე წუთზე გამოვიდა.
27 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია გიორგი გულიაშვილს. საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე დავით კერესელიძესა და ვლადიმერ მამუჩაშვილზე კი, ქართული ლიგის მიმდინარეობისას გიამბეთ.
ასე, რომ ახლა, დაგვრჩა „ტკბილი ლუკმა", რომელიც უკვე მხოლოდ საქართველოში და მის ფრანგულ კლუბებში აღარ, უკვე ესპანეთშიც ძალიან უყვართ. თავის მხრივ, კი, ფეხბურთელს რომელსაც ძალიან უყვარს გოლების გატანა, როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ ეძლევა ბევრი სათამაშო დრო, მაინც ახერხებს გოლების გატანას. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, გასულ კვირას, „იუვენტისის" კარში გატანილი გოლის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ, ამ ჯერზე „ბერნაბეუზე" ულამაზესი გოლი გაუტანა „რეალს". ქართველმა, ამის გაკეთება, 73-ე წუთზე უძლიერესი და ულამაზესი შორეული გასროლით მოახერხა, თუმცა, მისი „ვილიარეალი" ესპანურ გრანდთან 3-1 მაინც დამარცხა.
ჩვენის მხრივ კი, იმედის ვიტოვებთ, რომ პირველი სანაკრებო პაუზიდან განსხვავებით, ამჯერად, ჩვენი ბიჭები უფრო ტონუსში არიან და რატომაც არა? ჩვენი გვერდი მინიმუმ 4 ქულას, ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრის დროს ვგეგმავთ, თუმცა, თუ მეტიც იქნება, არც ის „გვეწყინება".