
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ერთი ნაბიჯით წაიწია. ავთანდილ ასათიანი გუნდმა ფლეი-ოფის პირველ დაპირისპირებაში კომფორტული ანგარიშით 4-1 (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი) დაამარცხა სლოვაკეთი და ახლა, ბრატისლავაში, საპასუხო მატჩში შეეცდება დღევანდელი მონაგარის დაცვას.
შეხვედრა კი, საქართველოს ნაკრებმა ფრთხილად დაიწყო და ფეხბურთელებს აშკარად ემჩნეოდათ ნერვიულობა - სასწორზე ევროპის ჩემპიონატი დევს. პირველად, თორნიკე ბუკიას, საქმეში ჩართვა, მატჩის დაწყებიდან მეოთხე წუთზე მოუხდა. რეალური საგოლე მომენტი კი, საქართველოს ნაკრებს, მე-12 წუთზე ჰქონდა, როდესაც, მოწინააღმდეგის მეკარემ ბურთი მოიგერია. თუმცა, კუთხურის შემდეგ, 11'57" არჩილ სებისკვერაძემ ანგარიში გახსნა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ტაიმის დასასრულებში, როგორც პირველში, ასევე მეორეში, გოლი რომ არ გაგვივიდა და გადავრჩით, ალბათ, უფრო იღბალი იყო.
„პირველი ტაიმი ცოტა რთული იყო, რადგან დაძაბულები ვიყავით. მეორე გოლმა გარდატეხა შეიტანა და უფრო გავიხსენით და სასურველი ანგარიში დავაფიქსირეთ. შესწავლილი გვყავდა სლოვაკეთი, ვიცოდით, რომ ფიზიკურად ძლიან ძლიერი გუნდი იყო. გამომდინარე აქედან, გვქონდა გავლილი კომბინაციურად დეტალები. მწვრთნელებმა კარგად იმუშავეს და ვეცადეთ ჩვენი პლუსები გამოგვეყენებინა", - ამბობს მატჩს დასრულების შემდეგ შოთა თოფურია, ნაკრების კაპიტანი.
ავთანდილ ასათიანის გუნდის სასარგებლოდ იყო პირველი ტაიმის შემდეგ სტატისტიკა. საქართველოს ნაკრებს, მეტოქის კარის მიმართულებით 17-ჯერ ჰქონდათ დარტყმული, მაშინ როცა მოწინააღმდეგეს მხოლოდ 7-ჯერ. კუთხურების მხრივაც, უპირატესობა ჩვენი იყო, თუმცა, მოთამაშეების „შებოჭილობა" ცოტა გვაფიქრებდა. მეორე ტაიმის სტარტზე 21'28" გიორგი ჩიმაკაძის გატანილმა გოლმა ცოტა გახსნა თამაში, თუმცა, დაცვაში გაგვეპარა და 24'54'' სებასტიან ბაჩოსგან გაუმართლებელი გოლი მივიღეთ. 34'55" წუთზე, არჩილ სებისკვერაძემ დუბლი შეასრულა და ცოტა, ჩვენც ამოგვასუნთქა. 35'34" წუთზე კი, შოთა თოფურიამ ამ მატჩში წერტილი დასვა. ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ დარჩენილ დროში შანსები გამოგვეყენებინა და კიდევ გაგვეტანა, თუმცა, რაც მოვახერხეთ ეს იყო. ყოველ შემთხვევაში, მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ კარგი თამაში შემოგვთავაზა.
„რთულ თამაშს ველოდებოდით. კარგია ის, რომ გუნდს ეტყობოდა, ჩემი მხრიდან მიცემულ დავალებებს ცდილობდნენ გაეკეთებინათ. ბიჭებს ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. ასეთი ქომაგობა თუ გვექნება, მე არ ვიცი ნაკრები, რომელიც სახლში დაგვამარცხებს. ჩათვალეთ, დღეს პირველი ტაიმი დასრულდა. ძალიან რთული თამაში გველოდება. ანგარიშის მიუხედავად, არ აქვს მნიშვნელობა. ასე რომ ამაზე მეტად ბევრი ბრძოლა გველოდება. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, 8000 ბილეთი არის გაყიდული. ასე, რომ მეორე ტაიმის თამაში, ასეთ გარემოში მოგვიწევს. სლოვაკეთში, შეგვიძლია მეორე ნომრად თამაში. გვაქვს პატარა ფორა, თუმცა, ეს არაფერს არ ნიშნავს", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.
ბრატისლავაში, 23 სექტემბერს, საპასუხო მატჩზე, საქართველოს წინააღმდეგ, 8000 გულშემატკივართან ერთად, სლოვაკეთის ნაკრებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ტომაშ დრაგოვსკი დაემატება. და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ფლეი-ოფის ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული გუნდი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. „ევრო 2026" კი, 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
ფოტო: გიორგი (ზიზუ) ჯიქია





ჩვენ







