
დღეს, დაახლოებით 15:00 საათიდან „დინამო არენაზე", მედია სივრცე დაიწყებს მუშაობას და საქართველო-თურქეთის მატჩზე აკრედიტებულ მედიას მოემსახურება. გრაფიკით, ქვეყნის მთავარ სტადიონზე მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის პირველი შეხვედრის წინ, საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების პრესკონფერენცია გაიმართება. „დინამო არენაზე" ივარჯიშებს ჩვენი ნაკრებიც და მედიის წევრებისთვის 15 წუთი ღია იქნება. აი, რაც შეეხება ჩვენს მოწინააღმდეგეს, მათ მატჩის წინა ბოლო ვარჯიში სტამბოლში რივაში, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრში ჩაატარეს. ახლა დაისვენებენ და მოგვიანებით, ჩარტერული რეისით, თბილისში გადმოფრინდებიან.
მანამდე კი, სასტუმრო „პარაგრაფში", სადაც საქართველოს ნაკრები არის დაბანაკებული, ეროვნული გუნდის ახალწვეულებს, გიორგი აბუაშვილს, ნოდარ ლომინაძესა და გიორგი კვერნაძეს, ტრადიციული სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
პარალელურად ცნობილი გახდა მსაჯთა ბრიგადა რომელიც 4 სექტემბრის თამაშს მოემსახურებიან. ყველა მსაჯი, VAR-ის ბრიგადასთან ერთად იტალიიდანაა და როგორც ჩვენგან ხვიჩა კვარაცხელიას, ასევე მოწინააღმდეგე გუნდიდან ჰაქან ჩალჰანოლუსა და ქენან ილდიზს კარგად იცნობენ. ისე ამ მხრივ, იტალიელებთან გაშინაურებული საბა გოგლიჩიძე, ლუკა ლოჩოშვილი დ გიორგი კვერნაძე ჩვენც გვყავს... მთავარი მსაჯი დავიდე მასსა იქნება, მას მიეხმარებიან ფილიპო მელი და სტეფანო ალასიო. მეოთხე მსაჯი იქნება მატეო მარჩენარო. VAR-ის ოთახში კი, მარკო დი ბელო და დანიელე დოვერი იმუშავებენ.
დარჩით ჩვენს გვერდზე და დაელოდეთ სიახლეებს.