18 წლის ვახტანგ ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონია
18 წლის ვახტანგ ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონია
19.09.2025
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს ახალი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს, თანაც 18 წლის. სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე უფროსებს შორის ვახტანგ ლოლუამ ხმამაღალი განაცხადი გააკეთა.


ჭიდაობაში, ხორვატიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეების  წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, დღეს, რაღა დაგიმალოთ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან წარმატებას, ცოტა არ იყოს, შიშით ველოდით. თუმცა, როგორც ჩანს, ახალი თაობა, სპორტის სხვა სახეობების მსგავსად, ჭიდაობაშიც თავის დამკვიდრებას ბავშვური ჟინითა და სიჯიუტით ახერხებენ, რაც ჩვენი აზრით ოდნავ უფროსებს უკვე დააკლდათ.


18 წლის ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ფინალში ირანელი ფარზად აჰმად ბალოოტაკი ანგარიშით 9-7 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა. ფინალურ შეხვედრამდე ქართველმა ფალავანმა, მერვედფინალიდან მოყოლებული ჯერ ჩინელი, შემდეგ რუმინელი და  ნახევარფინალში კი, თურქი სპორტსმენები დაამარცხა.


დღესვე, ვერცხლის მედლის მფლობელი, 82 კგ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძე გახდა. ქართველმა, ფინალში ირანელ ჯავად ფაროხისენიანთან  4-0 წააგო.


მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ასპარეზობა სხვა წონით კატეგორიებში გრძელდება. ასე, რომ მორიგი მედლების მოლოდინში ვართ. მითუმეტეს, რომ 18 წლის სპორტსმენის წარმატება, შეუძლებელია, მთლიანად გუნდს არ „გადაედოს".


ფოტო: (c) UWW