ერთი ტურით ადრე მესამე წრის დასრულებამდე
ერთი ტურით ადრე მესამე წრის დასრულებამდე
28.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მესამე წრის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში სტატუს-კვო შენარჩუნებულია. გათამაშებას ერთპიროვნულად გორის „დილა" ლიდერობს, 59 ქულით, რომელმაც დღეს, ფოთის „კოლხეთი 1913"-თან მატჩში, 74-ე წუთზე აბდალა ხლაიხალის გატანილი გოლის წყალობით, მინიმალური ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა და საჭირო 3 ქულა მოიპოვა. ამ გამარჯვებით კი, თბილისის „იბერია 1999"-თან რომელსაც, 26-ე ტურის შემდეგ, 53 ქულა აქვს უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა.


„იბერია 1999"-მა მიხეილ მესხზე, მორიგი ქულები დაკარგა, ამჯერად, სატურნირო ცხრილის ერთ-ერთ აუტსაიდერთან „გარეჯთან".  თბილისურმა გუნდმა, რომელმაც მესამე წრის ბოლოს წინა მატჩი, მიმდინარე სეზონში, მესამე მთავარი მწვრთნელის მოლოდინში, ანზორ ცქვიტავას ხელმძღვანელობით გამართა, ანგარიში მეორე ტაიმში, 58-ე წუთზე, ალექსანდრე ამისულაშვილის გოლით გახსნა. ეს 18 წლის ფეხბურთელის სადებიუტო გოლი იყო ეროვნულ ლიგაში. თბილისურ გუნდი ახლოს იყო, სასურველ 3 ქულასთან, თუმცა, 87-ე წუთზე, ლევან პაპავამ გაიტანა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. „იბერია 1999"-მა ამ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილში, მეორე ადგილი შეინარჩუნა.


მეორე ადგილზე მყოფ „იბერია 1999"-თან სხვაობის შემცირება ვერ მოახერხა „დინამო თბილისმა", რომელმაც სწორედ, თბილისური და მძიმე დერბის შემდეგ, ქართულ დერბიში გადაინაცვლა და ქუთასში, „ტორპედოსთან" ქულები გაიყო. შეხვედრაში, რომელშიც ლადო კაკაშვილის გუნდი ბევრად უკეთ გამოიყურებოდა ვიდრე მასპინძლები, თუმცა, პირველი გოლი, სწორედ მათ კარში გავიდა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, 48-ე წუთზე, შეიძლება ითქვას, ამ თამაშში ერთხელ, თბილისელთა დაცვა ჩავარდა, ბიორნ იონსენმა კი, მიმდინარე ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. თბილისელებმა ანგარიში 71-ე წუთზე გაათანაბრეს. თორნიკე მორჩილაძემ, რომელის წინააღმდეგაც იუხეშეს, თავად დაარტყა 11-მეტრიანი და „დინამო თბილისს" გასვლით თამაშში საჭირო ქულა მოუტანა. წლის მესამე დერბი ფრედ, 1-1 დასრულდა. 26 ტურის შემდეგ, „დინამო თბილისი" 42 ქულით მესამე საფეხურზეა, „ტორპედოს" კი, 40 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.


ბათუმის „დინამოს" უიღბლო სეზონი გრძელდება. ყოველ შემთხვევაში ეროვნულ ლიგაში. აჭარაბეთ არენაზე ბათუმური კლუბი, „სამგურალთან" 1-2 დამარცხდა. ანგარიში, 33-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. გოლი ირაკლი ჯანჯღავამ გაიტანა. დინამოელებმა მსაჯის მიერ თამაშისთვის კომპენსირებული დროის პირველ დამატებულ წუთზე გაათანაბრა. ლუკა წულუკიძის გადაცემის შემდეგ, გოლი ლუკა ქაფიანიძემ გაიტანა. თუმცა, დრამატული მატჩის კვანძი, ამ გოლიდან 4 წუთში გაიხსნა, როდესაც, წყალტუბოელებმა „3 ქულიანი" გოლის გატანა მოახერხეს. იმერულ კლუბს, კლაუდიო სებოლინიას გოლმა მოუტანა გამარჯვება.


თელავში, კავკასიონ არენაზე, ვალერი გაგუას „თელავმა", „გაგრა" 4-0 გაანადგურა. ანგარიში, მე-4 წუთზე ფირო გაბიტაშვილმა გახსნა. ამ მომენტიდან მალევე, სტუმრებს მოთამაშე გაუგდეს. თანაც, გაგრელთა კარში პენალტიც დანიშნეს, თუმცა (ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, რაც არ გერგებაო - კარგად გაფორმებული და გაყიდული სათამაშო ეპიზოდის შემდეგ დანიშნული 11 მეტრიანი გვაქვს მხედველობაში), დაჩი ცნობილაძეს არსენ სიუკაევმა აუღო. მე-40 წუთზე კი, გაბიტაშვილის გადაცემის შემდეგ, ინიგი მარტინიმ ანგარიში ორამდე გაზარდა. 10 კაცით დარჩენილ „გაგრას" 58-ე წუთზე, დაჩი ცნობილაძემ მაინც გაუტანა. 78-ე წუთზე კი ანდრია დევდარიანმა, ამ შეხვედრის ბოლო გოლი გაიტანა. ამ გამარჯვების მიუხედავად, „თელავი" გადასათამაშებელ ზონაშია.


ეროვნული ლიგის 27-ე ტური 3 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ამის შემდეგ, ოქტომბრის სანაკრებო ფანჯარა გამოცხადდება და გუნდები 17 ოქტომბრამდე შეისვენებენ.


სატურნირო ცხრილი


ფოტო: ეროვნულილიგა