
„დინამო თბილისი", დაარსებიდან საიუბილეო მე-100 წელს ახალ და საინტერესო პროექტს იწყებს. ამჯერად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. როგორც საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, 1 ნოემბრიდან საუდის არაბეთის ქალაქ დაჰრანში პენინსულას საფეხბურთო აკადემია Peninsula Academy Sports გაიხსნება. ახალ აკადემიაში, თავისი მეთოდოლოგიით, სტრატეგიით და მთავარი მწვრთნელით იქნება წარმოდგენილი „დინამო თბილისის აკადემია".
„Peninsula Sports-ში გვჯერა იმ ინსტიტუტებთან პარტნიორობის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მიდგომას სრულყოფილების, დისციპლინისა და მოთამაშეთა განვითარების განხრით უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. „დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემია გამოირჩევა ტალანტების განვითარების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სისტემით, რომელსაც მსოფლიო დონის მოთამაშეების მომზადების დადასტურებული ისტორია აქვს, რომლებიც როგორც ტექნიკურ უნარებს, ასევე პროფესიონალურ მენტალიტეტს განასახიერებენ. ჩვენთვის, „დინამოს" არჩევა, არა მხოლოდ ამ სრულყოფილების მემკვიდრეობით სარგებლობას ნიშნავს, არამედ ისეთ პარტნიორთან გაერთიანებას, რომელსაც სპორტულ მიღწევებსა და პიროვნულ ზრდას შორის ბალანსს იცავს. „დინამო" ავირჩიეთ, რადგან მათი ღირებულებები და მეთოდები იდეალურად ემთხვევა ჩვენს მისიასა და გრძელვადიან ხედვას. ჩვენ „დინამოს" იდეალურ პარტნიორად მივიჩნევთ, რათა საუდის არაბეთში საუკეთესო გლობალური პრაქტიკა დანერგოს და ჩვენს რეგიონში სპორტსმენების მომავალი თაობა შთააგონოს", - ამბობს, მოჰანად ფაჰმი,Peninsula Academy Sports Company-ს გენერალური დირექტორი.
ეს პროექტი აკადემიის მშენებლობაზე გაცილებით მეტი, საუდის არაბეთისა და ევროპული ფეხბურთის შორის ხიდის შესაქმნელად. ცოდნა, მეთოდოლოგია და ნიჭი ორივე მიმართულებით, ვარჯიშის, მწვრთნელობისა და მოთამაშეთა განვითარების ხარისხის ამაღლებას, სპორტსმენებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტულ გარემოს შექმნა - ეს გრძელი ჩამონათვალიდან მოკლე ამონარიდია, რომელსაც საუდის არაბეთში ახალი აკადემია, სწორედ, „დინამო თბილისთან" თანამშრომლობით გეგმავს.
პროექტის ფარგლებში, პენინსულას აკადემიასთან გაფორმებდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ხელმოწერის ცერემონიას „დინამო თბილისის" დირექტორი ზაზა დოლიძე, აკადემიის ხელმძღვანელი ლევან გვანცელაძე და მწვრთნელი სანდრო ბერგამო ესწრებოდნენ. საქართველოდან და თბილისიდან საკმაოდ შორს, საუდის არაბეთის აკადემიაში 3000 ფეხბურთელის მომზადება „დინამო თბილისის" აკადემიის იდენტური საწვრთნელო მეთოდოლოგიით იგეგმება. ამავე პროექტის ფარგლებში მოხდება ადგილობრივი მწვრთნელების სტაჟირება ჩვენს საფეხბურთო აკადემიაში და პირიქით.





ჩვენ







