ცოტა ლეგიონის ამბებიც
ცოტა ლეგიონის ამბებიც
23.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართული საფეხბურთო ლეგიონისთვის საკმაოდ საინტერესო კვირა გამოვიდა. ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ-სთან ერთად, წლის საუკეთესო გუნდის წევრი გახდა. „ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე ქართველმა საბოლოოდ, მე-12 ადგილი დაიკავა და მართალია, ათეულამდე ცოტა დააკლდა, ჩვენ კი, „კვარასთვის" სულაც „ოქროს ბურთი" გვემეტება, 2023 წლის შემდეგ, საკუთარ მიღწევას აუმჯობესებს. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ხვიჩამ მე-17 პოზიცია დაიკავა.


აღსანიშნავია, რომ პსჟ და ხვიჩა კვარაცხელია, საფრანგეთის ლიგა 1-ის გადადებული მატჩის გამო, დაჯილდოების ცერემონიას ვერ დაესწრენ. მატჩი კი, პსჟ-მ „მარსელთან" გასვლაზე, მინიმალური ანგარიშით 1-0 წააგო. ხვიჩამ სასტარტოდან დაიწყო, ძალიან ბევრი ურტყეს ფეხებში, ერთხელ კარის მიმართულებითაც დაარტყა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.


„კიტესთან" ერთად, იღბალი დაბრუნდა გრაცის „შტურმში". ავსტრიის ბუნდესლიგაში, ოთარ კიტეიშვილის გუნდმა მე-7 ტურში, გასვლით შეხვედრაში, 0-2 „ზალცბურგი" დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლა. ქართველმა, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა.


გერმანიის ბუნდესლიგაში კი, ქართული დერბი არ შედგა. მართალია, „ჰამბურგის" შემადგენლობაში, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო გიორგი გოჩლეიშვილმა და საკმაოდ კარგი თამაშიც ჰქონდა, „ჰაიდენჰაიმის" შემადგენლობაში არ იყო ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც კვლავ წითელი ბარათის გამო მოუხდა მორიგი შეხვედრის გამოტოვება. თამაში, კი, „ჰამბურგმა" 2-1 მოიგო. აქვე გეტყვით რომ ქართველების გუნდები ბოლო და ბოლოდან მეოთხე ადგილებს იკავებენ.


ესპანურ ლალიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა გიორგი მიქაუტაძემ. „ბომბარდირის" გუნდმა, საშინაო შეხვედრაში „ოსასუნა" 2-1 დაამარხა. ჟორჟიმ, რომელიც „ვილიარეალში" მე-9 ნომრით ასპარეზობს, მისთვის საყვარელ რიცხვის აღმნიშვნელ წუთზე, 69-ე წუთზე გაათანაბარა ანგარიში. იმედია, რომ ქართველის ეს გოლი, მიქაუტაძის თამაშს კიდევ უფრო გახსნის, რადგან როგორც ჩანს, გიორგიმ თუ ბოლომდე ჯერ კიდევ ვერა, ახალ გუნდთან, აკლიმატიზაციის გარკვეული ფაზები გაიარა.


აშშ-ში MLS-ის მორიგ ტურში, საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა" ფრედ 1-1 ითამაშა სან დიეგოსთან. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 75 წუთი გაატარა.


პოლონურ ექსტრაკლასაში გასვლითი შეხვედრა მოიგო ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ". ქართველის გუნდმა, კატოვიცე 0-3 დაამარცხა. „კაკაბამ" ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა.


პორტუგალიის ლიგის მე-6 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა" 3-0 „მორეირენსე" დაამარცხა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 54 წუთი გაატარა. ამავე ტურში „ჟილ ვისენტესთან" გასვლით შეხვედრაში 2-0 წააგო „ეშტორილმა". ნოდარ ლომინაძემ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და ის 81-ე წუთზე შეცვალეს.


რუმინეთის ჩემპიონატში, მე-10 ტურში, მინიმალური ანგარიშით 1-0, „ოცელულისთან", დამარცხდა „კრაიოვა უნივერსიტატია". ანრი მექვაბიშვილი მინდორზე, მხოლოდ 82-ე წუთზე შეუშვეს.


საფრანგეთის ლიგა 1-ში გიორგი წიტაიშვილისა და გიგი აბუაშვილის „მეცი", გასვლით შეხვედრაში „მონაკოსთან" 5-2 განადგურდა. ქართველები ორივე სათადარიგო შემადგენლობაში იყვნენ, თუმცა, მინდორზე მხოლოდ „წიტა" შევიდა და ისიც, 90-ე (!) წუთზე, როდესაც ანგარიში უკვე 4-2 იყო.


საფრანგეთის ლიგა 2-ში გოლი არ გაუტანია და მხოლოდ შეცვლაზე, 67-ე წუთზე  შევიდა სათამაშოდ ზურიკო დავითაშვილი, თუმცა, მისმა გუნდმა „სენტ ეტიენმა" საშინაო შეხვედრაში დაძაბულ ორთაბრძოლაში „რეიმსი" 3-2 დაამარცხა. ზურიკოს გუნდი, ლიგა 2-ში კვლავ, ერთპიროვნული ლიდერია.


სლოვაკეთში, ნაიკის ლიგის მე-8 ტურში, ბევრი ქართველი იყო მოედანზე მოწინააღმდეგე გუნდებში და ტრიბუნებზეც. „სლოვანისა" და  „დუნაისკა სტრედას" შეხვედრას საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ესწრებოდნენ, რომლებსაც 23 სექტემბერს, მნიშვნელოვანი თამაში ელით. რაც შეეხება „სლოვანისა" და „დუნაისკა სტრედას" დაპირისპირებას, ის გურამ კაშიას გუნდის გამარჯვებით 3-2 დასრულდა.  


ცოტა მწვრთნელებიც გავიხსენოთ, თურქულ სუპერლიგაში, შოთა არველაძის „ქასიმფაშამ" მორიგი ქულა აიღო. სტამბოლურ შეხვედრაში, შოთას გუნდმა, ფრედ, 1-1 „ფენერბაჰჩესთან" ითამაშა. „ქასიმფაშა", სტაბილურად, სატურნირო ცხრილში, მე-12 ადგილზეა.


კვიპროსის ჩემპიონატში, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა" გასვლით შეხვედრაში „აჩნასისთან" 2-0 წააგო. შეხვედრა, საკმაოდ უხეში გამოდგა, ორივე გუნდმა 10 ფეხბურთელით დაასრულა თამაში.