ამინდივით ტური ქალთა ლიგაზე
ამინდივით ტური ქალთა ლიგაზე
20.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ქალთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე იყო. თბილისში, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში, ტურის და ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რეალურად ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე შეეძლო არაოფიციალურად, გათამაშების გამარჯვებულიც გამოევლინა. ვინაიდან, თუკი, ზედა ჯგუფში, „ნიკე-ლუსოსა" და „ლანჩხუთის" დაპირისპირებაში, მასპინძლები გაიმარჯვებდნენ, ოქროს მედლებისთვის უშუალო კონკურენტს ისინი მთელი 6 ქულით გადაუსწრებდნენ. შესაბამისად, დარჩენილ ოთხ ტურში, „ნუკე-ლუსოს" უნდა წაეგო სამი შეხვედრა და აქედან, ერთი „ლანჩხუთთან", რომ ამ უკანასკნელს, ბოლო ტურის წინ, სასწაულისა და „თეორიული შანსის" იმედი ჰქონოდა.


მთელი ეს დაძაბულობა, რომელიც 20 სექტემბრის თამაშს ლეიტმოტივად დასდევდა, ძლიერი ქალითაც იყო გამძაფრებული, რომელიც ელემენტარულად სტანდარტული სიტუაციების შესრულებისას ბურთის გაჩერების შესაძლებლობას არ გაძლევდა. შეხვედრის დასრულებამდე, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, მსაჯმა ჯერ მეორე ყვითელის გამო ტატა მატვეევა გაუძევა „ლანჩხუთს", შემდეგ კი, მსაჯის სასტვენის შემდეგ, გუნდებს შორის დაწყებული ჩხუბის გამო მასპინძელთა რიგებიდან ნინო ბუხრიკიძე, სტუმართაგან კი, სილმარის სმიტ-პაუელი გააძევა. გამომდინარე იქიდან, რომ მოთამაშეებს შორის დაწყებული ჩხუბში, რომელსაც აუცილებლად სფფ-ის სადისიციპლინო და დავების კომიტეტი განიხილავს, მოგვიანებით გულშემატკივარიც ჩაერთო... სტატია რედაქტირებულია, შესაბამისად გთავაზობთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით კლუბების „ლანჩხუთისა"  (იხილეთ ბმული) და „ნიკე ლუსოს" (იხილეთ ბმული) მიერ გავრცელებულ განცხადებებს. ჩვენ კი, სადისციპლინო კომიტეტის დასკვნას დაველოდებით და მოვლენებს, ამის შემდეგ დავუბრუნდებით.


რაც შეეხევა თამაშს, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და მასპინძელთა უპირატესობით და სწრაფი გოლით დაიწყო. მე-4 წუთზე, სოლანჟე კარვალიაშმა გახსნა ანგარიში და პირველ ტაიმში, ალბათ ქარი რომ არა, მას დუბლიც ექნებოდა. სხვათა შორის, მთელი მატჩის მანძილზე, საკმაოდ საინტერესო დუელი ვიხილეთ ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელებს, თეონა ბაქრაძესა და ნინო ჩხარტიშვილს შორის. ლანჩხუთელი მცველის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ამ შეხვედრაში, ჩხარტიშვილმა მოწინააღმდეგის კარგად „ჩაკეტვა" მოახერხა და ბაქრაძემ თამაში გოლის გარეშე დატოვა. გოლი ვერ გაიტანა ვერც ეთერ სულაშვილმა, რომელიც ამ მომენტისთვის ზედა ჯგუფში გოლეადორთა დავას ლიდერობენ (ბაქრაძე 32 გოლი, სულაშვილი 30). 63-ე წუთზე, გაბი და სილვამ ანგარიში ორამდე გაზარდა.


ჩხარტიშვილის გარდა, რომელიც ჩვენი კონკრეტული მოსაზრებით, საუკეთესო იყო ამ შეხვედრაში,  მოქმედი ჩემპიონის, „ლანჩხუთის" რიგებიდან ალბათ, ანანო წიქარიძეს გამოვარჩევდით, რომელმაც რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტია „ნიკე-ლუსოს" კარს პირველ ტაიმში, მეორე ტაიმის მიწურულს, 86-ე წუთზე კი, სწორედ მისი ჩაწოდებული ჯარიმის შემდგე, ჩისომ ონიევუენი ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, სტუმრებს ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების საშუალება, თუმცა, დასწრებაზე თბილისელთა მეკარემ ითამაშა კარგად. საბოლოოდ, შეხვედრა 2-1 დასრულდა „ნიკე-ლუსოს" გამარჯვებით.


სატურნირო ცხრილი


ამ ჯგუფის მეორე  შეხვედრა 22 სექტემბერს, „ელიტასა" და „კვარტალს" შორის, „ნიუ ვიჟენის" სტადიონზე გაიმართება.


დღევე, ქვედა ჯგუფის სამი მატჩი გაიმართა:


„ვერე", სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში ქალთა ლიგის დებიუტანტ „რაჭა 2020"-სთან 0-2 დასრულდა. სტუმართა გუნდიდან, ორივე გოლი კესო მეტონიძემ გაიტანა, რომელსაც ამ მომენტისთვის ორივე ზედა და ქვედა ჯგუფში ყველაზე მეტი, 34 გოლი აქვს გატანილი.  


ჩხოროწყუში, ბონდო პაპასკირის სტადიონზე, „სამეგრელომ", ანგარიშით 6-0 დაამარცხა „ნორჩი დინამო". მეგრული გუნდიდან გოლები ანა კირვალიძემ (14', 54', 87'), მარიამ თოდუამ (27'), ვერიკო ბერიამ (48') და მარიამ გოროზიამ (67') გაიტანეს.


ქუთაისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში, ადგილობრივი „მართვე" მშრალი ანგარიშით, 0-3 დამარცხდა „ბათუმთან". აჭარული გუნდიდან, ანგარიში მე-10 წუთზე ელენე ბოლქვაძემ გახსნა. 74-ე წუთზე მან დუბლიც შეასრულა. თუმცა, მანამდე, ანა გოდერიძის ავტოგოლით, ქუთაისელებმა სტუმრებს საქმე გაუმარტივეს.


სამი ტურის შემდეგ, ქვედა ჯგუფში, სატურნირო ცხრილში 32 ქულით „ბათუმი" ლიდერობს.


ქალთა ლიგის მომდევნო ტური ორივე ჯგუფში, 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული.  


ფოტო მარიამ რევიშვილი / „ნიკე-ლუსო"