უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე „დინამო თბილისმა“ ფრე ითამაშა
უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე „დინამო თბილისმა“ ფრე ითამაშა
17.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისი" 19-წლამდე გუნდმა, რომელიც აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონია, უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე დაიწყო ასპარეზობა. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდი ბოსნია და ჰერცეგოვინას „ჟრინსკის" დაუპირისპირდა.


შეხვედრა, პატარა ბოსნიურ ქალაქ გაბელაში გაიმართა, პერიცა პერო პავლოვიჩის სახელობის სტადიონზე, რომელიც ჩვენი მიხეილ მესხი 2-ის ტიპისაა. „ჟრინსკისა" და „დინამო თბილისის" დაპირისპირებას კი, პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ არც თამაში ყოფილა უხეში და არც მსაჯს დასჭირვებია ბევრი ჩარევა, თუმცა, მატჩისთვის დამატებული სამი წუთიდან მესამე წუთზე, პოლონელმა მსაჯმა, ლაშა ხუციშვილს, რომელსაც 35-ე წუთზე უჩვენა ყვითელი, მეორე ყვითელი, სწორედ, კრიტიკულ დროს დააწია და ქართული გუნდი, 10 ფეხბურთელით დატოვა მოედანზე. სხვათა შორის, ქართული გუნდიდან კიდევ ერთი ყვითელი ბარათი, ასევე მცველს, მათე შათირიშვილს ჰქონდა. ასე, რომ ამ მხრივ, მითუმეტეს ამ ასაკში, სადაც VAR-ი არ არის, დანის პირზე გავიარეთ. 10 ფეხბურთელით კი, დამატებული სამი წუთის შემდეგ, კიდევ რამდენიმე ვითამაშეთ, თუმცა, ის დროც, ისევე, როგორც მთლიანად მატჩი, დინამოელებმა მეტოქის ნახევარზე გაატარეს.


„თამაშის განმავლობაში, ოთხი-ხუთი კარგი შანსი გვქონდა გოლის გატანის. თუმცა, ვერ მოვახერხეთ. შევეცდებით, მომდევნო შეხვედრაში საკუთარი კედლების უპირატესობა გამოვიყენოთ", - ამბობს მათე შათირიშვილი, TSFF.ge-სთან ლაპარაკში.


გოლის გატანის რამდენიმე კარგი შესაძლებლობა თემო ოდიკაძეს ჰქონდა, თუმცა, ამ ჯერზე „ოდომ" ვერ „გაისწორა დარტყმა", სამაგიეროდ პირობა მოგვცა, რომ 1 ოქტომბერს, თბილისში, საპასუხო შეხვედრის დროს, გოლს აუცილებლად გაიტანს. დღევანდელ შეხვედრაში, „დინამო თბილისმა" კარის მიმართულებით 16-ჯერ დაურტყა. მასპინძელმა გუნდმა მხოლოდ 7-ჯერ.  გოლი კი, შეხვედრის 32-ე წუთზე რეზი დანელიამ გაიტანა. მასპინძლებმა, მხოლოდ 69-ე წუთზე კუთხურის შემდეგ მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. გოლი, „ჟირაფივით" მაღალმა დავიდ კარაჯიჩმა გაგვიტანა.


შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა (მატჩის ტექსნიკური ჩანაწერი). შესაბამისად, ამ წყვილში გამარჯვებულის ბედი თბილისში გაირკვევა. აღსანიშნავია, რომ საპასუხო შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში დამატები დრო, სულ ბოლოს კი, პენალტების სერია დაინიშნება. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ „დინამო თბილისის" 19-წლამდები, მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის საგზურს ძირითად დროში მოიპოვებენ.


ფოტო: (c) HŠK Zrinjski