
მეტ-ნაკლებად წარმატებული სანაკრებო პაუზის შემდეგ, ვიდრე, ქართული ლეგიონი ევროპის საკლუბო ტურნირებზე დაიწყებს ასპარეზობას, შაბათ-კვირას სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებს გადავხედოთ, სადაც ქართული ლეგიონის წარმომადგენლებმა იასპარეზეს. ტრადიციულად ქვეყნების ჩამონათვალს ალფავიტით ჩავუყვებოდი, თუმცა, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავშივე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება! ჩვენი გვერდი შეეცადა ფეხბურთელის მდგომარეობა გაგვერკვია, „კვარას" თამაშის დროს მტკივნეულად მოხვდა და შემდეგ, ამ ტკივილმა შეაწუხა. წვალებას და გართულებას კი, ქართველმა შეცვლის თხოვნა ამჯობინა და თამაშიც, ამ მიზეზით დატოვა. ასე რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს. რაც შეეხება მის გუნდს, პსჟ-მ, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში, „ლანსი" 2-0 დაამარცხა და ქულების მაქსიმუმით, სატურნირო ცხრილში დაიკავა მისთვის ჩვეული ადგილი.
ამავე ტურში, ფრედ, 1-1 ითამაშა გიორგი წიტაიშვილისა და გიგი აბუაშვილის „მეცმა", „ანჟესთან". „წიტამ" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 72-ე წუთზე აბუაშვილმა შეცვალა. ქართველების გუნდმა კი, მიმდინარე გათამაშებაში, რომელშიც 4 ტურის შემდეგ, ბოლო ადგილზე არიან, პირველი ქულები აიღო.
საფრანგეთის ლიგა 2-ში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა" გასვლით შეხვედრაში „კლერმონი" 1-2 დაამარცხა. ქართველი განაცხადში არ ყოფილა, უფრო მეტიც - მისი გვარის შესახებ რიგი ინტერნეტ-წყაროები მიუთითებენ „არააქტიურს" თუმცა, უკავშირდება თუ არა ამ ეტაპზე ეს განმარტება, ქართველის სავარაუდო ტრანსფერს. ჩვენთვის უცნობია. ფრანგული კლუბის მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ქართველმა მატჩის წინ, ტრავმა მიიღო. აქვე შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს იხურებოდა სატრანსფერო ფანჯარა თურქეთში, სადაც ქართველით „ბეშიქთაში" იყო დაინტერესებული. თუმცა, ამ ეტაპზე თურქული მედია ქართველის ტრანსფერზე არ ლაპარაკობს.
ახლა ჩავყვეთ ქვეყნებს ალფავიტით და ავსტრიული ბუნდეს ლიგით დავიწყოთ, სადაც ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა", ტრავმირებული ქართველის გარეშე საშინაო შეხვედრა 0-1 წააგო „აუსტრია ვენასთან" და 6 ტურის შემდეგ, მე-5 ადგილზეა. „კიტეს" რაც შეეხება, სანაკრებო ფანჯრის დროს მიღებული ინფორმაციით, ქართველის რეაბილიტაციისთვის 3 კვირა დასჭირდებოდა საიდანაც ერთი მიიწურა. ასე, რომ ქართველთა ნაკრების ხერხემალს ნელ-ნელა უკვე, სავარჯიშო გარემოში დაველოდოთ.
ქართული სანაკრებო „თადარიგიდან" სტაბილურად ასპარეზობენ დავით ვოლკოვი და გიორგი პაპუნაშვილი. აზერბაიჯანს სუპერლიგის მეოთხე ტურში, ქართველების გუნდმა „ზირამ" გასვლითი შეხვედრა ფრედ, 1-1 ითამაშა „ყარაბაღთან", რომელსაც ამ კვირაში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მთავარ ბადეში უწევს ასპარეზობა. ქართველების გუნდმა ანგარიში 11-მეტრიანით გახსნეს. მინდორზე კი, ვოლკოვმა 78, პაპუნაშვილმა კი, 85 წუთი დაჰყვეს. სხვათა შორის, მასპინძლებმა ქულა, 81-ე წუთზე კადის გოლით გადაარჩინეს.
