„კვარამ“ და პსჟ-მ ხმამაღლა დაიწყეს...
„კვარამ“ და პსჟ-მ ხმამაღლა დაიწყეს...
18.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველის სათამაშო ფანჯრის მეორე სათამაშო დღე, ქართველი გულშემატკივრისთვის საამაყო გამოდგა. ყოველ შემთხვევაში, მაშინ როდესაც ლიგაზე ქართული კლუბები ვერა და ვერ არიან, თითოეული ქართველის წარმატება გვიხარია. დღეს კი, ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც ჯერ მისთვის ჩვეულ ფორმამდე ბევრი აკლია, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების სასტარტო შეხვედრა „ატალანტასთან" გოლით აღნიშნა. გაიტანა გოლი, რომელიც თავიდან ბოლომდე თავად შექმნა და არა მხოლოდ, გულშემატკივრისა და ფრანგების, ან თუნდაც ჩვენი ქართველების აღფრთოვანება, არამედ, მოწინააღმდეგე გუნდის მედიისა და სპეციალისტები „აპლოდისმენტებიც" დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი, შეცვალეს, ის პირველი მატჩის MVP გახდა.


„ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ დღეს მოვიგეთ. „ატალანტა" კარგი გუნდია, მაგრამ ვფიქრობ დღეს, ჩვენი თამაში იყო. ჩვენ კარგად სათამაშოდ ყველაფერი გავაკეთეთ, ვეცადეთ, ჩვენი თამაში გვეთამაშა და დღეს ჩვენი დღე იყო. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა დღეს მოიგო გუნდურად. კარგი თამაში იყო. ვიცი, კიდევ გვექნება კარგი თამაშები, მაგრამ  ეს შემადგენელი ნაწილია და ამიტომაც გავხდით შარშან ჩემპიონები. ვიცით, იმისთვის რომ მოვიგოთ ტურნირი, კარგ გუნდებს უნდა ვეთამაშოთ. ჩვენ შევეცდებით კარგად ვითამაშოთ და მომდევნო რაუნდზე გავიდეთ", - აღნიშნა კვარაცხელიამ მატჩის შემდგომ კომენტარში.


დეზირე დუესა და უსმან დემბელეს არყოფნის მომენტში, ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ „კვარამ" პსჟ-ს ლიდერობა ითავა და გამოუვიდა კიდეც. პსჟ-მ კი, რეალურად მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. შეხვედრა მარკინიოსის სწრაფი გოლით, ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა. „კვარამ", 39-ე წუთზე გაიტანა. 44-ე წუთზე ბარკოლას გოლის შემდეგ, „წერტილის დასმაც" შეიძლებოდა. თუმცა, ფრანგი თამაშგარეში იყო და გოლი გაუქმდა. 51-ე წუთზე, ნუნუ მენდეშმა გაიტანა. წერტილი კი, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველივე წუთზე გონსალო რამოშმა დასვა. პსჟ-მ 4-0 მოიგო და ტიტულის დასაცავად პირველი ნაბიჯი გადადგა.


დღესვე, ქართული ლეგიონიდან, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმაც", თუმცა, როგორც ველოდით საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს, სათამაშო დრო არ მისცემია. ალისონთან ერთად კი, ბრიტანელებმა „ატლეტიკო" 3-2 მსაჯის მიერ მატჩისთვის კომპენსირებული დროში გატანილი გოლის წყალობით დაამარცხეს.


დღევანდელი დღის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

„ოლიმპიაკოსი"- „პაფოსი" 0-0

„სლავია" - „ბოდო გლიმტი" 2-2

„აიაქსი" - „ინტერი" 0-2

„ბაიერნი" - „ჩელსი" 3-1


და ბოლოს, 18 სექტემბერს შეიძლებოდა კიდევ ერთი დერბი შემდგარიყო, თუმცა, გიორგი ზარია კვლავ ტრავმირებულია. ამ გარემოების შესახებ, უეფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც, არის მინიშნება. ასე, რომ გიორგი ქოჩორაშვილს და მისი „სპორტინგის" გულშემატკივარს, ამჯერად, არ მოუწევთ ქართული „დუელის" თვალის დევნება.


„სპორტინგისა" და  „ქაირათის" დაპირისპირება 18 სექტემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება.


18 სექტემბერის სხვა შეხვედრების განრიგი ასეთია:

20:45 „ბრიუგე" -  „მონაკო"

20:45 „კოპენჰაგენი" -  „ლევერკუზენი"

23:00 „აინტრახტი" -  „გალათასარაი"

23:00 „მანჩესტერ სიტი" -  „ნაპოლი"

23:00 „ნიუკასლი" - „ბარსელონა"



ფოტო: © PSG / UEFA

ასევე იხილეთ სტატია