
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. ვინც წინა ევროპის ჩემპიონატის შემდგომი შესარჩევიდან, 2026 წლის ჩემპიონატამდე იცის, თუ რა გზა განვლო ავთანდილ ასათიანის გუნდმა, იმასაც კარგად გრძნობს თუ, როგორი უდიდესი შრომა ჩადო ქართულმა სამწვრთნელო შტაბმა ამ შედეგის მისაღწევად. რეალურად, ბრაზილიელი ნატურალიზებული ლეგიონერების გარეშე დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ყველაფერთან ერთად, გუნდის გამოცდილი მეკარე ზვიად კუპატაძეც გამოაკლდა, ახალი და ძირითადად ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელებით, სულ რაღაც ორ წელში მოახერხა ისეთ გუნდად ჩამოყალიბება, რომელიც არა მხოლოდ შესარჩევი საკვალიფიკაციო ტურნირის დროს, არამედ, მომავალ ევროპის ჩემპიონატზეც ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.
ფინალური საგზური კი, ქართველთა ნაკრებმა საკმაოდ დაძაბულ ფლეი-ოფში მოიპოვა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ რეალურად, სლოვაკეთის წინააღმდეგ, ორ-რაუნდიან დაპირისპირებამდე, ქართველთა გუნდი ისე მივიდა, რომ 16 აპრილის შემდეგ, ამხანაგური თამაში არ ჰქონია. ეს კი, თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი იყო საფრანგეთის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენმა გუნდმა ფრედ, 3-3 ითამაშა. შესაბამისად, ავთანდილ ასათიანს და მის გუნდს, საკმაოდ მძიმე გამოცდის ჩაბარება მოუწიათ.
პირველი თამაშიდან გამომდინარე, რომელიც 18 სექტემბერს თბილისში გაიმართა, 23 სექტემბერს, ბრატისლავაში ჩატარებული თამაშიც ურთულესი იყო. ბუნებრივია, გამარჯვებულებს არ „ასამართლებენ" და ორი რაუნდის ჯამში, გამარჯვებული საქართველო არის, თუმცა, უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით პირველი ტაიმი ქართული გუნდისთვის რთული აღმოჩნდა. გუნდს, თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე მღელვარება ემჩნეოდა და იყო, ისეთი წვრილმანი ხარვეზები, რომელსაც ასათიანის გუნდი, რეალურად, იშვიათად უშვებს. თუმცა, ამ ტაიმში იყო კარგი მონაკვეთები მეორე ათწუთეულში, სადაც ბურთის დაჭერა მოვახერხეთ და გოლიც გავიტანეთ. თუმცა, ამ დროისთვის, ანგარიში წინ უკვე სტუმრები იყვნენ. ასე, რომ 15'08'' წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ გაათანაბრა. ქართველთა გოლიდან წუთნახევარში, ტომაშ დრახოვსკიმ დუბლი (5'36'', 16'47'') დუბლი გაიფორმა. დრახოვსკი, ის ფეხბურთელი არის, რომელიც, სლოვაკეთის ნაკრებს მცირე ტრავმის გამო თბილისში დააკლდათ, დღეს კი, ჩვენი მოწინააღმდეგის გუნდში საკმაოდ დიდი ძალა იყო.
ტაიმი მასპინძლებმა მოიგოს, 2-1 და ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მეტოქის მეკარეს, ტომაშ მიჩუდას ეკუთვნის, რომელმაც განსაკუთრებით პირველ ტაიმში არაერთხელ „იჩუდა".. მეორე ტაიმში ქართველთა გუნდი უფრო ათამაშდა, 25-ე წუთზე, ანგარიშის გათანაბრების შანსიც გვქონდა, თუმცა, გიორგი ღავთაძემ შანსი ხელიდან გაუშვა. პირველივე შეტევაში კი, მასპინძლებმა გაგვიტანეს ამჯერად ეს მარეკ ბელანიკმა გააკეთა 26'12'' წუთზე. მომდევნო სვლა ქართველთა გუნდის იყო - 30'07'' არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა, მას შემდეგ, რაც ვახტანგ კეკელიამ მოახერხა ბურთის ჩაჭრა და გამოცდილ სებისკვერაძემდე გადაცემა. 31'18'' წუთზე ირაკლი თოდუამ გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. აღსანიშნავია, რომ თოდუამ, რომელიც საქართველოს ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობს და დღეს, მე-100 მატჩი ჩაატარა, საქართველოს ნაკრების მაისურით 29-ე გოლი გაიტანა (მის ანგარიშზე 21 საგოლე პასია).
თუმცა, მატჩის შინაარსიდან გამომდინარე ზეწოლას, რასაც თითქმის მთელი მეორე ტაიმი, მოწინააღმდეგის მხრიდან, ზედმეტი ფეხბურთელით სათამაშო ტაქტიკა ემატებოდა, თავის გააკეთა. ბოლო ორი გოლი სლოვაკებმა რიცხობრივი უპირატესობისას გაგვიტანეს 32'05'' წუთზე პატრიკ ხატოვიჩმა სლოვაკები, ბრატისლავურ მატჩში წინ გაიყვანა, 37'01'' წუთზე კი, თბილისური მატჩის შემდეგ, სებასტიან ბაჩომ კვლავ გაგვიტანა. საბოლოოდ, მატჩი 5-3 დასრულდა სლოვაკთა გამარჯვებით. თუმცა, ორი შეხვედრის ჯამში, საქართველოს ნაკრებმა 6-7 გაიმარჯვა და ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ორი საინტერესო დეტალი - ქართველები მთელი მეორე ტაიმი ყვითელი ბარათებით დატვირთულები ზღვარზე თამაშობდნენ, შესაბამისად სიფრთხილეც გასაგებია. ალბათ ისევე, როგორც ის გარემოება, რომ ზედმეტი მოთამაშის საწინააღმდეგოდ, ერთ-ერთ ხერხად, ბურთის მოცილებას და შესაბამისად დროის მცირედით გაყვანასაც ცდილობდნენ. თუმცა, 28 და ბოლოს ორმა წამმა, შესაძლოა ნახევარი საქართველო გააჭაღარავა.
და ბოლოს გეტყვით, რომ ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით ორის ნაცვლად (ლატვია და ლიეტუვა), სამ ქვეყანაში (მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატის საგზური ბელარუსმა მოიპოვა, ლატვია და ლიეტუვა კი, ბელარუსი სპორტსმენების მასპინძლობაზე უარს აცხადებენ, სლოვენია დაემატა)გაიმართება. ჯგუფური ეტაპის წილისყრა ერთ თვეში, 24 ოქტომბერს შედგება. შესაბამისად, ამ დღეს გაირკვევა საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ჯგუფი, მეტოქეები და ასევე, თუ რომელ ქვეყანაში მოუწევს ჩვენს გუნდს ასპარეზობა.
სფფ-ის ფოტო / ლაშა კუპრაშვილი
სტატია რედაქტირებულია 24.09.25 / 00:45





  ჩვენ