აშშ-ს MLS-ში, საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედისა" და „კოლუმბუს ქრიუს" შეხვედრაში 9 გოლი გავიდა. პირველი ტაიმის შემდეგ, ქართველის გუნდი 1-5 აგდებდა, შესაბამისად, „ლობჟანა" იმ „შეცვლებში" მიჰყვა, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა გააკეთეს. ამის შემდეგ, მეორე ტაიმში, 3 გოლი ატლანტელებმა გაიტანეს და საბოლოოდ, 4-5 წააგეს.
ბოსნია და ჰერცეგოვინას WWIN ლიგა BiH-ის მე-7 ტურში, გიორგი გულიაშვილის „სარაევო" გასვლაზე „შიროკო ბრიეგისთან" 2-1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 2-0-ზე ანგარიში ქართველის გადაცემით, სტუმრებმა პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე შეამცირეს. თუმცა, მეორე ტაიმში, თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
ბულგარეთის პირველი ლიგის მე-8 ტურში, ლაშა დვალის ახალმა გუნდმა სოფიის „ცსკა 1948"-მ ანგარიშით 3-1 სოფიის „სლავია" დაამარცხა. ამ შეხვედრაში, პირველი გოლი, მე-16 წუთზე ლაშა დვალის გადაცემის შემდეგ გაიხსნა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა.
უსიამოვნო გამოდგა ქართველი გულშემატკივრისთვის გერმანული ბუნდესლიგის მე-3 ტური. იმას გარდა, რომ ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი" 0-2 დამარცხდა საშინაო შეხვედრაში „დორტუმნთან", 21-ე წუთზე ქართველი მინდვრიდან გააძევეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბუდუ სამ ტურს გამოტოვებს. ეს კი, ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრის წინ, ძალიან ცუდი ამბავია. აქვე შეგახსენებთ, რომ წითელი ბარათის გამო, მოუხდა, ალიანს არენაზე, მიუნხენის „ბაიერნის" წინააღმდეგ თამაშის გაცდენა გიორგი გოჩოლეიშვილს, რომლის „ჰამბურგიც" დიდი ანგარიშით 5-0 დამარცხდა რეკორდმაისტერთან.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, მე-5 ტურში, „კარლსრუესა" და „ნიურნბერგის" დაპირისპირებაში, რომელშიც მასპინძლებმა 2-1 გაიმარჯვეს, საკუთარ გუნდში საუკეთესო, ორივე გუნდში კი, მესამე შეფასება მიიღო ლუკა ლოჩოშვილმა, თუმცა, „ლუკა მთრეველის" მონდომებას, ამ ტურში თანაგუნდელები ვერ აჰყვნენ და წააგეს. „ნიურნბერგი", ამ ეტაპზე ბოლო ადგილზეა.
აი, ჩვენს ბომბარდირს კი, სავარაუდოდ ახალ კლუბთან აკლიმატიზაცია ჯერ არ გასვლია. სანაკრებო შესვენების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის" შემადგენლობაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 79 წუთი გაატარა, გასვლაზე, „ატლეტიკო მადრიდთან" და საბოლოოდ, მისი გუნდი, 2-0 დამარცხდა. ლალიგაში, ჟორჟის გუნდი, მე-6 პოზიციაზეა, თუმცა, ალბათ ამ ეტაპზე 16 სექტემბერია, როდესაც ქართველი ახალ გუნდთან ერთად, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. იმედი გვაქვს, რომ ბომბარდირი „ტოტენჰემის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.
ვიდრე გაირკვევა თურქეთთან და „ბეშიქთაშთან" კავშირში ქართველის ბედი, თურქულ სუპერლიგაში პირველი შეხვედრა მოიგო შოთა არველაძის „ქასიმფაშამ", რომელმაც 22 წლის ქართველი ნახევარმცველის ნიკა უგრეხელიძის „ქარაგიუმრუქი" გასვლაზე 0-1 დაამარცხა. საინტერესოა, რომ ანგარიში, 31-ე წუთზე მასპინძლებმა ავტოგოლით გახსნეს. მეორე ტაიმის შუაწელში კი, შოთას გუნდი, კაცნაკლული დარჩა, თუმცა, 3 ქულის ასაღებად ბოლომდე იბრძოლა. რაც შეეხება მასპინძელი გუნდიდან ქართველს, „უგრეხა" განაცხადში იყო, თუმცა, სათამაშოდ არ შესულა.
