კიდევ ერთი წარმატებული ქართული ექსპედიცია პაკისტანში
კიდევ ერთი წარმატებული ქართული ექსპედიცია პაკისტანში
14.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პაკისტანში, ჰინდიქუშის რეგიონში ქართველები დაბრუნდნენ. ამჯერად გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი, ექსპედიციაში, მეგობრისა და მეწყვილის, არჩილ ბადრიაშვილის გარეშე გაემგზავრნენ, თუმცა, ექსპედიცია მწვერვალ ლანგარზე, სწორედ, მის ხსოვნას მიუძღვნეს.


გეგმის მიხედვით, ქართველ მთამსვლელებს, თავდაპირველად, სააკლიმატიზაციო ასვლების შესრულება მოუხდათ: ჯერ, ჰინდიქუშის ულამაზეს მწვერვალზე - მუდრიჩილი, 6125 მ, რომელზეც ბიჭები 2025 წლის 13 აგვისტოს წარმატებით ავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს ამ მწვერვალზე პირველ-ასვლაა - მასზე აქამდე არავინ ასულა. ასვლამ კი, 6 დღეს გასტანა.


დღე I: ზონდრანგრამი 2620, საბაზო 3559.

დღე II: საბაზო 3559 - abc 4300, პირველი ბანაკი 4828,

დღე III: მეორე ბანაკი 5517

დღე IV: მწვერვალი 6127

დღე V: დაშვება პირველ ბანაკში 4828

დღე VI 6 დღე: დურუ 3370


შემდეგ იყო,  ლანგუტა ე ბარფი 6833 მ (,,ჰინდი კუშის პატარძალი") ბიჭებისთვის ძვირფასი მწვერვალი, რომელზეც 2021 წელს, არჩილ ბადრიაშვილს, გიორგი ტეფნაძესა და ბაქარ გელაშვილს პირველ-ასვლა ჰქონდათ პაკისტანის მხრიდან. 2025 წლის 23 აგვისტოს კი, გიორგი და ბაქარი კიდევ ერთხელ ავიდნენ ბარფის მწვერვალზე და ამჯერადაც ახალი გზით. ასვლის ქრონოლოგიიდან:


დღე I: პორტერებმა აიტანეს ბარგი (60 კგ) მოწინავე ბანაკში, საბაზო 4250 - abc 4800, დღე II: პირველი ბანაკი 6248

დღე III: მწვერვალი 6833 მ - დაშვება და ქედზე ღამისთევა 5900

დღე IV: საბაზო 4250 მ.


ექსპედიციის საბოლოო მიზანი კი, როგორც აღვნიშნეთ იყო, მწვერვალი ლანგარი (7134 მ (ინრიჩი: 7125), ბიჭებისთვის კარგად ნაცნობ და ძვირფას ორ მწვერვალს შორის მოქცეული - ერთ მხარეს ლანგუტა ე ბარფია, ხოლო მეორეზე -  სარაგრარი, ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალი 7300 მ, რომელზეც პირველად ქართველების სამეული ავიდა. მოგვიანებით კი, ამ ასვლისთვის 2022 წელს, მსოფლიო ოქროს წერაყინი - Piolets d'Or დაიმსახურა.


აღნიშნულ მწვერვალზე ასვლას არჩილ ბადრიაშვილი 2024 წლის ზაფხულში გეგმავდა, ლანგარისკენ ექსპედიცია უკვე დაგეგმილი იყო და ყველა საორგანიზაციო დეტალო მოგვარებული, თუმცა, საქართველოს მთებში მოხდა გაუთვალისწინებელი - არჩილი შხელდაზე მეხმა იმსხვერპლა.


2025 წლის აგვისტოში, არჩილის გარეშე, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა მთა დეტალურად შეისწავლეს და 7134 მეტრი სიმაღლის მწვერვალზე, რომელზეც 2334 მეტრი ვერტიკალი  (მეექვსე კატეგორია) იყო გასავლელი, 2 სექტემბერს ავიდნენ. საერთო ჯამში, მთაზე ჩაბმამ ოთხი დღე იმუშავა.


დღე I: abc 4800 - 1st camp 5400

დღე II: camp 2- 5850

დღე III: camp 3 - 6500

დღე IV: მყინვარის ბოლო წერტილი 5200 - კედელი


როგორც საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის სოციალური ქსელი, არჩილ ბადრიაშვილის დის, რუსუდან ბადრიაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, გიორგი და ბაქარი უკვე საქართველოსკენ გზაზე არიან და დამატებით ინფორმაციას, მათი ჩამოსვლის შემდეგ გავიგებთ.


მთიდან, კარგი ამბები ხომ როგორც წესი, ოდნავ დაგვიანებით მოდის.

 


ფოტო: ექსპედიციის ფოტოები