
ხვალ, საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე" ივარჯიშებს. მედიისთვის 15 წუთი, ტრადიციულად ღია იქნება და ჩვენც შევეცდებით, მაქსიმალურად მოგაწოდოთ ფოტოები იმ ვარჯიშიდან. მანამდე კი, ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე მეორედ ივარჯიშა. ამჯერად, ფრანგი სპეციალისტის განკარგულებაში სრული შემადგენლობა იყო.
სფფ-ის ფედერაციის მიერ გავრცელებული ფოტო-რეპორტაჟიდან თუ ვიმსჯელებთ, გუნდში, განწყობა არის. ახლა, მთავარია ბიჭებმა ერთმანეთი „გაიხსენონ" და „დინამო არენის" მაგიისაც ირწმუნონ - ამ სტადიონზე ხომ ბოლო წლებია საოცრებები ხდება.
„ყოველთვის ველოდებით სანაკრებო პაუზას. ერთმანეთის ნახვა, საქართველოში თამაში ძალიან გვიხარია. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება და მაქსიმალურად მომზადებული ვართ. მეტოქეები მაღალი დონის გვყავს და ყველაფერი სტადიონზე გადაწყდება. მაყურებელთან ერთად თავს არ დავზოგავთ. მთელი საქართველო ჩვენს გვერდით იქნება და ვეცდებით, რომ იმედები არ გავუცრუოთ ჩვენს გულშემატკივარს.
თურქეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელები ჰყავთ და ძალიან რთული თამაში გველის. მოლოდინი გაზრდილია და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ვარჯიშებზე, უნდა გადავიტანოთ სტადიონზე და სასურველ შედეგს მივიღებთ", - ამბობს ზურიკო დავითაშვილი, რომელიც ქართული გუნდიდან ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც ახლა სეზონში სათანადო სათამაშო დრო მიეცა.
![]() |
![]() |
აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალვე „დინამო არენაზე" ქართულ და თურქულ მედიას, ჩვენი და მოწინააღმდეგე გუნდის მთავარი მწვრთნელები ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე შეხევდებიან. საინტერესოა, ახალი სეზონის სტარტზე 3-3 სანაკრებო ვარჯიშის შემდეგ, რა მოლოდინები აქვთ მწვრთნელებს.