კარში ალისონით, სათადარიგოზე გიორგი მამარდაშვილით, ინგლისის პრემიერლიგაში, „ლივერპულმა", გასვლითი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 0-1 მოუგო კაცნაკლულ „ბარნლის" და 4 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს, ქულების მაქსიმუმით ლიდერობს. შეგახსენებთ, რომ „ლივერპული" 17 სექტემბერს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოს" შეხვდება, თუმცა, „ესპანური" გამოცდილების მიუხედავად, გვეეჭვება, რომ ალისონმა კარში ადგილი ქართველს დაუთმოს.
იტალიის სერია A-ში, საბა გოგლიჩიძის „უდინეზემ" გასვლაზე „პიზა" 0-1 დაამარცხა. ქართველის გუნდმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა, საბა კი, მინდორზე 75-ე წუთზე შემოუშვეს. 3 ტურის შემდეგ, ქართველის გუნდი, 7 ქულით, მე-4 ადგილზეა.
ერთი ადგილით მაღლა, მესამე საფეხურზეა კიდევ ერთი ქართველის, დაჩი ლორთქიფანიძის „კრემონეზე", რომელმაც ეს ტური გასვლაზე, „ვერონასთან" ფრედ, 0-0 ითამაშა და ახლა, საბას გუნდს, მხოლოდ ბურთების სხვაობის ხარჯზე ასწრებს სატურნირო ცხრილში.
იტალიის სერია B-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ" გასვლაზე, 0-1 „პადოვა" დაამარცხა და სამი ტურის შემდეგ 7 ქულით, მეოთხე საფეხურზეა. კვერნაძეს რაც შეეხება, სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე მხოლოდ 71-ე წუთზე გამოჩნდა. ამ მომენტისთვის მისი გუნდი უკვე წინ იყო ანგარიშში.
კვიპროსის ლიგის მე-3 ტურში, გიორგი ქვილითაიას „არისმა" ლიმასოლში, საშინაო შეხვედრაში 2-0 დაამარცხა ნიქოზიის „ოლიმპიაკოსი". ქართველმა თავდამსხმელმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა ის, 63-ე წუთზე შეცვალეს. ამ მომენტში, ქართველის გუნდი, ქულების მაქსიმუმით გათამაშებას ლიდერობს. 14-გუნდიან ჩემპიონატში, ჯერჯერობით მე-12 ადგილზეა თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი", რომელმაც ამ ტურში, ლარნაკას „აეკი" მიიღო და ფრედ, 1-1 ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ქართველი მწვრთნელის გუნდმა, რომელიც კვიპროსულ კლუბში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, პირველი ტაიმის ბოლოს, 11-მეტრიანიდან გაუშვა გოლი. თუმცა, მეორე ტაიმში, „ანორთოსისმა" თამაშის შემობრუნება მოახერხა.
პორტუგალიის ლიგის მე-5 ტურში სადებიუტო გოლი გაიტანა ნოდარ ლომინაძემ. „ეშტორილისა" და აფს-ს დაპირისპირებაში, რომელიც საბოლოოდ 3-1 დასრულდა მასპინძელთა სასარგებლოდ, გოლების ათვლა მე-12 წუთზე დაიწყო, როდესაც, მასპინძლები ქართველმა დააწინაურა. საბოლოოდ, ლომინაძემ, რომელმაც სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, მინდორზე 71 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა ორივე გუნდიდან.
მოიგო „სპორტინგმაც", მხოლოდ 1-2 გასვლაზე, „ფარმალისაოსთან". გიორგი ქოჩორაშვილმა ძირითად შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 68 წუთი დაჰყო. აღსანიშნავია, რომ ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა, „ქოჩორას" გუნდმა მალევე აღადგინა წონასწორობა, 65-ე წუთზე კი, წინაც გავიდა. ახლა პორტუგალიის ლიგაში, ქოჩორაშვილის გუნდი, 12 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზეა. ლომინაძის „ეშტორილი" კი, მე-10 პოზიციაზე. აქვე შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს „ქოჩორას" „სპორტინგი", გიორგი ზარიას „ქაირათს", უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში უმასპინძლებს. თუმცა, საეჭვოა ამ შეხვედრაში ზარიას მონაწილეობა, ვინაიდან საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ტრავმის შემდეგ, ქართველს ყაზახეთის პრემიერ ლიგის მორიგი, 23-ე ტური გაუცდა.
რუმინეთის სუპერლიგაში, 9 ტურის შემდეგ, 23 ქულით, სატურნირო ცხრილს ლიდერობს ანრი მექვაბიშვილის „უნივერსიტატია კრაიოვა". ქართველის გუნდმა, ამჯერად საშინაო შეხვედრაში, 2-0 დაამარცხა „ფარულ კონსტანტა". „მექვაბამ" სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და თამაშში, 73-ე წუთიდან ჩაერთო.
საქართველოს ნაკრების პირველი მეკარის მსგავსად, მორიგ თამაში, სკამზე გაატარა ლუკა გუგეშაშვილმა, რომლის „პაოკმაც", საბერძნეთის სუპერ ლიგის მე-3 ტურში, გასვლაზე კრეტაზე „ოფი" 1-2 დაამარცხა.
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ ჟილინაში, ფრედ, 3-3 ითამაშა, სლოვაკეთის ნაიკის ლიგის მე-7 ტური გურამ კაშიას „სლოვანმა". ქართველმა ბრატისლაველთა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და ვლადიმირ ვაისმა ის, მეორე ტაიმში შეცვალა. პირველი ტაიმის შემდეგ, „სლოვანი", 3-1-ს აგებდა. ამ შეხვედრაში, მხოლოდ 84-ე წუთზე შემოუშვეს მოედანზე „მასპინძელი ქართველი" ალექსანდრე ნარიმანიძე. 7 ტურის შემდეგ კი, გუნდი, უჩვეულოდ, ყოველ შემთხვევაში ბოლო წლებისთვის უჩვეულოდ, მე-4 პოზიციაზეა, „ჟილინა" კი, ერთით მაღლა.
გიორგი გაგუასა და ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედამ", რომელიც ამ ეტაპზე, „სლოვანს" უსწრებს სატურნირო ცხრილში, ამ ტურში, „პოდბერეზოვა" დაამარცხა 2-0. კაპანაძემ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, გაგუა კი, მოედანზე, მხოლოდ 87-ე წუთზე შეუშვეს.
სლოვაკეთის ჩემპიონატს კი, გიორგი მოისწრაფიშვილის „ტრნავა" ლიდერობს. ქართველის გუნდმა, გასვლით შეხვედრაში, „სკალიცა" 0-4 დაამარცხა. „მოისწრაფამ", ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მინდორზე 68 წუთი გაატარა.
ძალიან დიდი ხნის შესვენების შემდეგ, მართალია მხოლოდ 1 წუთით, მაგრამ „ჟიტომირის" შემადგენლობაში, კვლავ გამოჩნდა გიორგი მაისურაძე. ჩვენი გვერდი იმედს იტოვებს, რომ ქართველი, ჩვეულ ფორმას მალე დაიბრუნებს. მისმა გუნდმა კი, უკრაინის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში, „კრივბასი" 0-1 დაამარცხა.
უკრაინის პრემიერ ლიგის ამ ტურში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო ირაკლი აზაროვმა, რომელიც 75-ე წუთზე შეცვალეს. მისმა „შახტარმა" კი, გასვლაზე, ხარკოვის მეტალისტთან ფრედ, 1-1 ითამაშა.
და ბოლოს შვეიცარიის ჩემპიონატი, რომელშიც გაბრიელ სიგუას „ლოზანა", მესამე ტურში, „გრასჰოპერსთან" 3-1 დამარცხდა. ქართველმა სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე, მეორე ტაიმში შევიდა. თითქმის ამ დროიდან მოყოლებული მისი გუნდი, კაცნაკლულიც დარჩა და მშრალი ანგარიშით აგებდა, თუმცა, 76-ე წუთზე ლოზანელებმა ერთი გოლის გატანა მოახერხეს. ამ მომენტისთვის, „ლოზანა" მხოლოდ მე-9 ადგილზეა.
დღეისათვის სულ ეს იყო... დანარჩენი დაველოდოთ საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო კვირას.